Wednesday, March 28, 2012

მთავარი უცხო ენა ინგლისური გახდა


2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ უცხო ენად ინგლისური ენა აბიტურიენტთა 73%-მა აირჩია, ხოლო რუსული ენა მხოლოდ 17-მა პროცენტმა, 7%-მა არჩევანი გერმანულ ენაზე, 3%-მა კი, ფრანგულ ენაზე გააკეთა.
ეს უნიკალური და უმნიშვნელოვანესი შედეგი იმ რეფორმებითაა განპირობებული, რომელიც განათლების სისტემაში ტარდება. სულ რაღაც ორი წლის წინ ინგლისური ენა აბიტურიენტთა მხოლოდ 45%-მა აირჩია, ასევე 45%-მა არჩევანი რუსულ ენაზე გააკეთა და თანაფარდობა ერთი ერთზე იყო.

ინგლისური ენის პოპულარიზაციის კუთხით ესოდენ დიდი წარმატება პირველ რიგში გამოიწვია პროგრამამ ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’. ამ პროგრამის ფარგლებში, ათასობით ინგლისურენოვანი პედაგოგი ჩამოვიდა საქართველოში ამერიკიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. უცხოელმა მასწავლებლებმა ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, ქართველ მოსწავლეებს ინგლისური ენა გაძლიერებულად შეასწავლეს, ისინი ასევე დაეხმარნენ ქართველ პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში.

ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქრთველოში ინგლისური ენა დამკვიდრდა, როგორც მთავარი უცხო ენა.

Tuesday, March 27, 2012

სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირთა საყურადღებოდ


სერტიფიცირებისთვის ელექტრონული რეგისტრაცია დასრულებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირი საბოლოოდ არის დარეგისტრირებული.

იმისათვის რომ მოგენიჭოთ საგამოცდო ბარათი და უფლება გქონდეთ გაიაროთ სერტიფიცირება აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაციის ფორმაში თქვენს მიერ მითითებულ რესურს-ცენტრში წარადგინოთ შევსებული განაცხადის ფორმა და მასში მითითებული საბუთები. აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ არა უგვიანეს 30 მარტისა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ჩაითვლებით რეგისტრირებულად და შესაბამისად ვერ გახვალთ სასერტიფიკაციო გამოცდაზე. გთხოვთ დროულად მიმართოთ რესურს-ცენტრებს.
გისურვებთ წარმატებებს.

გამოცდებზე დარეგისტრირების პროცესი დასრულდა


მასწავლებელთა სასერტიფიკატო, ერთიან ეროვნულ, საატესტატო და სამაგისტრო გამოცდებზე online რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე 41 000 მსურველი დარეგისტრირდა, ორჯერ მეტი ვიდრე გასულ წელს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 37 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, საატესტატო გამოცდებს 42 590 მეთორმეტეკლასელი ჩააბარებს, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია 7564 მსურველმა გაიარა.
2012 წელს პირველად, მასწავლებელთა სასერტიფიკატო, ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) გაიარეს. online რეგისტრაციამ ხარვეზების გარეშე ჩაიარა. განსაკუთრებით კომფორტული იგი აბიტურიენტებისთვის იყო, რადგან მათ არ უწევდათ ცოცხალ რიგში დგომა და რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე რამდენჯერმე შეეძლოთ არჩევანის შეცვლა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2012 წელს სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებმა თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტი აირჩიეს; მეოთხე საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი საგნები აირჩიეს; სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაიზარდა.

გასული წლის მსგავსად, წელსაც საატესტატო გამოცდები კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით რვა საგანში ჩატარდება. კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგანში 5,5 იქნება. გამოცდები საგნების მიხედვით საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება.

სიახლეა მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე, წელს დარეგისტრირების შესაძლებლობა უკლებლივ ყველა საგნის პედაგოგს ჰქონდა. მათ შორის, უკვე სერტიფიცირებულ პედაგოგსაც, რომელსაც სურვილი აქვს კომპიუტერისა და ინგლისურის ინტერგრირებული გამოცდა ჩაააბაროს. ასევე, წელს პირველად, გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობა საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებულ პედაგოგებსაც ეძლევათ. ისინი გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ და გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.

Monday, March 26, 2012

საგანმანათლებლო დაწესებულებათა e-Catalog-ის პრეზენტაცია გაიმართა


საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროში საგანმანათლებლო დაწესებულებათა e-Catalog-ი (ელექტრონული კატალოგი) შეიქმნა. კატალოგში შესულია დეტალური ინფორმაცია საჯარო სკოლების შესახებ.
e-Catalog-ი მოიცავს სრულ ინფორმაციას სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის, სწავლების საფეხურის/სექტორის, სასწავლო პროცესის, პროგრამების, პედაგოგებისა და მოსწავლეთა მიღწევების შესახებ, სკოლის უსაფრთოების და ა.შ. კატალოგის ნახვა ვებგვერდზე www. ecatalog.emis.ge-ზეა შესაძლებელი.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა გიორგი გულუამ e-Catalog-ის პრეზენტაცია გამართეს.

საქართველოში პირველად შეიქმნა სრულყოფილი ელექტრონული კატალოგი, რომლით სარგებლობა და საგანმანათლებლო დაწესებულებათა შესახებ დეტაული ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. კატალოგი დაეხმარება პირველკლასელთა მშობლებსაც სასურველი სკოლის შერჩევასა და ინტერნეტრეგისტრაციაში, გაამარტივებს მოსწავლეთა მობილობის პროცესს. კატალოგში ასევე განთავსდება სკოლის საატესტატო გამოცდებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ მოსწავლეთა მონაცემები.

ელექტრონული კატალოგის შექმნა საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს მრავალკომპონენტიანი E-strategy-ის (ელექტრონული სტრატეგია) ფარგლებში განხორციელდა და იგი სასწავლო დაწესებულებების გამჭვირვალეობასა და ხელმისაწვდომობას ემსახურება. მომავალში დაგეგმილია უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების ელექტრონული კატალოგის შექმნა.

Video

Sunday, March 25, 2012

ქიმიის სერტიფიცირებული პედაგოგების საყურადღებოდ!

გამოცდების ეროვნული ცენტრი ქიმიის სერტიფიცირებული პედაგოგებისათვის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის აპრობაციას აწყობს. აპრობაციაში მონაწილეობის მსურველებმა საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონი) უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტაზე merab@naec.ge
აპრობაცია ჩატარდება 1 აპრილს აგრარული უნივერსიტეტის (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ) ადმინისტრაციულ კორპუსში სამ სესიად: 10:00; 13:00 და 16:00 სთ-ზე.
გამოცდა საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერიმენტულ ნაწილში სეტიფიცირებული პედაგოგებისათვის 2012 წელს პირველად ჩატარდება.

Thursday, March 22, 2012

მოსახლეობის 46% თვლის, რომ განათლების კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდა


NDI-ის დაკვეთით საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ,-საზოგადოების განწყობა საქართველოში, განათლების კუთხით შემდეგი შედეგები მოგვცა :

შეკითხვაზე, ბოლო სამი წლის განამავლობაში როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში განათლების კუთხით, მოსახლეობის 46% თვლის რომ, განათლების კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო, კითხვაზე რამდენად განიხილავენ პოლიტიკოსები საქართველოში განათლების საკითხს, მოსახლეობის 71% თვლის რომ, განათლების საკითხი სათანადოდ არის განხილული.

მოგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო რეფორმას ახორციელებს 49 მიმართულებით, აუმჯობესებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურას, ზრუნავს სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლებაზე და განათლების მიღების ხელმისაწვდომობაზე. NDI-ის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ, კიდევ ერთხელ ცხადყო რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ რეფორმებს მხარს უჭერს.

Sunday, March 18, 2012

ფიზიკაში სასერტიფიკაციო გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის აპრობაცია გაიმართა


2012 წელს პირველად, საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგები გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ და დამატებით 75 ლარს მიიღებენ. დღეს, სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგებისათვის ფიზიკის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის აპრობაცია ჩაატარა, რომლის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში აკვირდებოდა.
აპრობაციისას პედაგოგებს ექსპერიმენტული დავალება მიეცათ, რომლის შესრულება შესაბამის ცოდნასა და უნარებს მოითხოვს. დავალების შესრულებისას მონაწილეებს ასევე საზომი ხელსაწყოების გამოყენება უწევდათ. მსგავსი ტიპის ექსპერიმენტების მოსწავლეებისათვის დემონსტრირება, მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის.

საბუნებისმეტყველო საგნების ყველა პედაგოგს მასწავლებლის სახლში შესაძლებლობა აქვს ტრენინგები ექსპერიმენტულ ნაწილშიც გაიარონ, რათა შეძლოს ”აინშტაინის ლაბორატორიის” გამოყენებით საგაკვეთილო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვა და გამოცდისთვის სათანადო მომზადება.

სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო სქემა კი, ასეთია: ხელფასზე დანამატი 75 ლარი; დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი; ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში ხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი აქვთ; პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაიზრდებათ.

Monday, March 12, 2012

პირველი აპრილიდან სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება!

პირველი აპრილიდან სასურველ სკოლაში მშობლებს პირველკალსელების დარეგისტრირდება უკვე ინტერნეტით შეეძლებათ. დარეგისტრირების ახალი წესი ყველა დიდ ქალაქში ამოქმედდება. მშობელი შვილის მონაცემებს საიტზე დაარეგისტრირებს და ბავშვს სახლიდან გაუსვლელად სკოლაში ჩარიცხავს. ამ მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე და ასევე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) საიტზე სპეციალური აპლიკაცია განთავსდება.

მოზარდის დასარეგისტრირებლად მხოლოდ სამი კომპონენტი იქნება საჭირო - სასურველი სკოლის არჩევის შემდეგ, ვებ გვერდზე ბავშვის სახელი, გვარი და პირადი ნომერი უნდა ჩაიწეროს. დამატებით საბუთებს მშობელი სკოლაში წარადგენს.

პირველი აპირილიდან რეგისტრაციის გავლა მხოლოდ მათ შეეძლებათ, ვისი და-ძმაც უკვე სწავლობს არჩეულ სკოლაში. საყოველთაო რეგისტრაცია, კი 15 აპრილიდან დაიწყება.
ამოქმედდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (Emis) ვებ-გვერდი

2012 წლის იანვარში შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისიტროს ახალი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS). EMIშ-ის ძირითადად მიმართულებას წარმოადგენს, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება განათლების სექტორში.

Thursday, March 8, 2012

მასწავლებლის სახლში ტრენინგები გრძელდება


მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები გრძელდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს საგნობრივი, პროფესიული უნარებისა და ლაბორატორიული ნაწილის ტრენინგებს დაესწრო.
ინგლისურის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის ლაბორატორიული ნაწილისა და პროფესიული უნარების ტრენინგებში მასწავლებლის სახლში 100-მდე პედაგოგი მონაწილეობდა. თითოეული მათგანი სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ემზადება და მასწავლებლის სახლში მათ საშუალება აქვთ საკუთარი ცოდნა საგამოცდო პროგრამების მიხედვით შედგენილი ტრენინგ-მოდულებით გაიღრმავონ. მინისტრი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი მასწავლებლებს პირადად გაესაუბრნენ და მათი შეხედულებები გაიზიარეს.

მასწავლებლის სახლში ყოველდღიურად ყველა საგანში, პროფესიულ უნარებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიულ ნაწილში რამდენიმე ასეული მასწავლებელი ემზადება. შენობაში ტრენინგებისთვის 10 აუდიტორიაა გამოყოფილი და თითოეულ მათგანში დღის განმავლობაში ერთმანეთს რამდენიმე ჯგუფი ენაცვლება. გარდა ამისა პედაგოგებს საშუალება აქვთ ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდებისთვისაც მოემზადონ და მაღალკვალიფიციურ ტრენერებთან სპეციალური კურსი გაიარონ. ტრენინგები მასწავლებლის სახლში უფასოა და მისი გავლა ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია.

Monday, March 5, 2012

სკოლებში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ახალი პროგრამები ამოქმედდება


საქართველოს პრეზიდენტის ინიციტიავით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და იუსტიციის სამინისტროები სკოლებში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ახალ პროგრამებზე იწყებენ მუშაობას. დღეს, პირველი სამუშაო შეხვედრა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ფსიქოლოგებთან გამართეს.
როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, შეიქმნება სპეციალური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება რისკის ჯგუფის არასრულწლოვნების სხვადასხვა სახის პროგრამებში ჩართვაზე, რომელიც უზრუნველყოფს შემდგომში დანაშაულის თავიდან აცილებას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შექმნას სერვისები, რომლებიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, ჩაერთონ სხვადასხვა სახის სოციალურ, საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებში, რომელიც ამცირებს არასრულწლოვნებში დანაშაულის ჩადენის ალბათობას. ამ პროცესში, განსაკუთრებულ როლს, ფსიქოლოგებთან ერთად, მანდატურებიც ითამაშებენ, რომლებიც სპეციალურ გადამზადებას გაივლიან.

ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს ზოგადად არასრულწლოვანთა დანაშულის პრევენციაზე, მსჯავრდებული არასრულწლოვნების რეინტეგრაციასა და რესოციალიზაციაზე ორიენტირებული პროგრამები. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს არაერთ პროგრამას (მაგ. ,,ჩემი უფროსი მეგობარი”, ”განრიდებისა და მედიაციის პროგრამა”, ”საზოგადოებრივი პროკურატურა”, ”ლიდერთა სახლი”, ”მედიაცია სკოლაში”, ”ფსიქოლოგის კონსულტაციები”, ”ცხოვრების ჯანდაღი წესის შესწავლა”, ”უფროსი მეგობრის პროგრამა” და ა.შ.), რომლებშიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები არიან ჩართულნი.

ახალი პოლიტიკის მიზანია, სახელმწიფომ სხვადასხვა სახის სერვისები შესთავაზოს მაღალი რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებს, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული მათ მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები და ამავდროულად, სრულყოფილად იყვნენ ჩართული ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში. პროგრამები საჯარო სკოლების ბაზაზე შეიქმნება. სამუშაო პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

Sunday, March 4, 2012

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური მიმდინარეობს


ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური შაბათს, 3 მარტს ქიმიის ოლიმპიადით დაიწყო - 2012 წელს პირველად, ქიმიისა და ფიზიკის ოლიმპიადის მესამე ტურის მონაწილეები გარდა თეორიულინაწილისა სასწავლო ლაბორატორიებში პრაქტიკულ ნაწილსაც შეასრულებენ.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ოლიმპიადის მესამე ტური აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიებში ტარდება. პრაქტიკული ტურისათვის მონაწილეების რეგისტრაციის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გაეცნენ

ოლიმპიადა ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე სამ ტურად ტარდება. დასკვნით ტურში გამარჯვებული ათი მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი გახდება და საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.

კოკა სეფერთელაძის განცხადებით, სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების ორგანიზებას და ამით ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის სტიმულირებასა და ნიჭიერი, შრომისმოყვარე მოსწავლეების გამოვლენას.

Followers