Sunday, January 29, 2012

სამუშაო შეხვედრა მანდატურებთან


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი ბაკურიანში გამართულ სემინარზე თბილისის სკოლების 100-მდე მანდატურს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მანდატურის სამსახურის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაო შეაჯამა და დადებითად შეაფასა სკოლის მანდატურთა საქმიანობა.

სემინარის ფარგლებში გიორგი ჩახნაშვილმა მანდატურებს პირადად გააცნო განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სიახლეები და სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი მანდატურის სამსახურში დაგეგმილ სიახლეებს ეთმობა.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 1500 მანდატური ასრულებს თავის მოვალეობას. 2012 წლიდან მანდატურის სამსახური გაფართოვდება და 1 მარტიდან დამატებით 24 რაიონში (წყალტუბო, სამტრედია, გურჯაანი, ქარელი, ოზურგეთი, ახალციხე, დუშეთი, ლანჩხუთი, თერჯოლა, ზესტაფონი, წალენჯიხა, სენაკი, აბაშა, ბორჯომი, ყვარელი, ჩოხატაური, ქობულეთი, კასპი, დედოფლისწყარო, მცხეთა, ჭიათურა, ხაშური, მარტვილი, თელავი) ამოქმედდება, საქართველოს საჯარო სკოლებში 150 ახალი მანდატური პირველად შეუდგება საქმიანობას. ასევე წელს, ქართული მანდატურის სამსახური სკოლის მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდება.

გთავაზობთ აბიტურიენტთათვის განკუთვნილ ცნობარს

გთავაზობთ აბიტურიენტთათვის განკუთვნილ ცნობარს. ცნობარი დაიბეჭდა გაზეთში,,ახალი განათლება" და მისი შეძენა შესაძლებელია ,,საქპრესის" და ,,საქართველოს ფოსტის" ჯიხურებში.


ცნობარი

Thursday, January 26, 2012

წლის ბოლომდე ასი ახალი ”მომავლის კლასი” გაიხსნება


თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლის ”მომავლის კლასში” გეოგრაფიის საჩვენებელი გაკვეთილი რუსთავის №24 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ჩატარდა. ინტერაქტიული გაკვეთილი კლასში დამონტაჟებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართა და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.

მრავალფუნქციურ მომავლის კლასში ნებისმიერი გაკვეთილი ინტერაქტიულ დაფაზე გამოტანილი თვალსაჩინოებების დახმარებით ტარდება. ის, რაც დაფაზე ხდება თითოეული მოსწავლის მონიტორზე აისახება, ყველა მათგანს საშუალება აქვს ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. როგორც მასწავლებელს ისე მოსწავლეს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს კომენტარები, კითხვები, შენიშვნები გაუგზავნონ. ასევე შესაძლებელია, როგორც ერთდროულად ყველა მოსწავლის მონიტორზე შესრულებული დავალების დაფაზე გამოტანა და საჯაროდ განხილვა, ისე ინდივიდუალურად თითოეულ მოსწავლესთან მუშაობა.

პრეზიდენტის ინიციატივით წარმატებული მომავლისთვის შექმნილ კლას-კაბინეტს ბევრი უნიკალური შესაძლებლობა აქვს. ყველა ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ამ კლასშია დამონტაჟებული წარმატებული მომავალი თაობის ჩამოყალიბებას ემსახურება და სასწავლო პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს და ნაყოფიერს ხდის. კლასში თავს კომფორტულად გრძნობენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში თითქმის ყველა საგნის გაკვეთილები ტარდება. სხვადასხვა საგნების სწავლებისას პედაგოგები აქტიურად იყენებენ ვირტუალურ ლაბორატორიებს. მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და აუდიო სისტემა პრეზენტაციების მოწყობის საშუალებასაც იძლევა.

პირველი ექსპერიმენტული სკოლა სისტემატიურად მასპინძლობს სხვა სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს და მათთვის მრავალფუნქციური საკლასო ოთახში საჩვენებელ გაკვეთილებს აწყობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახი უკვე გაიხსნა ყვარელშიც, პროცესი გრძელდება და უახლოეს მომავალში ანალოგიური მომავლის მრავალფუნქციური საკლასო ოთახები ყველა დიდი ქალაქის სკოლებში მოეწყობა.

“Skoool საქართველო”- ახალი ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა №143 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი ელექტრონული სასწავლო პროგრამა ”Skoool საქართველო” წარუდგინა. პროგრამა არის ახალი ინიციატივა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ ინოვაციური, ინტერაქტიული და ძალიან საინტერესო სასწავლო პროგრამები.

პროგრამა მრავალ ენაზეა თარგმნილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპანია Intel®-თან თანამშრომლობით პროგრამის ქართულ ენაზე თარგმნა და ჩვენ საგანმანათლებლო საჭიროებაზე მორგება უზრუნველყო. მისი ნახვა სამინისტროს ვებ გვერდზეა (www.skoool.ge) შესაძლებელი.

”Skoool საქართველო” სპეციალურად მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შექმნილი ადაპტირებული ელექტრონული მულტიმედიური რესურსია, რომელიც სწავლების პროცესს უწყობს ხელს, არის ცოდნის მიღებისა და თვითშეფასების უნიკალური საშუალება.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში უკვე 350-მდე სასწავლო რესურსია თარგმნილი. მულტიმედიური სასწავლო რესურსები, რომელიც ორი სახის კომპონენტისაგან (სასწავლო ობიექტები და სიმულაციები) შედგება, განაწილებულია ზოგადი განათლების სამივე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო) მიხედვით.

თითოეული საკითხი რამდენიმე სლაიდისაგან შედგება, რომელიც საკითხთან დაკავშირებულ მოკლე ინფორმაციას შეიცავს, შემდეგ მოჰყვება ტესტები. მათი დახმარებით თითოეულ მოსწავლეს თავად შეუძლია შეაფასოს საკუთარი ცოდნა. ბოლოს მოცემულია საკითხის შემაჯამებელი დებულებები.

მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს ნებისმიერი რესურსი საგაკვეთილო საჭიროებიდან გამომდინარე მითითებულისგან განსხვავებულ კლასებში გამოიყენოს. მოსწავლეები კი, ნებისმიერ გარემოში სადაც ინტერნეტი ხელმისაწვდომია, შეძლებენ პროგრამით სარგებლობას.

არსებული რესურსი დახვეწისა და განვითარების საშუალებას იძლევა. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო იმედოვნებს მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად გამოიყენებენ აღნიშნულ პროდუქტს და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მისი დახვეწა-განვითარების პროცესში.

Video

Tuesday, January 24, 2012

დიმიტრი შაშკინი სპორტის მასწავლებლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასწავლებლის სახლში თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე სპორტის მასწავლებელს შეხვდა და მათ სერტიფიცირებასთან დაკავშირებული სიახლე გააცნო - იქმნება სპორტის საგნობრივი საგამოცდო პროგრამები და დგინდება ის კრიტერიუმები, რაც ამ დისციპლინის პედაგოგებს საგამოცდოდ მოეთხოვებათ.

გასულ წელს სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგებს მხოლოდ პროფესიულ უნარებში შეეძლოთ ერთი გამოცდის ჩაბარება, მომავალში ისინი უკვე საგნობრივ ნაწილსაც ჩააბარებენ და ორი სავალდებულო გამოცდის გავლის შემდეგ სერტიფიკატის მოპოვებას შეძლებენ.

სპორტის პედაგოგთა საგამოცდო პროგრამების შემუშავებაზე სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციების წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.

სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სპორტის მიმართულების პედაგოგების საგნობრივ ნაწილში გადამზადებას და საგამოცდოდ მათ მომზადებას უზრუნველყოფს. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გაზრდილ ხელფასებს სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებიც მიიღებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრი მოსწავლეების, პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისათვის ერთდღიან ფორუმს აწყობს.

28 იანვარს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოცდების ეროვნული ცენტრის ფოიეში (მინდელის ქუჩა N9, ნუცუბიძის ქუჩის ბოლოში) მოეწყობა ცენტრის გამოცემების გამოფენა, მსურველებს იქვე შეეძლებათ ცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული სახელმძღვანელოების შეძენა.
ფორუმის ფორმატი საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან გასაუბრების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს – ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მისთვის საინტერესო კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტებისგან.

ფორუმის მსვლელობისას აბიტურიენტები მათთვის განკუთვნილი ცნობარის გაცნობას და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებასაც შეძლებენ.

Sunday, January 22, 2012

სამინისტრო გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო. განათლების სფეროში გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს:
საქართველოში საერთაშორისო IBI ბაკალავრიატის ამოქმედება;
როგორ ემზადებიან უმაღლესები ინგლისური ენის B1, B2 დონის გამოცდებისთვის (2015 წლიდან სტუდენტებს ბაკალავრის დიპლომის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება B1, B2 დონეზე მოუწევთ);
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დახვეწა;
უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში უცხოელი ლექტორების მოწვევა;
სასწავლო დაწესებულებათა აკრედიტაციის პროცესი;
წარმატებული სპორტმენებისთვის უმაღლესებში ჩარიცხვისას ქვოტების დადგენა;
უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაზაზე პროფესიული კოლეჯების დაარსების შესაძლებლობა;
საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების დახვეწა.
სამინისტროში სპეციალური კომისია გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით შეიქმნა, მის შემადგენლობაში არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს წარმომადგენლები, საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები. კომისია იმ პრიორიტეტებს შეიმუშავებს, რომელთაც სამინისტრო მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ეტაპობრივად განახორციელებს.

Video

Friday, January 20, 2012

მიღწევები და მომავალი გამოწვევები


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროში მოწვეულ დეპუტატებს, მეცნიერებს, რექტორებს, სკოლისა და პროფესიული კოლეჯების დირექტორებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მანდატურებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სიახლეები და სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო.

შეხვედრაზე წარმოდგენილ ვრცელ პრეზენტაციაში მინისტრი განათლების ყველა სფეროს შეეხო. კერძოდ, მომავალი წლისთვის VII-XII კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაინერგება და ამ კლასებისთვის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შეიქმნება, მათი ფასი 10 ლარს არ აღემატება; ამოქმედდება მოსწავლის ცოდნის შეფასების ახალი სისტემა; კიდევ უფრო გაიზრდება ატესტატის მნიშვნელობა.

მომავალი წლიდან ფართოდ დაინერგება მრავალკომპონენტიანი E-strategy (ელექტრონული სტრატეგია), რომელიც მთელ სისტემას მოიცავს; გაძლიერდება სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება; გამოვა ამ საგნის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელო და გადამზადდებიან პედაგოგები; გაიხსნება 100 ახალი ,,მომავლის კლასი”, სკოლები ,,ჭკვიანი დაფებით” (smart board) აღიჭურვება; შეიქმნება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები და ყველა საგანში შემეცნებითი კომპიუტერული თამაშები დაინერგება; 2012 წელს 60 000-მდე პირველკლასელი და მათი პედაგოგები სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში წარმოებულ კომპიუტერებს მიიღებენ; უფასო სახელმძღვანელოები ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს გადაეცემა.

ახალი წლიდან გაგრძელდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებას ითვალისწინებს. პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში ქართულენოვანი პედაგოგების გაგზავნა. პროგრამაში უკვე ჩართულია 150 მონაწილე, სასწავლო წლის დასრულებამდე პროგრამაში ჩართულ მონაწილეთა რიცხვი 500-მდე გაიზრდება, რამდენიმე რაიონში უკვე გაიხსნა და მომავალ წელს ყველა რაიონში გაიხსნება ქართული ენის სახლები.

გაძლიერდება ინგლისური ენის სწავლება და პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში 1500 ინგლისურენოვანი მასწავლებელი ჩამოვა; ადგილობრივი 300 ინგლისური ენის მცოდნე მოხალისე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლად იმუშავებს; გაიხსნება ინგლისური ენის კაბინეტები; უმაღლესებში სტუდენტებს ბაკალავრის დიპლომის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება B1, B2 დონეზე მოუწევთ; კიდევ უფრო გაძლიერდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, პროგრამა ”აინშტაინი”-ს ფარგლებში სკოლები ახალი ლაბორატორიებით (სულ 1800) აღიჭურვება.

გაგრძელდება წარჩინებულ მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების პროგრამები; გადამზადდებიან პედაგოგები; გაგრძელდება პედაგოგთა ხელფასების ზრდა; გაფართოვდება მანდატურის სამსახური და იგი წელს სკოლის მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდება; გაგრძელდება ინკლუზიური განათლების განვითარება, საკვირაო და კერძო სკოლების ხელშეწყობა; გაიზრდება ეთნიკური უმცირესობებისათვის განათლების ხელმისაწვდომობა.

გაგრძელდება საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტების დაჯილდოება, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამების დაფინანსება, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი სტუდენტური დასაქმების პროგრამაზე გააკეთა, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე 25 000 სტუდენტის საზაფხულო სამუშაოებზე დასაქმებას გულისხმობს და მეორე მთავარი სიახლე - საქართველოს 15 ქალაქის (რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ზესტაფონი, გორი, ხაშური, ზუგდიდი, ბათუმი, ტყიბული, ონი, ჭიათურა, ახალქალაქი, სამტრედია, ოზურგეთი, თელავი) მოსახლეობა გადამზადდება ინგლისურში, კომპიუტერსა და პროფესიულ ორიენტაციაში.

2012 წლის ბიუჯეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აშენდება 20 ახალი სკოლა; სკოლებს გადაეცემათ 100 000 ახალი მერხი; 5000 ახალი დაფა და 25 000 კომპიუტერი; ახალი დაფინანსების სისტემით აღარ იარსებებს დანაკლისიანი სკოლები.

2012 წლისთვის აშენდება: მასწავლებლის სახლები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, 3 ახალი პროფესიული სასწავლებელი (თბილისი, ოზურგეთი, ქობულეთი), 2 ახალი საინფორმაციო ცენტრი (თელავი, ზუგდიდი), საგამოცდო ცენტრი თბილისში, სონის პროფესიული კოლეჯი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, მოხდება ხელნაწერთა ინსტიტუტის რეაბილიტაცია.

გაგრძელდება პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა, მეცნიერების განვითარება და პოპულარიზაცია. სამეცნიერო კვლევებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 37 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

Tuesday, January 3, 2012

მინისტრის საჩუქარი ნიკას

მინისტრის საჩუქარი ნიკას

Followers