Monday, August 29, 2011

სამინისტრომ მოსწავლეთა ელექტრონული ბაზები შეიმუშავა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 -2015 წლების ელექტონული სტრატეგიის ფარგლებში, მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემა ამოქმედდა. დღეს, აღნიშნული სისტემის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი გულუამ გამართეს.

eStudents - მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის დანერგვით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში ახალ სისტემაზე გადავიდა, რამაც განათლებისა და მეცნიერების სამნისტროს საშუალება მისცა, შეემუშავებინა eschool-ის სტრატეგია, რომელიც საზოგადოებისთვის ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

eStudents - მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის დანერგვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშუალება მიეცა დაეზოგა 12 მილიონი ლარი. ამ თანხით მოხდა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

eStudents - მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის დანერგვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უერთდება იუსტიციის სამინისტროს ID ბარათების პროექტს, რის შემდეგაც მოსწავლეთა მონაცემების მიბმა ID ბარათებზე იქნება შესაძლებელი.

eStudents - მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის მეშვეობით, სკოლას აქვს საშუალება online რეჟიმში გადაამოწმოს საკუთარი მოსწავლეების მონაცემები, განახორციელოს მობილობის პროცესი, აირჩიოს სახელმძღვანელოები და ასევე გააკეთოს სოციალურად დაუცველი მოსწავლეების იდენტიფიცირება.

მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემა საშუალებას მისცემს სამინისტროს ზუსტად განსაზღვროს სკოლისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ზომა და სხვა პროცედურები.

მოსწავლეთა სიები ავტომატურად გადაეცემა გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და ეროვნული ოლიმპიადებისათვის მოსწავლეთა ხელახალი რეგისტრაციის საჭიროებას გამორიცხავს.

სკოლებში მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის დანერგვით ეფექტური გახდება სკოლის მენეჯმენტი და მოსწავლეთა ზუსტი აღრიცხვა.

Monday, August 22, 2011

სიახლეები ახალ სასწავლო წელს


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად ემზადება ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის და საზოგადოებას ბევრ სიახლეს სთავაზობს. ახალ სასწავლო წელს სკოლებში ინფრასტრუქტურული, ტექნოლიგიური და შინაარსობრივი ცვლილებები განხორციელდა. დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აღნიშნული ნოვაციების პრეზენტაცია გამართა.

  • ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით 350 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა;
  • რეგიონებში 12 ახალი სკოლა შევა ექსპლუატაციაში;
  • ფოთსა და ქობულეთში ახალი სტანდარტების ორი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება;
  • თბილისში მასწავლებლის სახლი ამოქმედდება;
  • პირველად საქართველოში ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი სახელმწიფოსგან საჩუქრად 60 000 ნეტ-ბუკს მიიღებს.
  • ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სახელმწიფოსგან საჩუქრად სახელმძღვანელოები გადაეცემა;
  • 1 000 წარჩინებულ ათოსან მოსწავლეს სამინისტრო პორტატულ კომპიუტერს აჩუქებს.
    • eSchools - სკოლებში თანამედროვე ელექტრონული საინფორმაციო სისტემა დაინერგება. კერძოდ, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სკოლებს ელექტრონული ჟურნალები და გაკვეთილების ცხრილი ექნებათ, შეიქმნება მოსწავლეების ელექტრონული ბაზები, თანამედროვე სისტემის საშუალებით ადმინისტირების პროცესი მთლიანად ელექტრონულად წარიმართება და მშობლებს საშუალება ექნებათ ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში მიიღონ.
    • პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სკოლებში ახლად გრიფირებული სახელმძღვანელოები შევა, რომელთა ფასი ათ ლარს არ აღემატება.
    • ინგლისურის ენის შესწავლა პირველი კლასიდან მაკმილანის ახალი სახელმძღვანელოებით დაიწყება;
    • სკოლები 10 000 ახალი დაფით, მერხითა და სკამით აღიჭურვება;
    • სკოლებში დაწყებულია ინტერაქტიული Smart Board-ის დაფების შეტანა;
    • პროგრამა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში თბილისისა და დიდი ქალაქების ყველა საჯარო სკოლა 900 სამეცნიერო - საბუნებისმეტყველო ლაბორატორიითაა უზრუნველყოფილი;

ზემოთ ჩამოთვლილი სიახლეები 2010-2015 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიის ფარგლებში განხორციელდა. სისტემაში დაგეგმილი და გატარებული რეფორმები მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საერთაშორისო დონის სტანდარტების დანეგვას.




საუკეთესო შედეგების მქონე პედაგოგები დასაჩუქრდნენ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სხვადასსხვა საგნის ის ათი პედაგოგი დაასაჩუქრა, რომელთაც 2011 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე თავიანთ საგნებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს, მინისტრმა მათ პორტატული კომპიუტერები გადასცა.

წარმატებით დასრულდა 2011 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდები. გასულ წელთან შედარებით, წელს ორჯერ მეტი - 2500 პედაგოგი აიღებს სერტიფიკატს. შარშან სერტიფიკატი 1200-მა პედაგოგმა მოიპოვა.

სასერტიფიკაციო გამოცდები ნებაყოფლობითია, მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ სურვილისამებრ ჩააბარონ ერთი ან ორივე გამოცდა. სწორედ ამიტომ პედაგოგთა დიდი რაოდენობა წელს ერთ გამოცდაზე გავიდა, 5000-მა მასწავლებელმა წარმატებით გადალახა პროფესიული უნარების გამოცდის ბარიერი, ხოლო 4000-მა - საგნობრივის. მათ აღნიშნული შედეგები მომავალი წლისთვის შეენახებათ და 2012 წელს მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამ დინამიკით, 2014 წლისთვის, სანამ პედაგოგთა გამოცდები ნებაყოფლობითია, მასწავლებელთა 60% უკვე გახდება სერტიფიცირებული.

სერტიფიცირებული მასწავლებლები ხელფასზე დანამატს - 75 ლარს იღებენ. იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი კომპიუტერისა და ინგლისური ენის გამოცდასაც ჩააბარებს, მისი დანამატი 200 ლარამდე იზრდება. ხოლო ორივე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, თუ სერტიფიცირებული მასწავლებელი საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 25%-ში მოხვდება, მისი ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი ხდება.

სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ მენტორ მასწავლებლად, ჩაერთონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში და სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამებში, რაც ასევე დამატებით ანაზღაურებას გულისხმობს.


Thursday, August 4, 2011

სოციალურად დაუცველ ყველა მოსწავლეს სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემა

სამთავრობო პროგრამის ”ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” ფარგლებში, სახელმწიფო ყველა კლასის სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს. წელს წიგნების დისტრიბუციის პროცესში საქართველოს ფოსტა ჩაერთვება. შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ფოსტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ბაინდურაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი სოციალური ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით გაფორმდა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა აუცილებელია იმისათვის, რომ ყველა მოსწავლეს სწავლის თანაბარი პირობები ჰქონდეს.

2010-2011 სასწავლო წელს, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სახელმძღვანელოები უკლებლივ ყველა მოსწავლემ უსასყიდლოდ მიიღო. აღსანიშნავია, რომ 2010-2011 სასწავლო წელს სახელმძღვანელოები სოციალურად დაუცველ იმ მოსწავლეებს გადაეცათ, ვისი სარეიტინგო ქულა 57 000 იყო, ახალ 2011-2012 სასწავლო წელს, სახელმძღვანელოები საჩუქრად I-VI კლასის იმ მოსწავლეებსაც გადაეცემათ, ვისი სარეიტინგო ქულა 70 000-ს შეადგენს. ხოლო, VII-XII კლასის მოსწავლეებს სახელმწიფოსგან საჩუქრად სახელმძღვანელოები 57 000 სარეიტინგო ქულის შემთხვევაში გადაეცემათ.

სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების დარიგებას საქართველოს ფოსტა 1 სექტემბრიდან დაიწყებს და 14 სექტემბრამდე დაასრულებს. წიგნები ყველა რეგიონის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და მათ ყველა მოსწავლე მიიღებს. მომავალში სახელმძღვანელოები სკოლის ბიბლიოთეკებს დარჩება და შემდგომში მის გამოყენებას სხვა სოციალურად დაუცველი ბავშვები შესძლებენ.

გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს ფოსტა კიდევ ერთ ახალ სერვისს სთავაზობს ყველა მშობელს, სურვილის შემთხვევაში, მათ საშუალება ეძლევათ სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს ფოსტის მეშვეობით გამოიწერონ სასწავლო სახელმძღვანელოები, ფოსტა წიგნების სახლში მიტანას უზრუნველყოფს.

Followers