Wednesday, December 21, 2011

სპარტაკიადის ფინალი

19 დეკემბერს გაიმართა ფინალური მატჩი კალათბურთში ვაჟებს შორის. დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა XI-1 კლასის გუნდმა და შესაბამისად დაიკავა პირველი ადგილი, ხოლო X-1 კლასი გავიდა მეორე ადგილზე.

Monday, December 12, 2011

სპარტაკიადა

დღეს, 12 დეკემბერს, 15 საათზე, გაიხსნა სპარტაკიადა კალათბურთში ვაჟებს შორის. სპარტაკიადაში მონაწილეობენ 10-12 კლასის მოსწავლეები. დღეს ორი თამაში გაიმართა, დანარჩენი შეხვედრები კვირის განმავლობაში ჩატარდება და შესაბამისად გამარჯვებულიც გამოვლინდება კვირის ბოლოს.

2011–2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდების საგამოცდო პროგრამები

ქართული ენა და ლიტერატურა და ლიტერატურა

ისტორია

გეოგრაფია

ბიოლოგია

ქიმია

ფიზიკა

მათემატიკა

უცხოური ენები

Thursday, December 8, 2011

მინისტრმა მთავრობის წევრებს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა წარუდგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მთავრობის წევრებს სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო.

შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაცია განათლების ყველა სფეროს მოიცავდა. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეზე გააკეთა, ეს არის სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე 25 000 სტუდენტის საზაფხულო სამუშაოებზე დასაქმებას გულისხმობს და მეორე მთავარი სიახლე - საქართველოს 15 ქალაქის (რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ზესტაფონი, გორი, ხაშური, ზუგდიდი, ბათუმი, ტყიბული, ონი, ჭიათურა, ახალქალაქი, სამტრედია, ოზურგეთი, თელავი) მოსახლეობა გადამზადდება ინგლისურში, კომპიუტერსა და პროფესიულ ორიენტაციაში. ასევე მომავალი წლიდან არაავტორიზებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს სამინისტრო ერთიან ეროვნულ გამოცდებს დაუფინანსებს და გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში დაგროვილ კრედიტებს უღიარებს.

მინისტრმა ასევე ვრცლად იმ სიახლეებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ზოგადი განათლების კუთხით დაიგეგმა კერძოდ, მომავალი წლისთვის VII-XII კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაინერგება და ამ კლასებისთვის ახლი გრიფირებული სახელმძღვანელოები შეიქმნება, მათი ფასი 10 ლარს არ აღემატება; ამოქმედდება მოსწავლის ცოდნის შეფასების ახალი სისტემა; გაიზრდება ატესტატის მნიშვნელობა.

მომავალი წლიდან ფართოდ დაინერგება მრავალკომპონენტიანი E-strategy (ელექტრონული სტრატეგია), რომელიც მთელ სისტემას მოიცავს; გაძლიერდება სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება; გამოვა ამ საგნის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელო და გადამზადდებიან პედაგოგები; გაიხსნება 100 ახალი ,,მომავლის კლასი”, სკოლები ,,ჭკვიანი დაფებით” (smart board) აღიჭურვება; შეიქმნება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები და ყველა საგანში შემეცნებითი კომპიუტერული თამაშები დაინერგება; 2012 წელს 60 000-მდე პირველკლასელი და მათი პედაგოგები სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში წარმოებულ კომპიუტერებს მიიღებენ; უფასო სახელმძღვანელოები ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს გადაეცემა.

გაძლიერდება ინგლისური ენის სწავლება და პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში 1500 ინგლისურენოვანი მასწავლებელი ჩამოვა; ადგილობრივი 300 ინგლისური ენის მცოდნე მოხალისე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლად იმუშავებს; გაიხსნება ინგლისური ენის კაბინეტები; უმაღლესებში სტუდენტებს ბაკალავრის დიპლომის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება B1, B2 დონეზე მოუწევთ; კიდევ უფრო გაძლიერდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, პროგრამა ”აინშტაინი”-ს ფარგლებში სკოლები ახალი ლაბორატორიებით (სულ 1800) აღიჭურვება.

გაგრძელდება წარჩინებულ მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების პროგრამები; გადამზადდებიან პედაგოგები; გაგრძელდება პედაგოგთა ხელფასების ზრდა; გაფართოვდება მანდატურის სამსახური და იგი წელს სკოლის მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდება; გაგრძელდება ინკლუზიური განათლების განვითარება, საკვირაო და კერძო სკოლების ხელშეწყობა; გაიზრდება ეთნიკური უმცირესობებისათვის განათლების ხელმისაწვდომობა.

გაგრძელდება საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტების დაჯილდოება, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამების დაფინანსება, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

2012 წლის ბიუჯეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აშენდება 20 ახალი სკოლა; სკოლებს გადაეცემათ 100 000 ახალი მერხი; 5000 ახალი დაფა და 25 000 კომპიუტერი; ახალი დაფინანსების სისტემით აღარ იარსებებს დანაკლისიანი სკოლები.

2012 წლისთვის აშენდება: მასწავლებლის სახლები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, 3 ახალი პროფესიული სასწავლებელი (თბილისი, ოზურგეთი, ქობულეთი), 2 ახალი საინფორმაციო ცენტრი (თელავი, ზუგდიდი), საგამოცდო ცენტრი თბილისში, სონის პროფესიული კოლეჯი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, მოხდება ხელნაწერთა ინსტიტუტის რეაბილიტაცია.

გაგრძელდება პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა, მეცნიერების განვითარება და პოპულარიზაცია. სამეცნიერო კვლევებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 37 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ეს არის არასრული ჩამონათვალი სამომავლოდ დაგეგმილი სიახლეებისა, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მთავრობის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.

Tuesday, December 6, 2011

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2012 – სიახლეები

2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა გათვალისწინებული:
2012 წლიდან აბიტურიენტებს არა 7, არამედ 20 ფაკულტეტის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება ე.წ. მეორადი ჩარიცხვები. ეს ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა – მეორადი ჩარიცხვების შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ დარჩენილი ადგილები არ იძლეოდა ოპტიმალური არჩევანის გაკეთების საშუალებას, ამასთან, მეორადი ჩარიცხვების პროცესი მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა გრანტების განაწილების პროცესს, რაც პირველადი ჩარიცხვებით მოხვედრილთა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევდა.
აღნიშნული ცვლილება მაქსიმალურად ზრდის აბიტურიენტის ჩარიცხვის ალბათობას, ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის შესახებ კი ჩარიცხვებთან ერთად ხდება ცნობილი.

2012 წელს ყველა სახის გამოცდისათვის რეგისტრაცია მოხდება მხოლოდ ელექტრონულად – აპლიკანტები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ. სპეციალური სარეგისტრაციო სისტემა და დეტალური ინსტრუქციები ცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაციის პროცესის დაწყებისას განთავსდება.

უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩაბარების მსურველები განაცხადში აღარ უთითებენ პროფესიულ მიმართულებებს
აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ ზოგადი უნარების გამოცდას, პროფესიულ მიმართულებებს კი გამოცდის ჩაბარების შემდეგ აირჩევენ.

მომავალი წლიდან ორ სპეციალობაზე - სამედიცინოსა და იურიდიულზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გაიზრდება და სამ საგანში – 35%, ხოლო უცხოურ ენაში 30% გახდება.

უმაღლესი სასწავლებლები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე საგანს ე.წ. მაპროფილებელი მიმართულებიდან აირჩევს.

Monday, December 5, 2011

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მეთორემეტეკლასელს შეხვდა და ის ცვლილებები გააცნო, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 2012 წლის 1 იანვრიდან შევა. ლიბერალური ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება:

1. აბიტურიენტთა მეორადი ჩარიცხვების გაუქმება;
2. სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე მინიმალური ზღვარის გაზრდა;
3. უმაღლესი სასწავლებლებისთვის შეზღუდვების დაწესება;
4. ცვლილება სტუდენტთა მობილობის წესში;
5. უცხოეთში მცხოვრები მოქალაქისთვის საქართველოში სწავლის დაწყების პროცედურის გამარტივება;
6. ცვლილებები უმაღლეს პროფესიულ განათლებაში.

2012 წლიდან აბიუტურიენტთა მეორადი ჩარიცხვები უქმდება. შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტი თავიდანვე ოც სასურველ ფაკულტეტს აირჩევს. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მსურველს უფართოვდება მისთვის სასურველი ფაკულტეტის შერჩევის არეალი, თუმცა მისი ჩარიცხვა მხოლოდ ერთხელ გაკეთებული არჩევანის საფუძველზე მოხდება. ამით გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადება დაჩქარდება და იგი ნაცვლად ოქტომბრისა, 25 აგვისტომდე გახდება ცნობილი. ამდენად, 2012 წელი აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის ნაკლებად სტრესული და უფრო კომფორტული იქნება.

მომავალი წლიდან ორ სპეციალობაზე - სამედიცინოსა და იურიდიულზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი 10-10%-ით გაიზრდება და სამ საგანში – 35%, ხოლო უცხო ენაში 30% გახდება.

უმაღლეს სასწავლებლებს შეზღუდვები უწესდებათ და ყველა მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე საგანს მხოლოდ მაპროფირებელი მიმართულებიდან აირჩევს. აქამდე მეოთხე საგანს თავად უმაღლესი ირჩევდა და მიუხედავად მკაცრი პოლიტიკისა, არსებობდნენ უნივერსიტეტები, სადაც სამედიცინო ფაკულტეტზე მეოთხე გამოცდას აბიტურიენტები არა ქიმია-ბიოლოგიაში, არამედ ისტორიაში ან გეოგრაფიაში აბარებდნენ.

ცვლილება შედის კანონში მობილობასთან დაკავშირებით. სტუდენტთა მობილობა იზღუდება იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი სამედიცინოს სტუდენტი ვერ გახდება, ვიდრე ის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე განსხვავებულ გამოცდას შესაბამის საგანში არ ჩააბარებს. სტუდენტს, რომელიც მობილობით იცვლის ფაკულტეტს კრედიტები უნარჩუნდება.

მარტივდება უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მოსწავლის ან სტუდენტის სასწავლო დაწესებულებაში მიღების წესი, 2012 წლიდან ისინი სასურველ სასწავლებელში განაცხადის გაკეთებიდან 48 საათის განმვალობაში შეძლებენ სწავლის დაწყებას. საჭირო დოკუმენტაციის ნამდვილობის დადასტურება კი პარალელურ რეჟიმში მოხდება. ცვლილების განხორციელებამდე უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველს ლოდინი რამდენიმე თვის განმავლობაში უწევდა.

ჩარიცხვის მექანიზმი უმაღლესი პროფესიული განათლების მიმართულებითაც იცვლება. სიახლე უმაღლესი პროფესიული განათლების IV და V დონეებს ეხება. ახალი წესით, აბიტურიენტები უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლებში ისეთივე პრინციპით მოხვდებიან, როგორც მაგისტრატურაში, ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებს ჩააბარებენ და აგვისტოში აირჩევენ სასურველ სპეციალობებს. სტუდენტი წინასწარ არ აფიქსირებს, თუ სად აპირებს სწავლის გაგრძელებას.

Sunday, December 4, 2011

გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა საძირკველში კაფსულის ჩაშვებით გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრისა და საცურაო აუზის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. პირველი სამშენებლო სამუშაო სიმბოლურად თავად პრეზიდენტმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შეასრულა.

გლდანში პროფესიული გადამზადების ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შენდება და მას თავად მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს. ეს განცხადება პრეზიდენტმა მასაწავლებლის სახლში გლდანის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა. პროფესიული გადამზადების ცენტრი მაისში გაიხნება და მისი მთავარი ფუნქცია კადრების გადამზადება და შრომით ბაზარზე მათი დასაქმება იქნება. ცენტრში გადამზადება ტექნიკური დარგების მიმართულებით წარიმართება და პროფესიის ათვისება ყველა ასაკის მსურველს შეეძლება.


გლდანში პროფესიული ცენტრის გახსნის მიზანი თბილისის გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობის გადამზადება და მათი თვითრეალიზებისთვის ხელშეწყობაა. კეთილმოეწყობა ცენტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, აშენდება საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი, რომელიც ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

საქარათველოს პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი პროექტები თბილისის სხვა გარეუბნებშიც ამოქმედდება. მოსახლეობის დასაქმების მიზნით, შეიქმნება პროფორიენტაციის ცენტრები, მსურველები მოთხოვნად პროფესიებზე გადამზადდებიან.


Thursday, December 1, 2011

კომპანია ”ფიუვესთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანული კომპანია ”ფიუვეს” წარმომადგენელმა ინგე ბერგერმა მასწავლებლის სახლში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი და საერთაშორისო კონფერენცია გახსნეს.

მემორანდუმი სამინისტროსა და კომპანია “ფიუვეს” შორის აქტიურ თანამშრომლობას, ერთობლივ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართველი მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ორგანიზებასა და სხვა აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.

საერთაშორისო კონფერენციას “ლაბორატორიული მოწყობილობების მოდერნიზება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში” გერმანელი მეცნიერები - დოქტორი ლუდოლფ ფონ ალვენსლიბენი და დოქტორი ინგე ბერგერი უძღვებოდნენ და მასში საქართველოსა და სომხეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

კონფერენცია საქართველოში კომპანია “ფიუვეს” ექსკლუზიური პარტნიორის შპს “რეზონანს - საქართველოსა” და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

“ფიუვე” მსოფლიო საგანმანათლებლო ლაბორატორიული მოწყობილობების წარმოებაში ლიდერი კომპანიაა. თბილისში ახლადგახსნილი მასწავლებლის სახლი ”ფიუვე”-ს კომპანიის ლაბორატორიითაა აღჭურვილი და პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამოიყენება. გარდა ამისა, ლაბორატორიაში თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის საჩვენებელი გაკვეთილები ტარდება.

კომპანია ”ფიუვე” საბუნებისმეტყველო საგნებისთვის 5000 -ზე მეტი სახეობის ლაბორატორიულ მოწყობილობას უშვებს. მისი პროდუქცია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

Followers