Wednesday, September 28, 2011

მინისტრმა მოსწავლეებს კომპიუტერული ქარხანა დაათვალიერებინა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა №94-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებთან ერთად კომპიუტერული ქარხანა ”ალგორითმი” დაათვალიერა. მოსწავლეები კომპიუტერების აწყობის პროცესს გაეცნენ და პირადად ნახეს, თუ როგორ იტვირთება ის პროგრამები, რომლებსაც სკოლაში კომპიუტერის დახმარებით სწავლობენ.

კომპიუტერული ქარხნის დათვალიერების სურვილი მოსწავლეებმა თავად გამოთქვეს. მინისტრმა კი ბავშვებს თხოვნა შეუსრულა და ქარხანა თავად დაათვალიერებინა.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით წელს 60 ათასამდე პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს ქარხანა ”ალგორითმში” აწყობილი კომპიუტერი გადაეცა. აღნიშნულ ქარხანაში ჩაიტვირთა ის პროგრამებიც, რომელიც კომპანია INTEL-თან თანამშრომლობით მათივე პროგრამებით სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა. მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემა მიზნად ისახავს განათლების სისტემაში მსოფლიო სტანდარტების დანერგვას, ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და მათ ინტეგრაციას განათლების საერთაშორისო სივრცეში.

სასწავლო პროცესში კომპიუტერის ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ყველა პირველი კლასის დამრიგებელი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადაამზადა. ისინი გაეცვნენ როგორც კომპიუტერების ფიზიკურ სტრუქტურასა და მასთან მუშაობას, ასევე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ისტ) გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტების მომზადებას.

კომპიუტერული ქარხანა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 2011 წლის 25 ივლისს გახსნეს. ასეთი მასშტაბის ქარხანა მთელს ამიერკავკასიაში ერთადერთია. მას აქვს რესურსი, წელიწადში დაახლოებით მილიონამდე კომპიუტერი გამოუშვას და მისი რეალიზაცია უცხოეთში მოახდინოს. მომავალში, ქარხანას ყველანაირი სახის კომპიუტერული ტექნიკის წარმოება შეუძლია, რაც თავის მხრივ დასაქმებას და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.


Tuesday, September 27, 2011

ანონსი

28 სექტემბერს, 12 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №94-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებს კომპიუტერულ ქარხანა ”ალგორითმს” დაათვალიერებინებს.

Monday, September 26, 2011

კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” საერთაშორისო მასშტაბს იღებს

სკოლის მოსწავლეებში ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ ინტერესის გაღვივებისა და შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირების მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი”.

კონკურსის დეტალებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. კონკურსი გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს და ხელს შეუწყობს მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც დაინტერესებულია სიახლით, დღემდე არსებული ტექნიკური მიდგომების ახლებური გადაწყვეტილების ძიებითა და ზოგადად ინოვაციებით. რაც შეეხება კონკურსის მეორე ეტაპს - მასში 18 წლამდე უცხოელი მოზარდები ჩაერთვებიან.

პროექტები მიიღება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. საკონკურსო განაცხადს თან უნდა ერთვოდეს გამოგონების აღწერილობის ტექსტი და საილუსტრაციო ნახაზი, მოდელი ან მაკეტი.

კონკურსის აუცილებელი პირობაა, რომ მსურველებმა განაცხადების ელექტრონული ვერსია ატვირთონ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე www.rustaveli.org.ge მითითებულ სპეციალურ ბაზაში და დარეგისტრირების შემდეგ ნამუშევარი მოიტანონ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. ელექტრონული რეგისტაცია 6 ნოემბერს, ხოლო ნამუშევრების წარმოდგენა 18 ნოემბერს დასრულდება.

წარმოადგენილ პროექტებს სპეციალური კომპეტენტური ჟიური სპეციალურად მოწყობილ გამოფენაზე შეაფასებს.

კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები დაჯილდოვდებიან მედლებითა და ფულადი პრემიებით. I ადგილზე გასული პროექტის წარმომდგენს 5000 ლარი, II ადგილს - 3 000 ლარი, ხოლო III ადგილს - 2 000 ლარი გადაეცემა. გრანპრის მფლობელი პროექტის ავტორი ან ავტორები კი სასწავლო შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი”-ს საკონკურსო დეტალები შეგიძლიათ იხილოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდებზე:www.mes.gov.ge; www.rustaveli.org.ge

Monday, September 19, 2011

ნეტ-ბუკებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა პრეზიდენტის მიერ პირველკლასელთათვის ნაჩუქარ კომპიუტერებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 15 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს სკოლაში პრეზიდენტის საჩუქარი კომპიუტერი - ”ბუკი” დახვდა. სამწუხაროდ, რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ ამ თემით სპეკულირება დაიწყო და ცრუ ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, თითქოს კომპიუტერები ბავშვების საკუთრება არ არის და მისი დაზიანების შემთხვევაში მშობელი ჯარიმის სახით 700 ლარს გადაიხდის. ინფორმაციამ მშობლებში გაურკვევლობა გამოიწვია.

ბრიფინგზე გიორგი ჩახნაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნეტ-ბუკი არის საჩუქარი და შესაბამისად, გადადის მოსწავლის საკუთრებაში. გასულ წელს, სკოლებში ამ პროგრამის პილოტირებისას, სამწუხაროდ, ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მშობლებმა კომპიუტერის მიღების მიზნით, ბავშვები საჯარო სკოლებში დაარეგისტრირეს და კომპიუტერის მიღების შემდეგ საბუთები კერძო სკოლებში გადაიტანეს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, დაწესდა ერთადერთი შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც თუ მოსწავლე სამი წლის განმავლობაში გადაწყვეტს საჯარო სკოლიდან კერძო სკოლაში გადასვლას, კომპიუტერი რჩება სკოლაში.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ კომპიუტერები არის საქართველოში დამზადებული და გააჩნია საგარანტიო ვადა. მისი დაზიანების შემთხვევაში, მშობელს შეუძლია მიაკითხოს კომპიუტერულ ქარხანას ”ალგორითმი”, სადაც დამზადდა კომპიუტრები და სადაც ყოველგვარი გადასახადის გარეშე მოხდება დაზიანებული კომპიუტერის შეკეთება.


Friday, September 16, 2011

ცოდნის ზეიმი


15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ჩვენი სკოლის დირექტორმა მ. ჩაგანავამ მოსწავლეებსა და შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება. მილოცვების შემდეგ აღიმართა საქართველოს დროშა, შესრულდა ეროვნული ჰიმნი და მოსწავლეებმა სკოლის კედლებს მიაშურეს. მათ კეთილმოწყობილი გარესპორტული მოედანი, განახლებული დერეფნები, ფოიე და კლასები დახვდათ.
ყველა პირველკლასელს დაურიგდა NET BOOK-ები, ხოლო სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს-სახელმძღვანელოები.

15 სექტემბერი


Thursday, September 15, 2011

დიმიტრი შაშკინი სკოლის მანდატურებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მანდატურებს შეხვდა და სკოლაში მათი მუშაობის განვლილი ერთი წელი შეაჯამა. ამ ხნის განმავლობაში სკოლებში დამკვიდრდა დისციპლინა, გაიზარდა მოსწავლეთა დასწრება, აღმოიფხვრა დანაშაულის ფაქტები. მიღწეული შედეგების გამო მინისტრმა მანდატურებს მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ სამინისტრო მომავალშიც იზრუნებს მათ პროფესიულ ზრდაზე.

შეხვედრაზე მანდატურის სამსახურში განხორციელებულ სიახლეებზეც ისაუბრეს. ზაფხულის განმავლობაში მანდატურები სხვადასხვა მიმართულებით გადიოდნენ გადამზადებას, სწავლობდნენ კომპიუტერსა და ინგლისურ ენას, გაიარეს ბავშვებთან მუშაობის ფსიქოლოგიური კურსიც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზაფხულის პერიოდში ისინი სამაშველო კურსსაც გადიოდნენ. ყველა სკოლაში სამიდან ერთ მანდატურს მაშველის კვალიფიკაცია აქვს.

ყველა მოქმედ მანდატურს ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, სამართალდარღვევებზე რეაგირების წესზე, პროფესიულ ეთიკასა და აკადემიურ წერაზე, უნარშეზღუდულ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან კონტაქტის დამყარებაზე ტრენინგები ჩაუტარდათ, რაც მათ დაეხმარებათ საქმიანობა უფრო ეფექტური გახადონ, სწორი კვალიფიკაცია მისცენ საქმიანობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებს და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მათზე.

სასწავლო დაწესებულებების მანდატურებმა სამაშველო კურსებიც გაიარეს. სამაშველო საქმიანობა დახმარებისა და საფრთხეებისაგან მოსწავლეთა დაცვის სხვადასხვა მეთოდებისა და საშუალებების ცოდნას მოიცავს, იგულისხმება როგორც ბუნებრივი ასევე, სპონტანურად შექმნილი საფრთხეები. მანდატურებმა შეისწავლეს ქიმიური, რადიაციული და ბიოლოგიური დაბინძურების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვა, წყალთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილება. მანდატურები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ნებისმიერ საგანგებო სიტუაციაში შეძლებენ, მათ შორის სატრანსპორტო უბედური შემთხვევის, ხანძარის, მიწის ძვრის, წყალდიდობის, მეწყერის და ა.შ.

ახალი სასწავლო წლიდან ყველა მოქმედი მანდატური სკოლებში სხვადასხვა სახის დარღვევების აღრიცხვის ფურცელს ელექტრონულად შეავსებს. დარღვევის თითოეული ფაქტი კომპიუტერში დაფიქსირდება და სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ელექტრონულად გადაეცემა. ეს პროგრამა მანდატურებს სწრაფ და ხარისხიან მუშაობაში დაეხმარება.

Monday, September 12, 2011

ანონსი

13 სექტემბერს, 14 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს 2011-2012 სასწავლ წლის სიახლეებთან დაკავშირებით ანგარიშს წარუდგენს.

ადგილი: საქართველოს პარლამენტი

Followers