Tuesday, December 22, 2009

დამტკიცდა მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება.

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შ1 პუნქტის თანახმად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის N 1101 ბრძანებით დამტკიცდა მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება.

მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების რეგულირების საგანია საჯარო სკოლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების, სერტიფიკატის გაცემის, მასწავლებლობის უფლების განახლებისა და სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პირობები.

დებულების შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ გამოცდების ეროვნული ცენტრი, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირები, განათლების ექსპერტები, პედაგოგები, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

Monday, November 9, 2009

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2009 წლიდან ყოველწლიურად ჩატარდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყველა საგანში.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

სასკოლო ოლიმპიადის მიზნებია: საშუალო სკოლაში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა, სასწავლო პროცესის სტიმულირება, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, მოსწავლეების წახალისება, საქართველოს ნაკრების კანდიდატთა შერჩევა.

2010 წელს სასკოლო ოლიმპიადები ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ინფორმატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა (ინგლისური, რუსული, გერმანული და ფრანგული ენები).
ოლიმპიადა ეფუძნება არსებულ სასწავლო გეგმას.

ოლიმპიადა ჩატარდება 3 ტურად: 1. შესარჩევი ტური რაიონულ დონეზე, 2. რეგიონული ტური 3. დასკვნითი ტური.

ოლიმპიადაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს მსურველს, მიუხედავად აკადემიური მოსწრებისა.

მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ რამდენიმე საგნობრივ ოლიმპიადაში.

პირველი ტურისათვის მოსწავლეთა რეგისტრაცია მოხდება უშუალოდ სკოლებში. რეგისტრაცია იწარმოებს 14 ნოემბრის ჩათვლით.

ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება ყველა რაიონულ ცენტრში.
ინფორმაციას პირველი ტურის ჩატარების ადგილსა და სხვა პროცედურულ საკითხებზე მონაწილეები მიიღებენ სკოლებში.

შედეგები განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

ოლიმპიადის II და III ტურები ჩატარდება თბილისში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010

2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა გათვალისწინებული:

1. ყველა აბიტურიენტი 4 გამოცდას ჩააბარებს, აქედან 3 ყველასათვის საერთო იქნება (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა). მეოთხე გამოცდას ფაკულტეტი აირჩევს შემდეგი ნუსხიდან: მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა.
2. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოცდა და ისტორია-საზოგადოებრივი მეცნიერებების გამოცდა დაიყო ცალკე გამოცდებად: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია.
ფაკულტეტს შეუძლია აირჩიოს არა ერთი, არამედ რამდენიმე (ყველა) არჩევითი გამოცდა და დააწესოს კვოტა თითოეული გამოცდის შედეგით მისაღები კონტინგენტისთვის. მაგალითად: სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტს შეუძლია მეოთხე გამოცდად აირჩიოს არა მხოლოდ ბიოლოგია ან მხოლოდ ქიმია, არამედ ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია.
ასეთ შემთხვევაში ფაკულტეტი იმთავითვე განსაზღვრავს, თუ როგორ გაანაწილებს ადგილების რაოდენობას შესაბამისი გამოცდების მიხედვით. მაგალითად: თუ ერთ–ერთ ფაკულტეტზე მისაღები ადგილების რაოდენობაა 120, ფაკულტეტი აცხადებს, რომ 120–დან 30 ადგილზე მიიღებს აბიტურიენტებს, რომლებმაც ფიზიკა ჩააბარეს, 40–ზე მათ, ვინც ქიმია ჩააბარა, დანარჩენ ადგილებზე კი იმ აბიტურიენტებს, ვინც ბიოლოგია ჩააბარა. ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტი ირჩევს მითითებულიდან რომელიმე ერთ (ან რამდენიმე) გამოცდას.
ვთქვათ, იმ აბიტურიენტთაგან, რომლებაც ამ კონკრეტულ ფაკულტეტზე გააკეთეს განაცხადი და მეოთხე გამოცდად ფიზიკა ჩააბარეს, ჩაირიცხა 24. დარჩენილი 6 ადგილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წინასწარ გამოყოფილი კვოტებით შეივსება იმ აბიტურიენტებით, რომლებიც ამავე ფაკულტეტზე აბარებდნენ მეოთხე გამოცდად ქიმიას ან ბიოლოგიას და ვერ ჩაირიცხნენ ამ გამოცდებისათვის განკუთვნილ ადგილებზე.
3. იცვლება სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესი.
სახელმწიფო გრანტი კვლავ სრული და ნაწილობრივი (100%, 70%, 50% და 30%–იანი) იქნება, თუმცა 2010 წლიდან სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა არა მხოლოდ ზოგადი უნარების, არამედ ყველა გამოცდის (სავალდებულო გამოცდებისა და ერთ-ერთი არჩევითი გამოცდის) შედეგის მიხედვით, სადაც ზოგადი უნარების გამოცდის შედეგს ექნება წონა (კოეფიციენტი) 1,5. მაგალითად:
თუ აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 169,1, ზოგად უნარებში 165,7, უცხოურ ენაში 164,8 და მათემატიკაში 164,0 მისი საგრანტო ქულა იქნება 169,1 + 165,7X1,5 + 164,8 + 164,0 = 746,45

745,45 იქნება აბიტურიენტის საგრანტო ქულა, რომლითაც ის კონკურენციას გაუწევს სხვა აბიტურიენტებს დაფინანსების მოსაპოვებლად შემდეგი პრინციპით:

სახელმწიფო დაფინანსების გაცემა მოხდება არა ერთიანი რეიტინგული სიის მიხედვით, არამედ ყოველი არჩევითი საგნისთვის (მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა) შედგება საგრანტო ქულაზე დაფუძნებული რეიტინგული სია და კონკრეტული არჩევითი საგნისთვის გამოყოფილი თანხა ამ რეიტინგული სიის მიხედვით განაწილდება. მაგალითად: დაფინანსების მოსაპოვებლად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს ყველა აბიტურიენტი, რომელმაც ჩააბარა მათემატიკა, ზუსტად ასევე ერთმანეთს შეეჯიბრებიან აბიტურიენტები, რომლებმაც ჩააბარებს ქიმია, ან ლიტერატურა და ა.შ.

აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის 7% თანაბრად განაწილდება ყოველ არჩევით საგანზე (მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა - თითოეულზე 1%). დარჩენილი 93% – პროპორციულად განაწილდება აბიტურიენტების მიერ არჩევითი საგნის არჩევის რაოდენობის შესაბამისად (ე.წ. კონკურსის შესაბამისად).

თუ აბიტურიენტი ჩააბარებს რამდენიმე არჩევით საგანს, მისი დაფინანსება მოხდება იმ არჩევითი საგნის სკალირებული ქულის შესაბამისად, რომლითაც ის მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე.

თუ აბიტურიენტი ჩააბარებს ფაკულტეტის მიერ მოთხოვნილ ორ ან მეტ არჩევითი საგნის გამოცდას, ის დაფინანსების კონკურსში მონაწილეობას მიიღებს იმ არჩევით საგანში მოპოვებული სკალირებული ქულით, რომლითაც მეტ დაფინანსებას მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომელი გამოცდის შედეგით ჩაირიცხება ამ ფაკულტეტზე.

თუ რომელიმე მიმართულებისათვის გამოყოფილი თანხა ბოლომდე ვერ იქნება ათვისებული, დარჩენილი რაოდენობა პროპორციულად გადანაწილდება არჩევით საგნებს შორის.

4. მიუხედავად იმისა, თუ რამდენია საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა (100, 80 ან სხვ.), მინიმალური კომპეტენციის ზღვარი იქნება მაქსიმალური ქულის 25% (უცხო ენებისათვის 20%). შესაბამისად, აბიტურიენტმა უნდა მიიღოს მაქსიმალური ქულის 25%–ზე მეტი (უცხო ენებისათვის 20%–ზე მეტი), რათა გააგრძელოს კონკურსში მონაწილეობა. უმაღლეს სასწავლებელს აქვს უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
5. ზოგადი უნარების ტესტის თითოეულ ნაწილში (ვერბალური და მათემატიკური) იქნება 40 (და არა 50) დავალება, ხოლო ტესტზე სამუშაოდ აბიტურიენტებს კვლავ 3 საათი მიეცემათ. ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი 25%, ანუ 20 ქულა (აბიტურიენტმა უნდა მიიღოს მინიმუმ 21 ქულა რათა გააგრძელოს კონკურსში მონაწილეობა).
6. სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო ან საპორტი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებლად აბიტურიენტი აბარებს შესაბამის კონკურსს და 3 გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა).

აბიტურიენტი, რომელიც აბარებს სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსებას იღებს შესაბამისი კონკურსის შედეგის საფუძველზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან.

თუ აბიტურიენტი აბარებს სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტების საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სურს, მოიპოვოს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მან სავალდებულო საგნებთან ერთად უნდა ჩააბაროს მის მიერ არჩეულ არჩევითი საგნებიდან ერთი გამოცდა. არჩევითი საგნის გამოცდის ქულა გათვალისწინებული იქნება მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისთვის.

2010 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა (პროექტი)

2010 წლის ერთიან ეროვნულ საგამოცდო პროგრამის საბოლოო ვერსია გამოქვეყნდება მას შემდეგ რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ეროვნულ სასწავლო გეგმებთან ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისობის საკითხების განხილვის მიზნით შექმნილი კომისია დაასრულებს მუშაობას და კომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაამტკიცებს 2010 წლის ერთიან ეროვნულ საგამოცდო პროგრამას.

2010 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა

Microsoft აქტივაციის დღე



3 ნოემბერს შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა Microsoft live@edu და Emanuscript-ში მონაწილე სკოლის დაჯილდოება, სკოლებს (მათ შორის ჩვენს სკოლასაც) გადაეცათ სერტიფიკატები...

Wednesday, October 7, 2009

Monday, August 24, 2009

2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები

გთავაზობთ ინფორმაციას 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ

მინისტრის ბრძანება

მინისტრის ბრძანება 2009-2010 წლის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინსიტრის ბრძანება №593

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ

ბრძანება №593

I-IV კლასის ჟურნალი

ჟურნალის გვერდები - I-IV



V-XII კლასის ჟურნალი


ჟურნალის გვერდები V-XII

Wednesday, July 22, 2009

2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები

18 ივლისისათვის განთავსებულია ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები.

შედეგები

სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს შედეგების გამოცხადების დასრულების შემდეგ სპეციალურ პუნქტებში (განაცხადების მიღების ვადები და პუნქტების მისამართი გამოქვეყნდება შედეგების გამოცხადების დასრულებამდე).

2009 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

გთავაზობთ 2009 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ ტესტებს

Wednesday, June 17, 2009

დაიწყო საგამოცდო ბარათების გაცემა

15 ივნისიდან დაიწყო აბიტურიენტთა საგამოცდო ბარათების გაცემა. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ბარათებს თავიანთ სკოლებში მიიღებენ, სკოლადამთავრებულები – N89 საჯარო სკოლაში (ქეთევან წამებულის N40).

საგრანტო კონკურსში მონაწილე სტუდენდებს საგამოცდო ბარათები რეგისტრაციის ადგილებზე (უმაღლეს სასწავლებლებში) დაურიგდებათ.

Monday, May 18, 2009

ისინი ყოველთვის "ჩვენები" იქნებიან....


....15 მაისს ჩვენს სკოლაში XII კლასელებისთვის ბოლო ზარმა დარეკა, ისინი ბოლოჯერ შემოვიდნენ ჩვენს სკოლაში, როგორც მოსწავლეები... რაც მთავარია, არავის დავიწყებია ტრადიციული ბოლო ზარის მოწყობა, რომელმაც, სხვათა შორის, ძალიან მხიარულადაც ჩაიარა....

ღონისძიება კურსდამთავრებულთა დარბაზში საზეიმო შემოსვლით გაიხსნა. მათ სიტყვით მიმართეს სასწავლო ნაწილებმა, პედაგოგებმა, დამრიგებლებმა, პირველმა მასწავლებლებმა, დირექტორმა; ამ უკანასკნელმა გაახმაურა სურპრიზი, რომელიც სკოლამ მოუმზადა წარჩინებულ მოწაფეებს. მათ გადაეცათ ენციკლოპედია "ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები". გამორჩეული საჩუქარი გადაეცა წარჩინებით კურსდამთავრებულ და მოწოდებით პოეტ ადამიანს, ეკა უმეკაშვილს. მას სკოლამ მობილური ტელეფონი გადასცა საჩუქრად.

წლევანდელი გამოშვება უყურადღებოდ არც სკოლის თვითმმართველობას დაუტოვებია. მათ სპეციალური დიპლომებით "დააჯილდოვეს" კურსდამთავრებული ბიჭები. მათ მიენიჭათ ტიტულები, რომელნიც დამყარებული იყო მათ ნიშან-თვისებებსა თუ ჩვევებზე, გარეგნობაზე... ამ დაჯილდოვებამ პუბლიკის და კურსდამთავრებულების დიდი მოწონება დაიმსახურა.

საღამო გაგრძელდა მოსწავლეთა ვიდეო ალბომით და დასრულდა სკეჩებით, რომლებიც დამამთავრებლებმა წარმოადგინეს.

ჩვენი სკოლა ულოცავს მათ ამ თარიღს და უსურვებს ბედნიერებას, წინსვლას და წარმატებებს მომავალ ცხოვრებაში.....

Friday, May 8, 2009

ინფორმაცია აბიტურიენტთათვის!

6-დან 16 მაისამდე ყველა აბიტურიენტმა უნდა დაამოწმოს ამონაბეჭდი, რომელიც მისი განცხადების საფუძველზეა შედგენილი.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ამონაბეჭდებს მიიღებენ სკოლებში.
სკოლადამთავრებულებმა უნდა მიაკითხონ:
თბილისში: N89 საჯარო სკოლას (ქეთევან წამებულის N40)
რაიონებში: საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.
აბიტურიენტმა უნდა დაადასტუროს, რომ ამონაბეჭდზე ზუსტადაა დატანილი მის მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია.

Tuesday, May 5, 2009

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე 2009 წელს არსებული კონკურსი

2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 29236 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
მისაღები კონტინგენტი საბაკალავრო პროგრამებისათვისა და უმაღლესი პროფესიული პროგრამებისათვის 27624-ით განისაზღვრა.

კონკურსი

Friday, May 1, 2009

ოლიმპიადის დასკვნითი ტური

2 და 3 მაისს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართება.
დასკვნით ტურში მონაწილეობს ოლიმპიადის პირველ ტურში გამარჯვებული 1 366 მოსწავლე.
მონაწილეებმა დასკვნით ტურზე მოსაწვევი ბარათები უშუალოდ სკოლებში მიიღეს.
2 მაისს ჩატარდება ბიოლოგიის, ფიზიკის, ისტორიისა და ინფორმატიკის ოლიმპიადა, 3 მაისს კი მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის, ქიმიისა და მათემატიკის ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას.
ოლიმპიადა ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.
დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი გახდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.
ოლიმპიადის ჩატარების მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება, საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის.

ოლიმპიადის საკითხები ამოხსნებით

ქართული ენა
ისტორია
გეოგრაფია
მათემატიკა
ფიზიკა
ქიმია
ბიოლოგია
ინფორმატიკა

Friday, April 17, 2009

ყურადრება!!!!!

94-ე საჯარო სკოლის თვითმმართველობამ შექმნა ბლოგი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: tvitmmartveloba94.blogspot.com
თქვენი სურვილები, თუ პრეტენზიები დაგვიტოვეთ კომენტარის სახით, გმადლობთ ყურადღებისთვის!!!

Thursday, March 26, 2009

მოსწავლეთა საყურადღებოდ

27 მარტის ჩათვლით სკოლაში მიიღებთ ოლიმპიადაზე მოსაწვევ ბარათს, რომელშიც მითითებული იქნება თქვენი სახელი, გვარი, საგანი, თარიღი, ცენტრის მისამართი და რეგისტრაციის დაწყების დრო.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში ტარდება. 28 და 29 მარტს 130 ათასამდე მოსწავლეს 150 ცენტრი მიიღებს.

Wednesday, March 18, 2009

ოლიმპიადები

სკოლა აქტიურად მონაწილეობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ აღდგენილ ოლიმპიადებში. შეჯიბრებები ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ინფორმატიკა. ოლიმპიადა ჩატარდება 8 საგანსა და 5 ასაკობრივ ჯგუფში. 
შეჯიბრება გაიმართება შესარჩევ და დასკვნით ტურად. 10 საუკეთესო მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი გახდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 10 საუკეთესო სკოლა დაჯილდოვდება ფულადი პრიზებით.

Followers