Monday, May 16, 2011

გამოცდები 2011

ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების მაქსიმალურ ქულების, კომპეტენციის მინიმალური ზღვრებისა და თითოეული გამოცდის ხანგრძლივობის შესახებ.


ერთიანი ეროვნული გამოცდები

საერთო სამაგისტრო გამოცდა

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

Tuesday, May 10, 2011

კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი"

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ჩატარდა მოსწავლე–გამომგონებელთა კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი". კონკურსში წარმოდგენილი იყო უამრავი ნამუშევარი სხვადასხვა სკოლიდან. მისასალმებელია, რომ ჩვენი სკოლის X–დ კლასის მოსწავლის (ფიზიკის პედაგოგი: ნ. მერლანი) მალხაზ ელბაქიძის მიერ დამზადებულმა ხელსაწყომ "შეეცადე, არ შეეხო" დიდი მოწონება დაიმსახურა და 20 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა. ნამუშევრების დათვალიერება შესაძლებელი იყო დიდუბის საგამოფენო პავილიონში. 4 მაისს გამოფენა დაათვალიერა და ნორჩი გამომგონებლების ნამუშევრები შეაფასა,საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ნამდვილად სასიხარულოა, რომ ასეთ პრესტიჟულ კონკურსში გამარჯვებულთა შორის ჩვენი სკოლის მოსწავლეცაა. ვულოცავთ მას გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს.

კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი"

კიდევ ერთი აღიარება

განათლების სისტემას რომ მომავალი თაობის აღზრდაში განუზომელი წვლილი მიუძღვის, ეს უდავოა. მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ასეთ პრიორიტეტს ანიჭებს მოსწავლეთა სწავლა–აღზრდას.
ჩვენი სკოლის პედაგოგიური კოლექტივი სწორედ ამ კეთილშობილურ საქმეს ემსახურება, განუზომელი სიამეყე და სიხარული დაგვეუფლა, როდესაც გავიგეთ, რომ ჩვენი სკოლის ხელმძღვანელი – ქ–ნ მ. ჩაგანავა დაჯილდოვდა პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით – როგორც საგანმანათლებლო სისტემის საუკეთესო მუშაკი.
ვულოცავთ ქ – ნ მარინას ამ ჯილდოს, იმედი გვაქვს, მისი თავდაუზოგავი შრომა მომავალშიც ბევრჯერ აღინიშნება საპატიო ჯილდოებით.
აქვე დავძენთ, რომ ეს ორდენი ჩვენი სკოლის თითოეულმა მოსწავლემ და პედაგოგმა საკუთარ ჯილდოდაც მიიჩნია: კარგ ხელმძღვანელს, ბუნებრივია ღირსეული კოლეგები და საქმისადმი თავდადებული თანამშრომლები უდგანან გვერდში.

Monday, May 9, 2011

პედაგოგთა, მოსწავლეთა და მშობელთა საყურადღებოდ!

1-დან 6 კლასების ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო იცვლება.

Friday, May 6, 2011

დიმიტრი შაშკინმა წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროს თანამშრომლებთან გაფართოებული შეხვედრა გამართა და წარმატებულ თანამშრომლებს ღირსების ორდენი გადასცა, რომლითაც ისინი საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა.

ღირსების ორდენი წარმატებული საქმიანობისთვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელს ნათია პაპავას, გადაეცა ღირსების ორდენით ასევე დაჯილდოვდნენ:

  • სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი;
  • ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმის წარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ციური გიორგაძე;
  • ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ირმა ძიძიგური;
  • ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განათლების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მაყვალა კურდღელია;
  • თბილისის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ამირან ჯამაგიძე;
  • თბილისის №94-ე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ჩაგანავა;
  • ა. რაძმაძის სახელობის ქუთაისის №41-ე საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი;
  • თბილისის №161-ე საჯარო სკოლის გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ალექსი კალანდაძე;
  • სსიპ გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოგისტიკის ჯგუფის მთავარი ლოგისტი მაია გაბუნია;

დაჯილდოებულ თანამშრომლებს მინისტრმა მადლობა გადაუხადა წარმატებული მოღვაწეობისთვის და სამინისტროს საქმიანობის პროცესში მათ ღვაწლზე ისაუბრა.

შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა ასევე განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები შეაფასა და თანამშრომლებს სამომავლო გეგმები გააცნო. მიმდინარე ინოვაციური პროექტებიდან გამომდინარე, მან სამინისტროს როლზე და მის დაქვემდებარებაში შემავალ ყველა უწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სიახლეების დანერგვის პროცესში გამჭვირვალობას, საზოგადოების სწორად ინფორმირებასა და ჩართულობას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელება, მინისტრის თქმით, თითოეული თანამშრომლის საქმიანობაზეა დამოკიდებული.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რომელიც განათლების სფეროს წარმომადგენელებს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება, მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.

Thursday, May 5, 2011

მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩი” გამარჯვებულები დააჯიდოვეს.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანპრი პროექტისთვის „რობოტი მზესუმზირა” კომაროვის ფიზიკა–მათემატიკური სკოლის მოსწავლეებს დავით ბულისკირიას და ლევან გაბისონიას გადაეცათ. ისინი მიმდინარე წლის ივლისში ინგლისში 4-კვირიანი სასწავლო ტურით გაემგზავრებიან. X-XII კლასების ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილითა და 5 000 ლარით პროექტის “საგანგაშო ღილაკი” ავტორი დიმიტრი კოლოტაური (სოფელ დიღმის სკოლა), მეორე ადგილითა და 3 000 ლარით პროექტის “ზამბარიანი რეოსტატი” ავტორი ლაშა ხუციშვილი (ახალციხის N5 საჯარო სკოლა) და მესამე ადგილითა და 2 000 ლარით პროექტის “მოძრაობის მაგნიტური გამაძლიერებელი” ავტორი ლაშა ჩალაძე (სოფ. აფენის N1 საჯარო სკოლა) დაჯილდოვდნენ.

VII-IX კლასების ასაკობრივ კატეგორიაში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი და 5 000 ლარი პროექტის “სახლის სეისმოგრაფი” ავტორი გიორგი მეშველიანი (კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა), მეორე ადგილი და 3 000 ლარი პროექტის “მწვანე უცხოპლანეტელი - 25” ავტორი თემურ ჩიჩუა (N4 საჯარო სკოლა), მესამე ადგილი და 2 000 ლარი პროექტის “წიგნი: რა ვაკეთოთ თავისუფალ დროს” ავტორი ლუკა მარკოზაშვილი (N31 საჯარო სკოლა). ასევე დასაჩუქრდნენ გრანპრისა და პირველ ადგილებზე გასული პროექტების წარმომდგენი სკოლები, ყველა მათგანს ინტერაქტიული დაფა(smartboard) გადაეცა.

სამინისტროს მიერ კონკურსში მონაწილე ყველა პროექტის ავტორი დიპლომებით დაჯილდოვდა. ფავორიტი პროექტები კომპანიამ “ბილაინი” დააჯილდოვა, რომელმაც პროექტების “სარკინიგზო რელსების ორიგინალური გადაბმა” და “SMART-ივი განათების” ავტორებს მობილური ტელეფონები, პროექტის “ბარნაბა” ავტორს კი USB მოდემი გადასცა. ერთთვიან სტაჟირებას გაივლის კომპანია “ვისოლ ჯორჯია პეტროლიუმში” პროექტის “ფიზიკის ელექტრონული ლექსიკონი” ავტორი სალომე ყოფიანი. 10 პროექტის ავტორი დააჯილდოვა ჯურნალმა “ჯუნიორმა” ერთწლიანი უფასო ხელმოწერით, გამომცემლობა “ლოგოს პრესმა სამეცნიერო-შემეცნებითი წიგნები “ლეონარდო და ვინჩი” და “მარკო პოლო” 19 მონაწილეს გადასცა.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში ინოვაციური პროექტების გამოფენა ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში მეორე დღეა მიმდინარეობს. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანი იყო მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების გამოვლენა, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით მათთვის სტიმულის მიცემა.

მოსწავლეთა ინოვაციური ნამუშევრების გამოფენა დღეს დაიხურება.



კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი"

5 მაისს, 12 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” გამარჯვებულ 7 საუკეთესო პროექტის ავტორ მოსწავლეებს მედლებით, დიპლომებით, ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოვებს. გრანპრის მფლობელი კი, სასწავლო-შემეცნებითი ტურით ევროპაში, კერძოდ, ინგლისში გაემგზავრება.

ადგილი: ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონი №11;
მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ.. №118

Wednesday, May 4, 2011

ინოვაციური პროექტების გამოფენა პრეზიდენტმა დაათვალიერა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში მოსწავლეთა მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტების გამოფენას გაეცნო. გამოფენა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში გაიმართა.

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ჩატარდა და მისი მიზანი იყო მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების გამოვლენა, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით მათთვის სტიმულის მიცემა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს სკოლების ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლო როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. კონკურსი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა: VII-IX კლასები, X-XII კლასები. კონკურსანტს უნდა წარმოედგინა საკონკურსო განაცხადი გამოგონების ტექსტუალური აღწერილობით და ილუსტრაცია ნახაზის ან მოდელის სახით.

კონკურსის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლებში ერთი თვის განმავლობაში საჯარო ლექციები მიმდინარეობდა. მასში სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების 50-მდე მეცნიერი, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობდა. ლექციები ძირითადად აინშტაინის პროგრამის ფარგლებში აღჭურვილ ლაბორატორიებში ჩატარდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

კონკურსში ჩაერთვნენ საქართველოს ყველა რეგიონის მოსწავლეები. ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებებით, ასევე გამოგონებები იყო სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკის და საინჟინრო სფეროებში.

საკონკურსო კომისიის მიერ 7 საუკეთესო პროექტი შეირჩა, რომელთა ავტორებიც მედლებით, დიპლომებით, ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან. გრანპრის მფლობელი სასწავლო-შემეცნებითი ტურით ევროპაში, კერძოდ, ინგლისში გაემგზავრება. პირველ ადგილზე გასული პროექტი დაჯილდოვდება 5 000 ლარით, მეორე ადგილი - 3 000 ლარით, ხოლო მესამე - 2 000 ლარით.

საკონკურსო განაცხადებში შემოსული ყველაზე საინტერესო და ინოვაციური პროექტები კი, ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში გამოიფინა. ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი პროექტების ავტორები აკეთებენ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციებს და პასუხობენ დამთვალიერებლის კითხვებს. გამოფენას ესწრებიან როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეები.

Monday, May 2, 2011

გამოსაშვები გამოცდები

ვებ პორტალი, 110407029, 07.04.2011

სარეგისტრაციო კოდი

430190000.22.022.016087

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №48/ნ

2011 წლის 7 აპრილი ქ. თბილისი

სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ტ3” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესი და პირობები”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი ა। სეფერთელაძე


სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესი და პირობები

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს სკოლის გამოსაშვები გამოცდების (შემდგომში – გამოცდების) ჩატარების წესსა და პირობებს.

მუხლი 2. გამოცდის სამართლებრივი შედეგები

გამოცდების შედეგების საფუძველზე, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა, გამოვლინდებიან ის პირები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტის დადასტურებისას მიიღებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს.

თავი II

გამოცდა

მუხლი 3. გამოცდაზე გასვლის უფლების მქონე პირები

1. გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ექსტერნის ფორმით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და რომელიც ამ წესით დადგენილი პროცედურებით გამოთქვამს სურვილს გამოცდებში მონაწილეობის შესახებ.

2. გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის მოსწავლე/ექსტერნი, რომელიც გამოცდებზე გასვლის მიზნით დარეგისტრირდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების –საგანმანათლებლო რესურსცენტრებში (შემდგომში – რესურსცენტრი), მაგრამ შესაბამის წელს ვერ დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს.

მუხლი 4. გამოცდის ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი), გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც სწავლობენ განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით სპეციალიზებულ სკოლებში, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფს გამოცდის ჩაბარებას მათ მიერ დადგენილი პროცედურების მიხედვით.

3. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებისა და მე-6-მე-16 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სკოლების მიერ ჩატარებულ გამოცდებზე.

4. საჯარო სკოლა, რომელიც სპეციალიზდება განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის) და სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით, ვალდებულია მოამზადოს საგამოცდო პროგრამა შესაბამისი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის და შეიმუშაოს გამოცდის ჩაბარების პროცედურა, რომელიც დამტკიცდება დირექტორის სამართლებრივი აქტით.

მუხლი 5. საგამოცდო საგნები და საგამოცდო ენა

1. გამოცდები ტარდება შემდეგ საგნებში:

ა) სახელმწიფო ენა:

ა.ა) ქართული ენა და ლიტერატურა;

ა.ბ) ქართული, როგორც მეორე ენა იმ პირებისთვის, რომლებიც სწავლობენ არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან რომლებმაც ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლიეს რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე;

ბ) მათემატიკა;

გ) შემდეგი უცხოური ენებიდან ერთ-ერთში:

გ.ა) ინგლისური ენა;

გ.ბ) გერმანული ენა;

გ.გ) რუსული ენა;

გ.დ) ფრანგული ენა;

დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები:

დ.ა) ისტორია;

დ.ბ) გეოგრაფია;

ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

ე.ა) ფიზიკა;

ე.ბ) ქიმია;

ე.გ) ბიოლოგია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოური ენებიდან გამოცდაზე გასვლის მსურველი პირი (შემდგომში – პირი) ირჩევს იმ უცხოურ ენას, რომლის საფუძველზეც მას სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური/ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე ჩაეთვალა/ჩაეთვლება დაძლეულად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებში გამოცდები ტარდება ქართულ ენაზე, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

4. პირი, რომელიც სწავლობს არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან რომელმაც ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლია რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, ,,დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნები ჩააბაროს ქართულ, რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, რის თაობაზეც მან უნდა მიუთითონ რეგისტრაციის დროს.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირი საგამოცდო ენად აირჩევს ქართულ ენას, ის ვალდებულია გამოცდაზე სახელმწიფო ენად ჩააბაროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქართული ენა და ლიტერატურა.

თავი III

გამოცდის დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესი

მუხლი 6. გამოცდის დაგეგმვასა და ორგანიზებაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები

1. გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით სამინისტრო:

ა) შესაბამისი წლის 10 მარტამდე ცენტრს ელექტრონული ფორმით გადასცემს იმ პირთა თაობაზე ინფორმაციას, რომლებიც სწავლობენ დამამთავრებელ კლასში და დარეგისტრირებულნი არიან ექსტერნად, აგრეთვე ინფორმაციას იმ პირების თაობაზე, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარეს გამოცდები. ინფორმაცია მოიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) პირის სახელს, გვარს, პირად ნომერს;

ა.ბ) კონკრეტული პირის მიხედვით იმ უცხოური ენების ჩამონათვალს, რომლის საფუძველზეც პირი მოიპოვებს ან პირს მოპოვებული აქვს გამოცდებში მონაწილეობის მიღების უფლება;

ბ) გადასცემს ცენტრს ინფორმაციას იმ მოსწავლეების შესახებ, რომელთაც აღენიშნებათ ფიზიკური შეზღუდვა და ესაჭიროებათ გარემოს ადაპტაცია.

გ) შესაბამისი წლის 10 მაისამდე ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, ცენტრს ელექტრონული და წერილობითი ფორმით გადასცემს იმ პირთა თაობაზე ინფორმაციას, რომლებსაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური/ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის გამოცდა ჩაეთვლება დაძლეულად;

დ) შესაბამისი წლის 10 აპრილამდე უზრუნველყოფს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევას, რომელშიც ჩატარდება გამოცდები. აგრეთვე დარეგისტრირებული პირების მონაცემებზე დაყრდნობით, ცენტრის წინადადებების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს შერჩეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირების გადანაწილებას;

ე) გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგს;

ვ) უზრუნველყოფს ცენტრის მიერ წარდგენილი საგამოცდო პროგრამის დამტკიცებას;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო:

ა) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფას;

ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით ცენტრი:

ა) უზრუნველყოფს გამოცდებში მონაწილე პირთა ბაზების ფორმირებას;

ბ) უზრუნველყოფს გამოცდებისთვის თითოეული საგნის შესაბამისად სხვადასხვა სირთულის დავალებებს შემუშავებას;

გ) ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე უზრუნველყოფს საგამოცდო პროგრამის შემუშავებასა და სამინისტროში წარდგენას;

დ) უზრუნველყოფს საცდელი გამოცდების ჩატარებას, რომლის საფუძველზეც დგინდება დავალებების საბოლოო ფორმატი და დავალებებზე სამუშაო დრო;

ე) უზრუნველყოფს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციისთვის სპეციალური პროგრამის შემუშავებას;

ვ) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შემოწმებასა და მონიტორინგს;

ზ) უზრუნველყოფს გამოცდების ჩატარებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;

თ) უზრუნველყოფს შესაბამისი გარემოს შექმნას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებითვის, რომელთაც აღენიშნებათ გარკვეული ფიზიკური შეზღუდვა (სარგებლობს ეტლით, დარღვეული მოტორიკის გამო უჭირს ხელების გამოყენება და სხვა). საჭირობის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს მათთვის საგამოცდო დროის დამატებას ან/და შესაბამისი დახმარების გაწევას (მათ შორის, ასისტენტის დახმარებას).

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით რესურსცენტრი:

ა) ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში უზრუნველყოფს ექტერნების და იმ პირების, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარეს გამოცდები, გამოცდებზე რეგისტრაციას;

ბ) ხელს უწყობს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და ცენტრს გამოცდების ჩატარებაში;

გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება:

ა) ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში უზრუნველყოფს მოსწავლეების ინფორმირებასა და გამოცდებზე რეგისტრაციას;

ბ) გადასცემს სამინისტროს ინფორმაციას იმ მოსწავლეების შესახებ, რომელთაც აღენიშნებათ ფიზიკური შეზღუდვა და ესაჭიროებათ გარემოს ადაპტაცია.

გ) ვალდებულია სამინისტროს მიმართვის შემთხვევაში გამოყოს შესაბამისი შენობა ან მისი ნაწილი;

დ) ვალდებულია გამოცდების დაგეგმვისა და მიმდინარეობის დროს შეასრულოს ცენტრის თანამშრომლების მითითებები;

ე) გამოცდების პერიოდში ვალდებულია დაიცვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წესრიგი და არ დაუშვას გამოცდებისთვის გამოყოფილ შენობაში/მის ნაწილში სხვა პირების დაშვება, გარდა ცენტრის მიერ მივლენილი პირებისა;

ვ) ვალდებულია დაიცვას და არ დააზიანოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული ცენტრის ქონება;

ზ) მატერიალურად არის პასუხისმგებელი სამინისტროს და ცენტრის იმ მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობებზე, რომელიც ინახება და გამოიყენება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცდების პროცესში;

თ) ვალდებულია ხელი შეუწყოს ცენტრის მიერ საცდელი გამოცდების ჩატარებას, მათ შორის, ცენტრის მიმართვის შემთხვევაში ცენტრს გამოუყოს შენობის ნაწილი;

ი) ვალდებულია შეასრულოს სამინისტროს/ცენტრის/რესურსცენტრის კონკრეტული მითითებები გამოცდების დაგეგმვისა და მიმდინარეობის პერიოდში;

კ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს გამოცდების ჩატარებას;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 7. რეგისტრაცია

1. ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდებზე:

ა) მოსწავლე რეგისტრირდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) ექსტერნი რეგისტრირდება იმ რესუსრცენტრში, რომელშიც დარეგისტრირდა ექსტერნად;

გ) პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარა გამოცდები, რეგისტრირდება ნებისმიერ რესურსცენტრში.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და რესურსცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

3. სპეციალურ პროგრამაში ცენტრის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების საფუძველზე, შეტანილია პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი.

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას/რესურსცენტრს, პირის მიმართვის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს მონაცემთა ბაზებში შეაქვს შემდეგი მონაცემები:

ა) პირის ტელეფონის ნომერი;

ბ) უცხოური ენა, რომლის ჩაბარების შესაძლებლობაც და სურვილიც აქვს პირს;

გ) საგამოცდო საგნის ენა.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/რესურსცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის:

ა) დასრულებამდე 5 დღით ადრე ამოწმებს სპეციალურ პროგრამაში პირის თაობაზე არსებული ინფორმაციის სისწორეს;

ბ) დასრულებისთანავე ამობეჭდავს მონაცემებს, რომელსაც დაამოწმებინებს პირს და რეგისტრაციის დასრულებიდან 3 დღის ვადაში აგზავნის ცენტრში.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სპეციალურ პროგრამაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/რესურსცენტრის მიერ ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.

7. თუ პირი არ დაამოწმებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ამონაბეჭდში მის თაობაზე არსებულ მონაცემებს იმ მიზეზით, რომ:

ა) მას სურს უცხოური ენის ან/და საგამოცდო ენის შეცვლა – პირს რეგისტრაცია გაუუქმდება;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას/რესურცენტრს შეცდომით აქვს მითითებული უცხოური ენა ან/და საგამოცდო ენა – ცენტრი უზრუნველყოფს პირისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/რესურცენტრის მომართვის შემთხვევაში სპეციალურ პროგრამაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას.

მუხლი 8. მონაცემთა ბაზა და მოსაწვევები

1. გამოცდების ჩატარების მიზნით, ცენტრი სამინისტროდან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და რესურცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების შექმნას, რომლის საფუძველზე ხდება გამოცდების დაგეგმვა.

2. პირის თაობაზე საბოლოო მონაცემების შეგროვების შემდეგ, თითოეულ პირზე, რომელმაც ამ წესით დადგენილი პროცედურებით გაიარა რეგისტრაცია, გაიცემა მოსაწვევი, რომელშიც პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც გამოცდებს აბარებს პირი, გამოცდების ჩატარების თარიღები და გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

მუხლი 9. გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი

1. გამოცდები ტარდება ცენტრის წარდგინებით, სამინისტროს მიერ დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.

2. ფორს-მაჟორის, გამოცდის დროს ისეთი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო ცენტრის ბრალეულობით ან სხვა გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ახალი ვადა და ადგილი.

თავი IV

გამოცდის პროცესი

მუხლი 10. გამოცდის მიმდინარეობა

1. პირმა მოსაწვევში მითითებულ დაწესებულებაში გამოცდაზე გასვლის მიზნით უნდა გაიაროს რეგისტრაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისას პირი ვალდებულია წარადგინოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი და ცენტრის მიერ გაცემული მოსაწვევი.

3. გამოცდა მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურით.

4. გამოცდისთვის გამოყოფილ დროს საგნის შესაბამისად, აგრეთვე სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ადგენს ცენტრი.

მუხლი 11. მონაწილის მოვალეობები

1. გამოცდების ჩაბარების მიზნით, პირი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს შესაბამის დაწესებულებაში რეგისტრაციაზე და თან იქონიოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

2. გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ პირი გამოცდაზე არ დაიშვება.

3. ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული პირი გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ან/და შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ.

4. გამოცდაზე გამოუცხადებლობა პირს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა, გამოცდაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.

5. გამოცდის დროს მოსწავლეს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;

გ) ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;

დ) საჭიროების შემთხვევაში სხვა ნივთები, ცენტრის წინასწარი თანხმობით.

6. გამოცდის დროს პირს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;

ბ) დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება, გარდა ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;

გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა პირისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

ე) მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე.

7. ცენტრი უზრუნველყოფს გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.

მუხლი 12. გამოცდის დროს წესის დარღვევა

1. გამოცდის დროს პირი მიიღებს გაფრთხილებას ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

2. ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში პირი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

3. გაფრთხილების გარეშე პირის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:

ა) ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.

4. გაფრთხილების გარეშე პირის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

მუხლი 13. საგამოცდო პროცესზე დასწრება

1. გამოცდის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ ცენტრის თანამშრომელთა და იმ პირთა ყოფნა, რომლებსაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს გამოცდის მიმდინარეობას, მათ ეკრძალება გამოცდის შინაარსთან დაკავშირებით გამოცდაში მონაწილე პირთა დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.

თავი V

გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვა

მუხლი 14. საპრეტენზიო კომისია

1. გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება ცენტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ.

2. საპრეტენზიო კომისია იხილავს გამოცდის მხოლოდ პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.

მუხლი 15. საპრეტენზიო კომისიის რეგლამენტი

1. საპრეტენზიო კომისია სხდომას იწვევს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.

2. საპრეტენზიო კომისიის სხდომებს უძღვება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

3. საპრეტენზიო კომისია პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში.

4. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საპრეტენზიო კომისიის გადაწვეტილებები მიიღება კომისიის დამსწრეთა უმრავლესობით.

5. საპრეტენზიო კომისიის სხდომის საფუძველზე მიიღება საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.

6. საპრეტენზიო კომისიის მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს, საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საპრეტენზიო კომისიის ერთ-ერთი წევრი.

მუხლი 16. გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება

1. გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე პირი უფლებამოსილია გამოცდის დღეს 21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო კომისიას.

2. პრეტენზიის წარდგენისას პირმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ცენტრის მიერ გაცემული მოსაწვევი.

3. გამოცდების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი პირის უფლებების დარღვევას სხვა პირების მიერ;

ბ) სხვა პირის მიმართ გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას სხვა პირების მიერ (პირისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).

4. ცენტრი გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს პირს.

5. საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები;

ა) პირის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე;

ბ) პირის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე/ახალი გამოცდის ჩატარების თაობაზე.

თავი VI

საბოლოო შედეგები

მუხლის 17. საბოლოო შედეგები

1. გამოცდების ჩატარებიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 20 ივნისისა:

ა) ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ერთიანი სია გამოცდების შედეგების შესახებ და იგზავნება სამინისტროში:

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, რომელიც სპეციალიზირდება განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის) და სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით, დირექტორის სამართლებრივი აქტით მტკიცდება გამოცდაში მონაწილე მოსწავლეების/ექსტერნების სია გამოცდების შედეგების შესახებ და იგზავნება სამინისტროში.

2. გამოცდების წარმატებით ჩაბარება გულისხმობს მინისტრის მიერ დადგენილი სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასების მიღებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა გამოცდების ჩატარების შემდგომ.

4. პირს უფლება აქვს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ცალკეულ საგანში ამ მუხლის შესაბამისად მიღებული დადებითი შეფასება გამოიყენოს უვადოდ.

თავი VII

გარდამავალი დებულებანი

მუხლი 18. გარდამავალი დებულებები

1. ამ წესის ძალაში შესვლამდე სამინისტროს, ცენტრის, რესურსცენტრისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2011 წლის გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად განხორციელებულად.

2. სამინისტროს და ცენტრს უფლება აქვს 2011 წლის გამოცდებისთვის დაადგინოს ამ წესიდან განსხვავებული ვადები.

3. ის ექსტერნები, რომლებიც ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №15/ნ ბრძანების საფუძველზე სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის და ამ კლასში შემავალი ცალკეული საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებზე დარეგისტრირდნენ ექსტერნად და ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, 2011 წლის გამოცდაზე გადიან მხოლოდ ამ წესით გათვალისწინებულ იმ საგნებში, რომლებშიც ვერ დააგროვეს სათანადო ქულები.

სკოლის დირექტორებისა და რესურცენტრებისთვის საჭირო ინფორმაცია

სკოლის დირექტორებმა 2011 წლის 5 მაისამდე უნდა ამობეჭდონ ქვემოთ მოცემული ცხრილი რაიონის მიხედვით (მაგ.: თუ თქვენი სკოლა მდებარეობს ვაკე-საბურთალოს რაიონში, მაშინ უნდა ამობეჭდოთ მხოლოდ ვაკე–საბურთალოს რაიონი, ხოლო თუ სკოლა მდებარეობს ხულოში, მაშინ უნდა ამობეჭდოთ მხოლოდ ხულოს რაიონი), რომელშიც მითითებული იქნება სკოლა და გამოსაშვები გამოცდებისთვის კონკრეტულ სკოლაში საჭირო კომპიუტერების რაოდენობა. ცხრილის ამობეჭდვის შემდგომ დირექტორმა თავისი სკოლის ნომრის გასწვრივ უნდა მიუთითოს, რომ აღნიშნულ სკოლაში ნამდვილად არის ან არ არის ცხრილში მოცემული კომპიუტერების რაოდენობის შესაბამისი კომპიუტერული ქსელის გამანაწილებელი. სკოლის დირექტორი ვალდებულია, ეს ცხრილი გადაუგზავნოს მისი რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც მოცემულ დოკუმენტაციას 2011 წლის 7 მაისამდე მიაწვდის გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

ცხრილი

Sunday, May 1, 2011

შანშე ქენქაძე

ქენქაძე შანშე (XII–ა კლასი) საგნობრივ ოლიმპიადაზე ისტორიაში დაიკავა III ადგილი. იგი ფულადი პრემიით დააჯილდოვა პარლამენტის თავმჯდომარემ და განათლების და მეცნიერების მინისტრმა .
ვულოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს.

Followers