Monday, November 9, 2009

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2009 წლიდან ყოველწლიურად ჩატარდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყველა საგანში.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

სასკოლო ოლიმპიადის მიზნებია: საშუალო სკოლაში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა, სასწავლო პროცესის სტიმულირება, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, მოსწავლეების წახალისება, საქართველოს ნაკრების კანდიდატთა შერჩევა.

2010 წელს სასკოლო ოლიმპიადები ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ინფორმატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა (ინგლისური, რუსული, გერმანული და ფრანგული ენები).
ოლიმპიადა ეფუძნება არსებულ სასწავლო გეგმას.

ოლიმპიადა ჩატარდება 3 ტურად: 1. შესარჩევი ტური რაიონულ დონეზე, 2. რეგიონული ტური 3. დასკვნითი ტური.

ოლიმპიადაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს მსურველს, მიუხედავად აკადემიური მოსწრებისა.

მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ რამდენიმე საგნობრივ ოლიმპიადაში.

პირველი ტურისათვის მოსწავლეთა რეგისტრაცია მოხდება უშუალოდ სკოლებში. რეგისტრაცია იწარმოებს 14 ნოემბრის ჩათვლით.

ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება ყველა რაიონულ ცენტრში.
ინფორმაციას პირველი ტურის ჩატარების ადგილსა და სხვა პროცედურულ საკითხებზე მონაწილეები მიიღებენ სკოლებში.

შედეგები განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

ოლიმპიადის II და III ტურები ჩატარდება თბილისში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010

2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა გათვალისწინებული:

1. ყველა აბიტურიენტი 4 გამოცდას ჩააბარებს, აქედან 3 ყველასათვის საერთო იქნება (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა). მეოთხე გამოცდას ფაკულტეტი აირჩევს შემდეგი ნუსხიდან: მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა.
2. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოცდა და ისტორია-საზოგადოებრივი მეცნიერებების გამოცდა დაიყო ცალკე გამოცდებად: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია.
ფაკულტეტს შეუძლია აირჩიოს არა ერთი, არამედ რამდენიმე (ყველა) არჩევითი გამოცდა და დააწესოს კვოტა თითოეული გამოცდის შედეგით მისაღები კონტინგენტისთვის. მაგალითად: სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტს შეუძლია მეოთხე გამოცდად აირჩიოს არა მხოლოდ ბიოლოგია ან მხოლოდ ქიმია, არამედ ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია.
ასეთ შემთხვევაში ფაკულტეტი იმთავითვე განსაზღვრავს, თუ როგორ გაანაწილებს ადგილების რაოდენობას შესაბამისი გამოცდების მიხედვით. მაგალითად: თუ ერთ–ერთ ფაკულტეტზე მისაღები ადგილების რაოდენობაა 120, ფაკულტეტი აცხადებს, რომ 120–დან 30 ადგილზე მიიღებს აბიტურიენტებს, რომლებმაც ფიზიკა ჩააბარეს, 40–ზე მათ, ვინც ქიმია ჩააბარა, დანარჩენ ადგილებზე კი იმ აბიტურიენტებს, ვინც ბიოლოგია ჩააბარა. ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტი ირჩევს მითითებულიდან რომელიმე ერთ (ან რამდენიმე) გამოცდას.
ვთქვათ, იმ აბიტურიენტთაგან, რომლებაც ამ კონკრეტულ ფაკულტეტზე გააკეთეს განაცხადი და მეოთხე გამოცდად ფიზიკა ჩააბარეს, ჩაირიცხა 24. დარჩენილი 6 ადგილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წინასწარ გამოყოფილი კვოტებით შეივსება იმ აბიტურიენტებით, რომლებიც ამავე ფაკულტეტზე აბარებდნენ მეოთხე გამოცდად ქიმიას ან ბიოლოგიას და ვერ ჩაირიცხნენ ამ გამოცდებისათვის განკუთვნილ ადგილებზე.
3. იცვლება სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესი.
სახელმწიფო გრანტი კვლავ სრული და ნაწილობრივი (100%, 70%, 50% და 30%–იანი) იქნება, თუმცა 2010 წლიდან სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა არა მხოლოდ ზოგადი უნარების, არამედ ყველა გამოცდის (სავალდებულო გამოცდებისა და ერთ-ერთი არჩევითი გამოცდის) შედეგის მიხედვით, სადაც ზოგადი უნარების გამოცდის შედეგს ექნება წონა (კოეფიციენტი) 1,5. მაგალითად:
თუ აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 169,1, ზოგად უნარებში 165,7, უცხოურ ენაში 164,8 და მათემატიკაში 164,0 მისი საგრანტო ქულა იქნება 169,1 + 165,7X1,5 + 164,8 + 164,0 = 746,45

745,45 იქნება აბიტურიენტის საგრანტო ქულა, რომლითაც ის კონკურენციას გაუწევს სხვა აბიტურიენტებს დაფინანსების მოსაპოვებლად შემდეგი პრინციპით:

სახელმწიფო დაფინანსების გაცემა მოხდება არა ერთიანი რეიტინგული სიის მიხედვით, არამედ ყოველი არჩევითი საგნისთვის (მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა) შედგება საგრანტო ქულაზე დაფუძნებული რეიტინგული სია და კონკრეტული არჩევითი საგნისთვის გამოყოფილი თანხა ამ რეიტინგული სიის მიხედვით განაწილდება. მაგალითად: დაფინანსების მოსაპოვებლად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს ყველა აბიტურიენტი, რომელმაც ჩააბარა მათემატიკა, ზუსტად ასევე ერთმანეთს შეეჯიბრებიან აბიტურიენტები, რომლებმაც ჩააბარებს ქიმია, ან ლიტერატურა და ა.შ.

აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის 7% თანაბრად განაწილდება ყოველ არჩევით საგანზე (მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა - თითოეულზე 1%). დარჩენილი 93% – პროპორციულად განაწილდება აბიტურიენტების მიერ არჩევითი საგნის არჩევის რაოდენობის შესაბამისად (ე.წ. კონკურსის შესაბამისად).

თუ აბიტურიენტი ჩააბარებს რამდენიმე არჩევით საგანს, მისი დაფინანსება მოხდება იმ არჩევითი საგნის სკალირებული ქულის შესაბამისად, რომლითაც ის მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე.

თუ აბიტურიენტი ჩააბარებს ფაკულტეტის მიერ მოთხოვნილ ორ ან მეტ არჩევითი საგნის გამოცდას, ის დაფინანსების კონკურსში მონაწილეობას მიიღებს იმ არჩევით საგანში მოპოვებული სკალირებული ქულით, რომლითაც მეტ დაფინანსებას მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომელი გამოცდის შედეგით ჩაირიცხება ამ ფაკულტეტზე.

თუ რომელიმე მიმართულებისათვის გამოყოფილი თანხა ბოლომდე ვერ იქნება ათვისებული, დარჩენილი რაოდენობა პროპორციულად გადანაწილდება არჩევით საგნებს შორის.

4. მიუხედავად იმისა, თუ რამდენია საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა (100, 80 ან სხვ.), მინიმალური კომპეტენციის ზღვარი იქნება მაქსიმალური ქულის 25% (უცხო ენებისათვის 20%). შესაბამისად, აბიტურიენტმა უნდა მიიღოს მაქსიმალური ქულის 25%–ზე მეტი (უცხო ენებისათვის 20%–ზე მეტი), რათა გააგრძელოს კონკურსში მონაწილეობა. უმაღლეს სასწავლებელს აქვს უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
5. ზოგადი უნარების ტესტის თითოეულ ნაწილში (ვერბალური და მათემატიკური) იქნება 40 (და არა 50) დავალება, ხოლო ტესტზე სამუშაოდ აბიტურიენტებს კვლავ 3 საათი მიეცემათ. ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი 25%, ანუ 20 ქულა (აბიტურიენტმა უნდა მიიღოს მინიმუმ 21 ქულა რათა გააგრძელოს კონკურსში მონაწილეობა).
6. სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო ან საპორტი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებლად აბიტურიენტი აბარებს შესაბამის კონკურსს და 3 გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა).

აბიტურიენტი, რომელიც აბარებს სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსებას იღებს შესაბამისი კონკურსის შედეგის საფუძველზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან.

თუ აბიტურიენტი აბარებს სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტების საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სურს, მოიპოვოს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მან სავალდებულო საგნებთან ერთად უნდა ჩააბაროს მის მიერ არჩეულ არჩევითი საგნებიდან ერთი გამოცდა. არჩევითი საგნის გამოცდის ქულა გათვალისწინებული იქნება მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისთვის.

2010 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა (პროექტი)

2010 წლის ერთიან ეროვნულ საგამოცდო პროგრამის საბოლოო ვერსია გამოქვეყნდება მას შემდეგ რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ეროვნულ სასწავლო გეგმებთან ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისობის საკითხების განხილვის მიზნით შექმნილი კომისია დაასრულებს მუშაობას და კომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაამტკიცებს 2010 წლის ერთიან ეროვნულ საგამოცდო პროგრამას.

2010 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა

Microsoft აქტივაციის დღე



3 ნოემბერს შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა Microsoft live@edu და Emanuscript-ში მონაწილე სკოლის დაჯილდოება, სკოლებს (მათ შორის ჩვენს სკოლასაც) გადაეცათ სერტიფიკატები...

Followers