Wednesday, December 12, 2012

მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა


               საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები თბილისისა და რეგიონების მოსწავლეთა თვითმმართველობების წარმომადგენლებს, სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებს, სასკოლო ოლიმპიადებსა და ტურნირებში გამარჯვებულ მოსწავლეებს  შეხვდნენ.
              შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის ორგანიზებით გაიმართა. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა. აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
             შეხვედრაზე საუბარი შეეხო  სასკოლო სამოქალაქო კლუბებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობების საქმიანობას. მოსწავლეებმა ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს და იმ შედეგებზე ისაუბრეს, რომელსაც განხორციელებული პროექტების შედეგად მიაღწიეს. ამავე შეხვედრაზე საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის წარმომადგენლებმა სამოქალაქო კლუბებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როლზეც ისაუბრეს და გარკვეული რეკომენდაციებიც  წარმოადგინეს.
            ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ მოსწავლეებს განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეები და სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრის მოადგილემ მოსწავლეთა შეკითხვებსაც უპასუხა.

Thursday, December 6, 2012

ინფორმაცია 2012-2013 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გადასული მოსწავლეების შესახებ

           ცხრილში მოცემულია თქვენი სკოლიდან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გადასული მოსწავლეების ჩამონათვალი. თუ ცხრილში უზუსტობას აღმოაჩენთ, "მონაცემების შეტანა" - ბმულის საშუალებით გადადით მონაცემთა შეტანის გვერდზე. აირჩიეთ შესაბამისი კლასი და საგანი და შეასწორეთ ქულები.

           თუ მეორე ტურში გადასულთა შორის მოსწავლე შეცდომითაა შეტანილი, გადადით მონაცემთა შეტანის გვერდზე, აირჩიეთ შესაბამისი კლასი-საგანი და წაუშალეთ შეცდომით შეტანილი ქულა ან ჩაუწერეთ ქულა - 0.

          თუ მოსწავლე გადასულია მეორე ტურში და ჩამონათვალში არ არის, გადადით მონაცემთა შეტანის გვერდზე, აირჩიეთ შესაბამისი კლასი-საგანი და შეიტანეთ ქულა. მონაცემების შეტანის შემდეგ დაბრუნდით ამავე გვერდზე და შეამოწმეთ, რომ შეტანილი ცვლილებები ნამდვილად აისახა ჩამონათვალში.

         ცვლილებების შეტანა შეგიძლიათ 2012 წლის 6 დეკემბრის 18:00 საათამდე.

Monday, November 19, 2012

სპარტაკიადა

      დღეს, 19 ნოემბერს, ჩატარდა ფინალური შეხვედრა ფრენბურთში XII - 2  და  X - 3 კლასის გოგონებს შორის, მატჩი XII - 2 კლასის გამარჯვებით დამთავრდა.

                                     ვულოცავთ XII - 2 კლასს გამარჯვებას.

Thursday, November 15, 2012

სპარტაკიადა

               დღეს, 15 ნოემბერს, დაიწყო სპარტაკიადა ფრენბურთში გოგონებს შორის. დღესვე გაიმართა I ტურის შეხვედრა, რომელშიც XII-2 კლასმა გაიმარჯვა. დანარჩენი მატჩები გაიმართება 16 და 19 ნოემბერს.

Monday, November 12, 2012

მინისტრმა საზოგადოებას კიდევ ერთი ახალი ინიციატივა წარუდგინა



        საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთი ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც მე-10-12 კლასის მოსწავლეთა სკოლიდან გარიცხვას უკავშირდება.
       სამინისტრო მიიჩნევს, რომ გარკვეულ შემთხვევებში მოსწავლის გარიცხვის სამართლებრივი ნორმა მათი სკოლიდან განთესვის, სეგრეგაციისა და მანიპულირების ინსტრუმენტია. ამიტომ, მინისტრი საჯარო სკოლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, ფსიქოლოგებსა თუ ექსპერტებს მოუწოდებს ამ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით ორი კვირის ვადაში საკუთარი ხედვა წარმოადგინონ.
      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რა მექანიზმები ამოქმედდეს იმისათვის, რომ მოსწავლის დისციპლინური პრობლემები სკოლაშივე მოგვარდეს და არ მოხდეს პრობლემისაგან გაქცევისა და მისი გადავადების ფაქტები. 
      ვინაიდან რიგ შემთხვევებში სკოლებში დისციპლინის პრობლემა ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, ერთ-ერთი ალტერნატივა ამ კუთხით შესაძლოა ფსიქოლოგიური სამსახურების ფორმირება გახდეს.

Sunday, November 11, 2012

გერმანიის გაერთიანება


  
          31 ოქტომბერს გერმანული ენის პედაგოგების, ნაისი კუპრაშვილისა და ეთერ კაშმაძის, ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება თემაზე  ,,გერმანიის გაერთიანება",  რომელშიც მონაწილეობდნენ VIII - XI კლასების მოსწავლეები.

        ბავშვებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ზემოთ აღნიშნული თემის პრეზეტაცია, მეტყველებდნენ გამართულად, ცდილობდნენ გამოევლინათ გერმანიის ისტორიისა და გერმანული ენის ცოდნა, გამოყენებული ჰქონდათ თემის შესაბამისი პოსტერები. 

იცვლება სკოლის მანდატურის უნიფორმა


      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს მიმართა ჩაერთონ სამინისტროს სკოლის მანდატურის სამსახურის მიერ ორგანიზებულ წამახალისებელ კონკურსში და დახატონ სკოლის მანდატურის ახალი, მათთვის სასურველი უნიფორმის ესკიზები.

    კონკურსი 12 ნოემბერს გამოცხადდება და 26 ნოემბრამდე გასტანს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს შეეძლება. ესკიზების წარმოდგენა მოსწავლეებს საკუთარ სკოლებში ან მანდატურის სამსახურის ცენტრალურ ოფისში შეუძლიათ მისამართზე ალექსიძის ქ. #1.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი განათლების ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

       გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და განათლების ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


        მაია მიმინოშვილმა შეხვედრაზე ყოველ მათგანთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ასევე აღნიშნა, რომ გაითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტთან დაკავშირებით და წინასწარ გააცნობს დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამოცდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სიახლეს.

      ცენტრის დირექტორმა შეხვედრაზე იმ სიახლეებზეც ისაუბრა, რომელიც გამოსაშვები გამოცდების ჩატარებაშია დაგეგმილი და ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა აქტუალურ შეკითხვას გასცა პასუხი.

Monday, November 5, 2012

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა


გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხა.
მაია მიმინოშვილმა შეხვედრაზე გამოსაშვები გამოცდების ჩატარებაში განხორციელებულ იმ ცვლილებებსა და სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც 2013-2014 სასწავლო წლიდან დაინერგება. ახალი მოდელის მიხედვით, მე-11 კლასის მოსწავლეები, სასწავლო წლის ბოლოს, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ, მე-12 კლასში კი მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის, მათემატიკისა და ისტორიის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.


საუბარში ცენტრის დირექტორი იმ გამონაკლისსაც შეეხო, რომლის მიხედვითაც 2012-2013 სასწავლო წლის დასასრულს მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს ცენტრალიზებულად არ ჩააბარებენ. გამოცდის ფორმატს ინდივიდუალურად თავად სკოლა შეარჩევს.

შეხვედრაზე საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს მაია მიმინოშვილმა სთხოვა დახმარებოდნენ წელს სკოლებს გამოსაშვები გამოცდების ჩატარების ორგანიზებაში და თავის მხრივ, საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერასა და თანამშრომლობას დაპირდა მათ.

Thursday, November 1, 2012

სპორტული ღონისძიებები

        
                                                        
           29 ოქტომბერს დაიწყო სასკოლო სპარტაკიადა კალათბურთში X-XII კლასებს შორის. სპარტაკიადის ყველა ტური  საინტერესოდ  წარიმართა, განსაკუთრებით დრამატული აღმოჩნდა ნახევარფინალური შეჯიბრებები, რომელშიც X-2 კლასმა დაამარცხა XII-3 კლასი, ხოლო XI-3 კლასმა - XI-2 კლასი.
          ფინალური შეხვედრა XI-3 და X-2 კლასების გუნდებს შორის შედგა დღეს, 1 ნოემბერს, როგორც მოსალოდნელი იყო თამაში საინტერესო გამოდგა, დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა XI-3 კლასის გუნდმა.



        ვულოცავთ XI3 კლასს  გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ.
                                                                            
                        
                                                                          


Wednesday, October 31, 2012

მაია მიმინოშვილი სკოლის დირექტორებს შეხვდა


        გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა სკოლის დირექტორებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. 
ცენტრის ხელმძღვანელმა სკოლის დირექტორებს ახლი მოდელი გააცნო და იმ 8 გამოცდაზე ისაუბრა, რომელსაც სკოლები მოსწავლეებს, წელს, გამონაკლისის სახით, თავად ჩაუტარებენ.
2012-2013 სასწავლო წლის დასასრულს, მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს ცენტრალიზებულად არ ჩააბარებენ. გამოცდის ფორმატს ინდივიდუალურად შეარჩევს თავად სკოლა. სკოლის პრეროგატივა იქნება ნაშრომების შეფასებაც.

        მაია მიმინოშვილი სკოლის დირექტორებს მხარდაჭერასა და თანამშრომლობას დაპირდა. ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამის შექმნისას, ნებისმიერ სკოლას საშუალება ექნება, სურვილის შემთხვევაში, რჩევები და კონსულტაციები მიიღოს გამოცდების ეროვნული ცერტრის თანამშრომლებისგან.

საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდები

    დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების, პედაგოგებისა თუ ზოგადად, საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ უმოკლეს ვადაში შეიმუშავა სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოდელი, რომელიც ლოგიკურად თანხვდება ამა თუ იმ საგნის სავალდებულო ნაწილის სწავლების დასრულებას და საგამოცდო პროცესს მოსწავლეებისათვის მაქსიმალურად მოქნილს ხდის.
ახალი მოდელით მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ,  მე-12 კლასში კი მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის, მათემატიკისა და ისტორიის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
        ამასთან, მე-11 კლასის მოსწავლე, ამა თუ იმ საგანში წარუმატებლობის მიუხედავად, შეუფერხებლად აგრძელებს სწავლას მომდევნო კლასში და აღნიშნული საგნის გამოცდას დამატებით აბარებს სასწავლო წლის ბოლოს.
ახალი მოდელის სპეციფიკიდან გამომდინარე, 2012-2013 სასწავლო წლის დასასრულს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უშუალოდ უზრუნველყოფენ მეთორმეტეკლასელთა სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარებას.
მოსწავლეები, რომლებიც 2012-2013 სასწავლო წელს მეთერთმეტე კლასში სწავლობენ,  გამოცდებს, გამონაკლისის სახით,  არა მაისში, არამედ მომდევნო სასწავლო წლის ოქტომბერში ჩააბარებენ. შესაბამისად, მათ ოპტიმალური დრო ექნებათ გამოცდებისათვის მოსამზადებლად.
      ხოლო, მომავალი სასწავლო წლიდან სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. გამოცდები კომპიუტერულად, ცენტრის მიერ შემუშავებული ე.წ. cat-ის მოდელით ჩატარდება.
უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მიზნით აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ტრადიციულად, ივლისის თვეში ჩააბარებენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს მუშაობას კონცეფციის შუმუშავებისათვის, რომლითაც განისაზღვრება საგანმანათლებლო სისტემაში გასატარებელი კომპლექსური ცვლილებები. სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოდელის საბოლოო მოდიფიცირება,  ძირითადი პრინციპების შენარჩუნებით, აღნიშნული კონცეფციის შემუშავების შემდეგ მოხდება.

Monday, October 22, 2012

2012-2013 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების განრიგი

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ყველა ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებაში ერთდროულად ჩატარდება. იხ. განრიგი:
3 ნოემბერს, 10 საათზე - მათემატიკა;
3 ნოემბერს, 15 საათზე - რუსული ენა;
4 ნოემბერს, 10 საათზე - ბიოლოგია;
4 ნოემბერს ,15 საათზე - ინგლისური ენა;
10 ნოემბერს,10 საათზე - ქართული ენა და ლიტერატურა/ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის;
10 ნოემბერს, 15 საათზე - ფრანგული ენა;
11 ნოემბერს, 10 საათზე - გეოგრაფია;
11 ნოემბერს, 15 საათზე - ქიმია;
17 ნოემბერს, 10 საათზე - ისტორია;
17 ნოემბერს, 15 საათზე - ფიზიკა;
18 ნოემბერს, 10 საათზე - ინფორმატიკა;
18 ნოემბერს, 15 საათზე - გერმანული ენა.

Wednesday, September 19, 2012

დაჯილდოვება





თბილისის მოზარდთა სახლის ფონდმა ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი ,,მაძიებელი" დააჯილდოვა სიგელით სამოქალაქო განათლების კლუბის facebook-ის გვერდების კონკურსში მონაწილეობისათვის.

კლუბის წევრებს ვუსურვებ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში.

Monday, September 17, 2012

ახალი სასწავლო წლის მილოცვა

სსიპ ქალაქ თბილისის #94 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა და დირექცია ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებებს.

Friday, July 6, 2012

კონკურსის „ქართული კალიგრაფია“ გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ


ყოველწლიურად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ატარებს კონკურსს „ქართული კალიგრაფია“, რომელშიც ჩვენი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ.

წლევანდელ კონკურსში IX კლასის 4 მოსწავლე მონაწილეობდა. ოთხივე მათგანი გადავიდა ფინალურ ტურში. თამარ კემუხტაშვილმა და მარიამ ზარიძემ მიიღეს „პატარა კალიგრაფის“ ტიტული და დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სიმბოლური პრიზებით. ანა გოგბერაშვილმა თავის ასაკობრივ ჯგუფში II ადგილი მოიპოვა და 400 ლარი პრემია, ხოლო თინა მამულაიძე გახდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული და მიიღო 200 ლარი პრემია.

მოსწავლეებს, ირანელი კალიგრაფისტის მიერ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩაუტარდათ მასტერკლასი და თეორიული კურსი.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს.

Sunday, April 29, 2012

საატესტატო, სამაგისტრო და სასერტიფიკაციო გამოცდების თარიღები ცნობილია


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის გამოსაშვები, სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების განრიგი დაამტკიცა. საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება და 30 მაისს დასრულდება.

2012 წლის გამოცდების განრიგი:
21 მაისი - ქართულ ენა და ლიტერატურა, ქართული ენა, როგორც მეორე ენა
22 მაისი - უცხოური ენა
23 მაისი - ისტორია
24 მაისი - გეოგრაფია
25 მაისი - ფიზიკა
28 მაისი - ქიმია
29 მაისი - ბიოლოგია
30 მაისი - მათემატიკა

რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდებს, 12 ივლისს გამოცდა წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში, ხოლო 13 ივლისს ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში ჩატარდება.

2012 წლის მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდები 2 ივლისიდან 19 ივლისამდე გაიმართება.

გამოცდების დეტალური განრიგი:
2,3,4 და 5 ივლისი - უნარები
6 ივლისი- ქართული ენა და ლიტერატურა (VII- XII კლასების)
11 ივლისი - გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია, ქიმია, მათემატიკა (მე7-ე -მე12-ე კლასების)
12 ივლისი - დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის (I –IV კლასები)
13 ივლისი- ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება (I –VI კლასები)
18-19 ივლისი- უცხოური ენები

აღსანიშნავია, რომ 2011-2012 წლის საატესტატო გამოცდებში კომპეტენციის ზღვარი 5.5 იქნება.  გასული წლის მსგავსად, გამოცდები  ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით რვა საგანში ჩატარდება.

Wednesday, April 18, 2012

17 აპრილიდან ყველა პირველკლასელის ინტერნეტრეგისტრაცია იწარმოებს


2012 წლის 17 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელის ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იყო შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობდნენ, ან მშობლები მუშაობდნენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

წელს პირველად, რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით არის შესაძლებელი. შვილის დასარეგისტრირებლად მშობელს მხოლოდ პირადი მონაცემის შევსება სჭირდება, რაც რამდენიმე წუთს მოითხოვს. სპეციალური აპლიკაცია შემდეგ საიტზეა განთავსებული - www.mes.gov.ge. მშობლებს სკოლის არჩევაში e-catalog-ი(www.catalog.edu.ge) დაეხმარებათ, სადაც ყველა საჯარო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული.

ბავშვის ონლაინ რეგისტრაციისათვის მშობელი შემდეგ ფორმას ავსებს: ბავშვის სახელი და გვარი, პირადი ნომერი. მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და როდესაც სისტემა დაუდასტურებს მას რეგისტრაციას, მას ოფიციალურად საბუთების წარდგენა უკვე სკოლაში მოუწევს.

მშობელი რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე იღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ. ასევე, მშობელი შეტყობინებას ჩარიცხვის შესახებ, სმს-ის საშუალებითაც მიიღებს.

მშობლებს, რომლებსაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ, დასარეგისტრირებლად შეუძლიათ თავიანთი რაიონის რესურსცენტრს მიმართონ. ონლაინ რეგისტრაცია მხოლოდ საჯარო სკოლებზე ვრცელდება. კერძო სკოლები პირველკლასელთა მიღებას ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებენ.

რეგისტრაციის პროცესი არის თავისუფალი, ნებისმიერ მშობელს მოსწავლე მისთვის სასურველ სკოლაში შეუძლია დაარეგისტრიროს. პირველკლასელთა სასურველ სკოლაში ონლაინრეგისტრაციისათვის საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება. ყველა დარეგისტრირებული ბავშვი 15 სექტემბერს პრეზიდენტისაგან საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერს ”ბუკს” მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბავშვის სკოლაში მიყვანა მშობელს შეუძლია 5 წლის ასაკიდან. პროცესი ნებაყოფლობითია და მშობელი თავად აკეთებს არჩევანს.

2011 წლიდან სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი შეიცვალა და ამისთვის კონკრეტული ვადები დადგინდა. წელს, ცვლილება პირველკლასელთა დარეგისტრირების წესში შევიდა და პროცესი კიდევ უფრო გამჭირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა.

Wednesday, April 4, 2012

ლეონარდო და ვინჩი 2012


მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი 2012” იწყება. კონკურსი შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს გამოავლენს და წაახალისებს, ასევე ხელს შეუწყობს მათი ინოვაციური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მსურველებს ნამუშევრების ელექტრონული დარეგისტრირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდებზე www.mes.gov.ge; www.rustaveli.org.ge უკვე დღეიდან შეუძლიათ.

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს გამოგონების როგორც ტექსტუალურ აღწერილობას, ასევე შესაბამის მაკეტს, მოდელს ან ნახაზებს. ელექტრონული რეგისტრაცია 1 აგვისტოს, ხოლო ნამუშევრების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარმოდგენა 16 აგვისტოს დასრულდება. კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური სექტემბრის ბოლოს სპეციალურად მოწყობილ გამოფენაზე გამოავლენს.

კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები მედლებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან. I ადგილზე გასული პროექტის წარმომდგენს 5000 ლარი, II ადგილს - 3 000 ლარი, ხოლო III ადგილს - 2 000 ლარი გადაეცემა. გრანპრის მფლობელი პროექტის ავტორი ან ავტორები კი, სასწავლო-შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

საკონკურსო პროგრამის დეტალებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.

Monday, April 2, 2012

სასერტიფიკატო გამოცდებზე მასწავლებელთა უპრეცედენტო რაოდენობა დარეგისტრირდა


2012 წელს სასერტიფიკაციო გამოცდებს 41000 პედაგოგი ჩააბარებს, ორჯერ მეტი ვიდრე გასულ წელს. გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა წელს უკლებლივ ყველა საგნის პედაგოგს აქვს. მათ შორის, უკვე სერტიფიცირებულ პედაგოგსაც, რომელსაც სურვილი აქვს კომპიუტერისა და ინგლისურის ინტერგრირებული გამოცდა ჩაააბაროს. ასევე, წელს პირველად, გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობა საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებულ პედაგოგებსაც ეძლევათ. ისინი გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ და გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.

პედაგოგთა მოტივაციის გაზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, ერთ-ერთი მათ შორის გაზრდილი ხელფასებია. სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო სქემა ასეთია: სერტიფიცირების დანამატი 75 ლარი; დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი; ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში ხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი გაუხდებათ; პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაიზრდებათ.

საგამოცდოდ პედაგოგთა მომზადების მიზნით, მასწავლებლის სახლში ყოველდღიურად ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა საგანში მიმდინარეობს. გარდა ამისა ტრენინგები ტარდება კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცდებისთვის და საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერიმენტული ნაწილისთვის. მასწავლებლის სახლში დღეში რამდენიმე ასეული პედაგოგი გადის ტრენინგს. თითოეული ტრენინგ-მოდული საგამოცდო საკითხების მიხედვითაა შედგენილი. პედაგოგების გადამზადებას სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები და მოწვეული სპეციალისტები ახორციელებენ.

პირველკლასელთა ინტერნეტრეგისტრაცია დაიწყო


2012 წლის 2 აპრილიდან პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. წელს პირველად, რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
შვილის დასარეგისტრირებლად მშობელს მხოლოდ პირადი მონაცემის შევსება დასჭირდება, რაც რამდენიმე წუთს მოითხოვს. სპეციალური აპლიკაცია შემდეგ საიტზე განთავსდება - www.mes.gov.ge. მშობლებს სკოლის არჩევაში დაეხმარებათ e-catalog-ი(www.catalog.edu.ge), სადაც ყველა საჯარო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული.

ბავშვის ონლაინ რეგისტრაციისათვის მშობელს მოუწევს შემდეგი ფორმის შევსება: ბავშვის სახელი და გვარი, პირადი ნომერი. მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და როდესაც სისტემა დაუდასტურებს მას რეგისტრაციას, მას ოფიციალურად საბუთების წარდგენა უკვე სკოლაში მოუწევს.

მშობელი რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე მიიღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ და ასევე, სმს-ის საშუალებით.

მშობლებს, რომლებსაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ, შეუძლიათ დასარეგისტრირებლად თავიანთი რაიონის რესურსცენტრს მიმართონ. ონლაინ რეგისტრაცია მხოლოდ საჯარო სკოლებზე ვრცელდება. კერძო სკოლები პირველკლასელთა მიღებას ახორციელებენ ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე.

რეგისტრაციის პროცესი არის თავისუფალი, ნებისმიერ მშობელს შეუძლია დაარეგისტრიროს მოსწავლე მისთვის სასურველ სკოლაში. პირველკლასელთა სასურველ სკოლაში ონლაინრეგისტრაციისათვის საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება. ყველა დარეგისტრირებული ბავშვი 15 სექტემბერს პრეზიდენტისაგან საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერს ”ბუკს” მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბავშვის სკოლაში მიყვანა მშობელს შეუძლია 5 წლის ასაკიდან. პროცესი ნებაყოფლობითია და მშობელი თავად აკეთებს არჩევანს.

2011 წლიდან სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი შეიცვალა და ამისთვის კონკრეტული ვადები დადგინდა. წელს, ცვლილება პირველკლასელთა დარეგისტრირების წესში შევიდა და პროცესი კიდევ უფრო გამჭირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა.

Sunday, April 1, 2012

ხელნაკეთი ნივთების და რბილი სათამაშოების გამოფენა


30 მარტს, მოეწყო მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთებისა და რბილი სათამაშოების გამოფენა. მასში მონაწილეობა მიიღეს I-IV კლასისი ხელმარჯვე მოსწავლეებმა. სათამაშოები საოცარი ფანტაზიითა და რუდუნებით იყო დამზადებული.
მადლობა თითოეული ნივთის ავტორს მნახველებისთვის დიდი ესთეთიკური სიამოვნების მინიჭებისთის.

Wednesday, March 28, 2012

მთავარი უცხო ენა ინგლისური გახდა


2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ უცხო ენად ინგლისური ენა აბიტურიენტთა 73%-მა აირჩია, ხოლო რუსული ენა მხოლოდ 17-მა პროცენტმა, 7%-მა არჩევანი გერმანულ ენაზე, 3%-მა კი, ფრანგულ ენაზე გააკეთა.
ეს უნიკალური და უმნიშვნელოვანესი შედეგი იმ რეფორმებითაა განპირობებული, რომელიც განათლების სისტემაში ტარდება. სულ რაღაც ორი წლის წინ ინგლისური ენა აბიტურიენტთა მხოლოდ 45%-მა აირჩია, ასევე 45%-მა არჩევანი რუსულ ენაზე გააკეთა და თანაფარდობა ერთი ერთზე იყო.

ინგლისური ენის პოპულარიზაციის კუთხით ესოდენ დიდი წარმატება პირველ რიგში გამოიწვია პროგრამამ ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’. ამ პროგრამის ფარგლებში, ათასობით ინგლისურენოვანი პედაგოგი ჩამოვიდა საქართველოში ამერიკიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. უცხოელმა მასწავლებლებმა ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, ქართველ მოსწავლეებს ინგლისური ენა გაძლიერებულად შეასწავლეს, ისინი ასევე დაეხმარნენ ქართველ პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში.

ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქრთველოში ინგლისური ენა დამკვიდრდა, როგორც მთავარი უცხო ენა.

Tuesday, March 27, 2012

სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირთა საყურადღებოდ


სერტიფიცირებისთვის ელექტრონული რეგისტრაცია დასრულებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირი საბოლოოდ არის დარეგისტრირებული.

იმისათვის რომ მოგენიჭოთ საგამოცდო ბარათი და უფლება გქონდეთ გაიაროთ სერტიფიცირება აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაციის ფორმაში თქვენს მიერ მითითებულ რესურს-ცენტრში წარადგინოთ შევსებული განაცხადის ფორმა და მასში მითითებული საბუთები. აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ არა უგვიანეს 30 მარტისა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ჩაითვლებით რეგისტრირებულად და შესაბამისად ვერ გახვალთ სასერტიფიკაციო გამოცდაზე. გთხოვთ დროულად მიმართოთ რესურს-ცენტრებს.
გისურვებთ წარმატებებს.

გამოცდებზე დარეგისტრირების პროცესი დასრულდა


მასწავლებელთა სასერტიფიკატო, ერთიან ეროვნულ, საატესტატო და სამაგისტრო გამოცდებზე online რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე 41 000 მსურველი დარეგისტრირდა, ორჯერ მეტი ვიდრე გასულ წელს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 37 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, საატესტატო გამოცდებს 42 590 მეთორმეტეკლასელი ჩააბარებს, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია 7564 მსურველმა გაიარა.
2012 წელს პირველად, მასწავლებელთა სასერტიფიკატო, ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) გაიარეს. online რეგისტრაციამ ხარვეზების გარეშე ჩაიარა. განსაკუთრებით კომფორტული იგი აბიტურიენტებისთვის იყო, რადგან მათ არ უწევდათ ცოცხალ რიგში დგომა და რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე რამდენჯერმე შეეძლოთ არჩევანის შეცვლა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2012 წელს სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებმა თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტი აირჩიეს; მეოთხე საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი საგნები აირჩიეს; სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაიზარდა.

გასული წლის მსგავსად, წელსაც საატესტატო გამოცდები კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით რვა საგანში ჩატარდება. კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგანში 5,5 იქნება. გამოცდები საგნების მიხედვით საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება.

სიახლეა მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე, წელს დარეგისტრირების შესაძლებლობა უკლებლივ ყველა საგნის პედაგოგს ჰქონდა. მათ შორის, უკვე სერტიფიცირებულ პედაგოგსაც, რომელსაც სურვილი აქვს კომპიუტერისა და ინგლისურის ინტერგრირებული გამოცდა ჩაააბაროს. ასევე, წელს პირველად, გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობა საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებულ პედაგოგებსაც ეძლევათ. ისინი გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ და გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.

Monday, March 26, 2012

საგანმანათლებლო დაწესებულებათა e-Catalog-ის პრეზენტაცია გაიმართა


საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროში საგანმანათლებლო დაწესებულებათა e-Catalog-ი (ელექტრონული კატალოგი) შეიქმნა. კატალოგში შესულია დეტალური ინფორმაცია საჯარო სკოლების შესახებ.
e-Catalog-ი მოიცავს სრულ ინფორმაციას სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის, სწავლების საფეხურის/სექტორის, სასწავლო პროცესის, პროგრამების, პედაგოგებისა და მოსწავლეთა მიღწევების შესახებ, სკოლის უსაფრთოების და ა.შ. კატალოგის ნახვა ვებგვერდზე www. ecatalog.emis.ge-ზეა შესაძლებელი.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა გიორგი გულუამ e-Catalog-ის პრეზენტაცია გამართეს.

საქართველოში პირველად შეიქმნა სრულყოფილი ელექტრონული კატალოგი, რომლით სარგებლობა და საგანმანათლებლო დაწესებულებათა შესახებ დეტაული ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. კატალოგი დაეხმარება პირველკლასელთა მშობლებსაც სასურველი სკოლის შერჩევასა და ინტერნეტრეგისტრაციაში, გაამარტივებს მოსწავლეთა მობილობის პროცესს. კატალოგში ასევე განთავსდება სკოლის საატესტატო გამოცდებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ მოსწავლეთა მონაცემები.

ელექტრონული კატალოგის შექმნა საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს მრავალკომპონენტიანი E-strategy-ის (ელექტრონული სტრატეგია) ფარგლებში განხორციელდა და იგი სასწავლო დაწესებულებების გამჭვირვალეობასა და ხელმისაწვდომობას ემსახურება. მომავალში დაგეგმილია უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების ელექტრონული კატალოგის შექმნა.

Video

Sunday, March 25, 2012

ქიმიის სერტიფიცირებული პედაგოგების საყურადღებოდ!

გამოცდების ეროვნული ცენტრი ქიმიის სერტიფიცირებული პედაგოგებისათვის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის აპრობაციას აწყობს. აპრობაციაში მონაწილეობის მსურველებმა საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონი) უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტაზე merab@naec.ge
აპრობაცია ჩატარდება 1 აპრილს აგრარული უნივერსიტეტის (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ) ადმინისტრაციულ კორპუსში სამ სესიად: 10:00; 13:00 და 16:00 სთ-ზე.
გამოცდა საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერიმენტულ ნაწილში სეტიფიცირებული პედაგოგებისათვის 2012 წელს პირველად ჩატარდება.

Thursday, March 22, 2012

მოსახლეობის 46% თვლის, რომ განათლების კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდა


NDI-ის დაკვეთით საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ,-საზოგადოების განწყობა საქართველოში, განათლების კუთხით შემდეგი შედეგები მოგვცა :

შეკითხვაზე, ბოლო სამი წლის განამავლობაში როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში განათლების კუთხით, მოსახლეობის 46% თვლის რომ, განათლების კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო, კითხვაზე რამდენად განიხილავენ პოლიტიკოსები საქართველოში განათლების საკითხს, მოსახლეობის 71% თვლის რომ, განათლების საკითხი სათანადოდ არის განხილული.

მოგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო რეფორმას ახორციელებს 49 მიმართულებით, აუმჯობესებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურას, ზრუნავს სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლებაზე და განათლების მიღების ხელმისაწვდომობაზე. NDI-ის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ, კიდევ ერთხელ ცხადყო რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ რეფორმებს მხარს უჭერს.

Sunday, March 18, 2012

ფიზიკაში სასერტიფიკაციო გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის აპრობაცია გაიმართა


2012 წელს პირველად, საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგები გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ და დამატებით 75 ლარს მიიღებენ. დღეს, სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგებისათვის ფიზიკის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის აპრობაცია ჩაატარა, რომლის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში აკვირდებოდა.
აპრობაციისას პედაგოგებს ექსპერიმენტული დავალება მიეცათ, რომლის შესრულება შესაბამის ცოდნასა და უნარებს მოითხოვს. დავალების შესრულებისას მონაწილეებს ასევე საზომი ხელსაწყოების გამოყენება უწევდათ. მსგავსი ტიპის ექსპერიმენტების მოსწავლეებისათვის დემონსტრირება, მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის.

საბუნებისმეტყველო საგნების ყველა პედაგოგს მასწავლებლის სახლში შესაძლებლობა აქვს ტრენინგები ექსპერიმენტულ ნაწილშიც გაიარონ, რათა შეძლოს ”აინშტაინის ლაბორატორიის” გამოყენებით საგაკვეთილო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვა და გამოცდისთვის სათანადო მომზადება.

სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო სქემა კი, ასეთია: ხელფასზე დანამატი 75 ლარი; დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი; ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში ხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი აქვთ; პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაიზრდებათ.

Monday, March 12, 2012

პირველი აპრილიდან სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება!

პირველი აპრილიდან სასურველ სკოლაში მშობლებს პირველკალსელების დარეგისტრირდება უკვე ინტერნეტით შეეძლებათ. დარეგისტრირების ახალი წესი ყველა დიდ ქალაქში ამოქმედდება. მშობელი შვილის მონაცემებს საიტზე დაარეგისტრირებს და ბავშვს სახლიდან გაუსვლელად სკოლაში ჩარიცხავს. ამ მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე და ასევე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) საიტზე სპეციალური აპლიკაცია განთავსდება.

მოზარდის დასარეგისტრირებლად მხოლოდ სამი კომპონენტი იქნება საჭირო - სასურველი სკოლის არჩევის შემდეგ, ვებ გვერდზე ბავშვის სახელი, გვარი და პირადი ნომერი უნდა ჩაიწეროს. დამატებით საბუთებს მშობელი სკოლაში წარადგენს.

პირველი აპირილიდან რეგისტრაციის გავლა მხოლოდ მათ შეეძლებათ, ვისი და-ძმაც უკვე სწავლობს არჩეულ სკოლაში. საყოველთაო რეგისტრაცია, კი 15 აპრილიდან დაიწყება.
ამოქმედდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (Emis) ვებ-გვერდი

2012 წლის იანვარში შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისიტროს ახალი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS). EMIშ-ის ძირითადად მიმართულებას წარმოადგენს, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება განათლების სექტორში.

Thursday, March 8, 2012

მასწავლებლის სახლში ტრენინგები გრძელდება


მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები გრძელდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს საგნობრივი, პროფესიული უნარებისა და ლაბორატორიული ნაწილის ტრენინგებს დაესწრო.
ინგლისურის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის ლაბორატორიული ნაწილისა და პროფესიული უნარების ტრენინგებში მასწავლებლის სახლში 100-მდე პედაგოგი მონაწილეობდა. თითოეული მათგანი სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ემზადება და მასწავლებლის სახლში მათ საშუალება აქვთ საკუთარი ცოდნა საგამოცდო პროგრამების მიხედვით შედგენილი ტრენინგ-მოდულებით გაიღრმავონ. მინისტრი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი მასწავლებლებს პირადად გაესაუბრნენ და მათი შეხედულებები გაიზიარეს.

მასწავლებლის სახლში ყოველდღიურად ყველა საგანში, პროფესიულ უნარებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიულ ნაწილში რამდენიმე ასეული მასწავლებელი ემზადება. შენობაში ტრენინგებისთვის 10 აუდიტორიაა გამოყოფილი და თითოეულ მათგანში დღის განმავლობაში ერთმანეთს რამდენიმე ჯგუფი ენაცვლება. გარდა ამისა პედაგოგებს საშუალება აქვთ ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდებისთვისაც მოემზადონ და მაღალკვალიფიციურ ტრენერებთან სპეციალური კურსი გაიარონ. ტრენინგები მასწავლებლის სახლში უფასოა და მისი გავლა ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია.

Monday, March 5, 2012

სკოლებში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ახალი პროგრამები ამოქმედდება


საქართველოს პრეზიდენტის ინიციტიავით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და იუსტიციის სამინისტროები სკოლებში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ახალ პროგრამებზე იწყებენ მუშაობას. დღეს, პირველი სამუშაო შეხვედრა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ფსიქოლოგებთან გამართეს.
როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, შეიქმნება სპეციალური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება რისკის ჯგუფის არასრულწლოვნების სხვადასხვა სახის პროგრამებში ჩართვაზე, რომელიც უზრუნველყოფს შემდგომში დანაშაულის თავიდან აცილებას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შექმნას სერვისები, რომლებიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, ჩაერთონ სხვადასხვა სახის სოციალურ, საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებში, რომელიც ამცირებს არასრულწლოვნებში დანაშაულის ჩადენის ალბათობას. ამ პროცესში, განსაკუთრებულ როლს, ფსიქოლოგებთან ერთად, მანდატურებიც ითამაშებენ, რომლებიც სპეციალურ გადამზადებას გაივლიან.

ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს ზოგადად არასრულწლოვანთა დანაშულის პრევენციაზე, მსჯავრდებული არასრულწლოვნების რეინტეგრაციასა და რესოციალიზაციაზე ორიენტირებული პროგრამები. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს არაერთ პროგრამას (მაგ. ,,ჩემი უფროსი მეგობარი”, ”განრიდებისა და მედიაციის პროგრამა”, ”საზოგადოებრივი პროკურატურა”, ”ლიდერთა სახლი”, ”მედიაცია სკოლაში”, ”ფსიქოლოგის კონსულტაციები”, ”ცხოვრების ჯანდაღი წესის შესწავლა”, ”უფროსი მეგობრის პროგრამა” და ა.შ.), რომლებშიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები არიან ჩართულნი.

ახალი პოლიტიკის მიზანია, სახელმწიფომ სხვადასხვა სახის სერვისები შესთავაზოს მაღალი რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებს, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული მათ მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები და ამავდროულად, სრულყოფილად იყვნენ ჩართული ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში. პროგრამები საჯარო სკოლების ბაზაზე შეიქმნება. სამუშაო პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

Sunday, March 4, 2012

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური მიმდინარეობს


ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური შაბათს, 3 მარტს ქიმიის ოლიმპიადით დაიწყო - 2012 წელს პირველად, ქიმიისა და ფიზიკის ოლიმპიადის მესამე ტურის მონაწილეები გარდა თეორიულინაწილისა სასწავლო ლაბორატორიებში პრაქტიკულ ნაწილსაც შეასრულებენ.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ოლიმპიადის მესამე ტური აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიებში ტარდება. პრაქტიკული ტურისათვის მონაწილეების რეგისტრაციის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გაეცნენ

ოლიმპიადა ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე სამ ტურად ტარდება. დასკვნით ტურში გამარჯვებული ათი მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი გახდება და საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.

კოკა სეფერთელაძის განცხადებით, სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების ორგანიზებას და ამით ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის სტიმულირებასა და ნიჭიერი, შრომისმოყვარე მოსწავლეების გამოვლენას.

Tuesday, February 28, 2012

2011-2012 სასწავლო წლის ქართული ენისა და ლიტერატურის, ქართული ენისა (არაქართულენოვანი) და ინფორმატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგე

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის აპელაცია
ქართული ენისა და ლიტერატურის, ქართული ენისა და ინფორმატიკის საგნის ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი სსიპ - გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღება 29 თებერვალს და პირველ მარტს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
• თბილისი - გამოცდების ეროვნული ცენტრი - მინდელის ქუჩა N9 (ნუცუბიძის ქუჩის ბოლოში)
•რაიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წერილობით.

ოლიმპიადის მონაწლეს უფლება არ აქვს შეხვდეს საპრეტენზიო კომისიის წევრს.

საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის მონაწილეს შეიძლება მოემატოს ან დააკლდეს შეფასება ან ნაშრომის ქულა დარჩეს უცვლელი


აპელაციის განაცხადის ფორმა


საგნების ჩამონათვალი და მაქსიმალური ქულა


ქართული ენა და ლიტერატურა IX-X კლასი
ქართული ენა და ლიტერატურა XI-XII კლასი

ქართული ენა IX-X კლასი (არაქართულენოვანი)
ქართული ენა XI-XII კლასი (არაქართულენოვანი)


ინფორმატიკა VIII კლასი
ინფორმატიკა IX-X კლასი
ინფორმატიკა XI-XII კლასი

”ქართული კალიგრაფიის კონკურსი” გამოცხადდა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, „ქართული კალიგრაფიის’’ კონკურსი ტარდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს, სტუდენტებს და საქართველოს მოქალაქე სხვა ზრდასრულ დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ემიგრანტ ქართველებს.

კონკურსი 3 ეტაპიანია. პირველ ეტაპზე, თითოეულმა კონკურსანტმა 2012 წლის 12 აპრილის ჩათვლით, საკონკურსო ნიმუში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს. გამარჯვებულების გამოვლენა 30 ივნისს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღეს მოხდება, ამ თემასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორიმა ბუბა კუდავამ ბრიფინგი გამართეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ 7 400 ლარი პროექტის საპრიზო ფონდისთვის გამოყო. რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული კონკურსანტები სერთიფიკატებთან ერთად, სერიოზულ ფულად ჯილდოებსა და ფასიან საჩუქრებს მიიღებენ. კონკურსის დასკვნითი ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.

„ქართული კალიგრაფიის’’ კონკურსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ატარებენ და მისი მიზანია ახალგაზრდებში ხელით წერით კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

კალიგრაფიის კონკურსი მესამე წელია ტარდება. თავდაპირველად კონკურსში მხოლოდ სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, გასულ წელს მათ სტუდენტები და სხვა ზრდასრული დაინტერესებული პირები დაემატათ, მათ შორის ემიგრანტი ქართველები. კალიგრაფიის კონკურსი უწმინდესის ლოცვა–კურთხევით ტარდება.

Monday, February 27, 2012

edublog.ge - განათლების სფეროს ბლოგერთა პირველი საიტი


ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ფუნქციონირება ახალმა საიტმა დაიწყო. edublog.ge პირველი საიტია, რომელიც საკუთარ მკითხველს მხოლოდ განათლების სფეროს შესახებ არსებულ ბლოგებს სთავაზობს. საიტზე თავმოყრილია ინტერნეტსივრცეში არსებული ის ბლოგები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს განათლების სფეროში არსებულ ინფორმაციას აწვდის, მათ შორის მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებზე ბლოგების ავტორები თავიანთ მოსაზრებას აფიქსირებენ.
ბლოგერთა შორის ერთ-ერთი აქტუალური თემაა ინფორმაციული ტექნოლოგიები. გასულ კვირას გარდა ეროვნულ სასწავლო გეგმისა, ნათია ჯოხაძემ ასევე ისაუბრა ინფორმაციული ტექნოლოგიების როლზე განათლებაში, რომელსაც მის ბლოგზე დიდი გამოხმაურება მოყვა.

„...აქვე უნდა ავღნიშნო (შემდგომი მსჯელობის განსამტკიცებლად), რომ სულ პირველ ბუკელებში ჩემი უმცროსი შვილი, ელენეც მოხვდა, რომელმაც პირველად შეაბიჯა ფორმალური განათლების მნიშვნელოვან ინსტიტუციაში - სკოლაში ზუსტად 2010 წელს.“ ... წაიკითხავთ რატომ არის აუცილებელი ბავშვისა და კომიუტერის „მეგობრობა“ და რა დადებითი მხარეები აქვს ამ ყველაფერს. ავტორის გულწრფელობა კი ნამდვილად არ დაგაეჭვებთ, რადგან ის ამ საკითხზე თავისი პირადი მაგალითიდან გამომდინარე საუბრობს.

ამ თემასვე აგრძელებს 173-ე სკოლის დირექტორი შორენა ბუნტური, რომელიც საკუთარ პოსტში „რამდენად მნიშვნელოვანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება სკოლებში“ იმ უპირატესობებზე საუბრობს, რომელიც სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას გააჩნია.

კერძო სკოლა „ბაქსვუდის’ დირექტორი სანდრო ვაშაკიძე კი სასწავლებლებში სპორტის სწავლებას და მის სპეციფიკას ეხება. კითხვას „გვჭირდება თუ არა სპორტული კვოტები სკოლებსა და უმაღლესებში?“ ვაშაკიძე პასუხს და არგუმენტებს საკუთარ ბლოგზე აყალიბებს

Friday, February 24, 2012

საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები ექსპერიმენტულ ნაწილში გადამზადდებიან


2012 წელს პირველად, საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგები გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ და დამატებით 75 ლარს მიიღებენ.
მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები ყველა საგანში, მათ შორის საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერიმენტულ ნაწილშიც მიმდინარეობს. დღეს, ქიმიის პედაგოგთა ტრენინგს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.

საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგთა ტრენინგები ექსპერიმენტურ ნაწილში მიზნად ისახავს მასწავლებელთა გადამზადებას, რათა მათ შეძლონ ”აინშტაინის ლაბორატორიის” გამოყენებით საგაკვეთილო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვა. დარგის სპეციალისტები პედაგოგებს თანამედროვე დანადგარებთან და ისტრუმენტებთან მუშაობის მეთოდებს აცნობენ, ცდების და სხვადასხვა დაკვირვებების ჩატარების წესებს უხსნიან და თვალსაჩინოებების გამოყენებით, სამოდელო გაკვეთილებს ატარებინებენ.

წელს გამოცდებზე დარეგისტრირების შესაძლებლობა უკლებლივ ყველა საგნის პედაგოგს აქვს. სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო სქემა კი ასეთია: ხელფასზე დანამატი 75 ლარი; დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი; ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში ხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი აქვთ; პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაიზრდებათ.

Wednesday, February 22, 2012

სამინისტროს ”განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” პრეზენტაცია გაიმართა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ”განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” (EMIS) ახლადშექმნილი სსიპ-ის სტრუქტურისა და არსებული და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

EMIS-ი ცალკე სტრუქტურად 2012 წლიდან ჩამოყალიბდა. ახლადშექმნილი სსიპ-ის ძირითადი მიზანია თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებისა და ახალი ელექტრონული მართვის სისტემების შექმნის გზით, განათლების სისტემის მხარდაჭერა.

2012 წლამდე EMIS-ი სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. EMIS-ის მიერ 2011 წელს პირველად ჩატარდა საატესტატო გამოცდები cat-ის ტექნოლოგიების გამოყენებით, დასრულდა ყველა საჯარო სკოლის ინტერნეტიზაცია, სკოლები აღიჭურვა ახალი კომპიუტერებითა და სერვერებით.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა EMIS-ის ახლანდელი და სამომავლო შესაძლებლობები. ასევე მოხდა დამწრეთა ინფორმირება იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოს განათლების საინფორმაციო სისტემის ირგვლივ მიმდინარეობს, კერძოდ, ისეთ მნიშვნელოვან პროცესებზე, როგორიცაა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების სრულყოფილი ელექტრონული ბაზის შექმნა.

საინფორმაციო სისტემის შესაქმნელად, EMIS-ი მჭიდროდ თანამშრომლობს USAID-ის განათლების მართვის პროექტთან, რომელიც აგროვებს და ამუშავებს დახვეწილ და შემოწმებად მონაცემებს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით გადაწვეტილებების მისაღებად ანგარიშებს აწარმოებს.

EMIS-ის ბაზაზე ფუნქციონირებს IT აკადემია, რომელიც მსურველებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროფესიულ კურსებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებით და ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადებას.

Video

Tuesday, February 21, 2012

საინტერესო ვიდეოები

სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მზადება დაიწყო


მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები მიმდინარეობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პედაგოგებს ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა იმ საგანში უტარდებათ, რომლებშიც მათ გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. ტრენინგები უფასოა და მათზე დასწრება ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია.

დღეს მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ ტრენინგს ზოგად უნარებში მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი დაესწრნენ.

პროფესიული უნარების ტრენინგზე თბილისის სხავადასხვა სკოლების მასწავლებლები სასწავლო პროცესის დაგეგმვას, კომუნიკაციის ეფექტურ მეთოდებს, მოსწავლეთა მოტივაციას, შეფასებას, ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კლასის მართვის პრინციპებსა და სხვა თემებს გადიან.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაცია 13 თებერვალს გამოცხადდა და 23 მარტს დასრულდება. წელს პირველად სერტიფიცირების გავლას ხელოვნებისა და სპორტის პედაგოგებიც შეძლებენ. გარდა ამისა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასასვლელად მინიმუმ ერთწლიანი სწავლების სტაჟი საჭირო აღარ არის. სერტიფიცირების გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნია.

Wednesday, February 15, 2012

ინფორმატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილეთა საყურადღებოდ!

ინფორმატიკაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ჩატარდება:

• მე-8, მე-9 და მე-10 კლასელებისათვის 18 თებერვალს 09:30 საათზე;
• მე-11 და მე-12 კლასელებისათვის 19 თებერვალს 09:30 საათზე.


ინფორმატიკის ოლიმპიადის მეორე ტური ტარდება შემდეგ სკოლებში:

ქუთაისი - რაზმაძის სახ. 41-ე საჯარო სკოლა (რუსთაველის 127)
ბათუმი - მე-15 საჯარო სკოლა (გორგასლის 160)
ახალციხე - 1-ლი საჯარო სკოლა (პ.მიქუტიშვილის 2)
თბილისი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი (კოსტავას 68)

Sunday, February 12, 2012

სპეციალური შეთავაზება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს
ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრი LanGate-ის

სპეციალური შეთავაზება
გაცნობებთ, რომ ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრი „LanGate“ მიმდინარე წელს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის გეგმავს 5 დღიან გასვლით ტურს აბასთუმანში. ტურის ფარგლებში ცენტრის ამერიკელი და ქართველი სპეციალისტები ჩაატარებენ მასტერ-კლასებს სხვადასხვა თემებზე (ბიზნეს-კურსი, ოფიციალურ დოკუმენტაციაზე მუშაობა, წერილების შედგენა და.ა.შ), მონაწილეები ასევე გაეცნობიან თანამედროვე ამერიკის პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ მოისმინონ პანტომიმის თეატრიდან მოწვეული რეჟისორების ლექცია ქცევის ეტიკეტთან დაკავშირებით, იგეგმება ექსკურსიები აბასთუმნის ტერიტოტიაზე (რომანოვების სასახლე, მწვანე მონასტერი);
აბასთუმანში გამგზავრება მოხდება შპს. „საქართველოს რკინიგზის“ მატარებლით, რომლის ერთი ვაგონი მთლიანად სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის გამოიყოფა. ტურში მონაწილეობას მიიღებენ „საავტორო სტუდიის“ მუსიკოსები, რომლებიც ბორჯომამდე სტუდენტებთან ერთად იმგზავრებენ და მგზავრობის დროს მუსიკას ცოცხლად შეასრულებენ.
ღონისძიება გაშუქდება წამყვანი ტელევიზიების მიერ („რუსთავი-2, 1 არხი). ჟურნალისტები ტურში მონაწილეობას ასევე მიიღებენ.
ტურის მონაწილეები აბასთუმანში 5 დღის განმავლობაში იცხოვრებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ობსერვატორიის სასტუმროში.
მიგვაჩნია, რომ ამერიკული ცენტრის პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტების და მოსწავლეების ურთიერთგაცნობას, განათლებაზე ორიენტირებას და მათ ახალ გამოცდილებას შესძენს.
გთხოვთ, მხარდაჭერა გამოგვიცხადოთ და მონაწილეობა მიიღოთ ამერიკული ცენტრის საგანმანათლებლო პროექტში, რაც გამოიხატება თქვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში.
თავის მხრივ, „LanGate“ უზრუნველყოფს თქვენი სკოლის მხარდამჭერად მოხსენიებას ყველა მედია-აქტივობაში.

პროექტის მხარდამჭერები:




დეტალური ინფორმაცია ტურის შესახებ:

ტურის პერიოდი : 22.02.2012 – 26.02.2012;
მონაწილეთა რაოდენობა - 35 მონაწილე;
ოფიციალური ნაწილი:

 „ლანგეითის“ ამერიკელი პედაგოგის ბრაიან სმიტის მასტერ-კლასები. თემა -„ როგორ ვიშოვოთ მილიონი“;
 რეჟისორ გიორგი ტიელიძის მასტერ-კლასი ქცევის ეტიკეტის თემაზე;
 მასტერ-კლასი ოფიციალური დოკუმენტაციების შედგენის თემაზე, ასევე CV-ს, სარეკომენდაციო და სამოტივაციო წერილების მომზადება (ინგლისური ენის ქართველ პედაგოგთან);
 სალექციო კურსი თანამედროვე ამერიკის პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ (ამერიკელი სპეციალისტი);
 Speak club - მეტყველების უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის (ამერიკელი მომხსენებელი).

არაოფიციალური ნაწილი:
 ობსერვატორის მუზეუმის დათვალიერება (გიდის თანხლებით);
 მზის ობსერვატორია (გიდის თანხლებით);
 ვარსკვლავებზე დაკვირვება (გიდის თანხლებით);
 ლაშქრობა - რომანოვების სასახლე;
 გამგზავრება მწვანე მონასტერში;
 After Party .

ტურის ღირებულება - 160 ლარი.

 ტრანსპორტირება;
 სასტუმრო (სამჯერადი კვებით) - 4 ღამე;
გასვლითი ტურის მიზანია:
 ტურის მონაწილეთა ფოკუსირება სასწავლო პროგრამაზე;
 სტუდენტებისთვის საჭირო საქმიანი ქცევის სტანდარტების გამომუშავება;
 მათთვის ოფიციალურ და საქმიან დოკუმენტაციებზე მუშაობის წესების გაცნობა;
 ინგლისური სასაუბრო ენის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
 პრაქტიკული რჩევები მომავალი მენეჯერებისთვის (ბიზნეს-ინგლისურის სასწავლო კურსის სპეც-პროგრამიდან);
5 დღიანი ტურის შემდეგ დასკვნით ნაწილზე ყველა მონაწილე მიიღებს ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრის სპეციალურ სერთიფიკატს.

ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრის „LanGate“ -ს შესახებ

ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრი „LanGate“ 2011 წელს დაფუძნდა. ცენტრში ქართველი და უცხოელი პედაგოგები ასწავლიან ინლისურ ენას როგორც სასაუბრო, ისე პროფესიულ დონეზე. დღეისათვის ამერიკულ ცენტრს 20-მდე სხვადასხვა სასწავლო პროდუქტი აქვს, მათ შორის რამდენიმე ინოვაციური. თუმცა, LanGate-ს საქმიანობა მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებით არ შემოიფარგლება. აქ სისტემატურად იმართება საინტერესო საზოგადოებრივ-კულტურული თუ შემოქმედებითი ღონისძიებები; ტარდება ინტერაქტიული კონკურსები; ცენტრში გახსნილია „თავისუფალი შეხვედრების კლუბი“ რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანებს ყოველ კვირას მასპინძლობს.
ჩვენ ასევე ვცდილობთ საზოგადოებას უფრო კარგად გავაცნოთ ყველაფერი, რაც ამერიკასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ვმეგობრობთ ამერიკაში მცხოვრები ქართული დისპორის წარმომადგენლებთა; „LanGate“ მათ გასაცნობად სისტემატურად მართავს კულტურულ ღონისძიებებს.














საკონტაქტო ინფორმაცია:

ირაკლი ბებია - კოორდინატორი: ქეთი ხოსიტაშვილი - PR სამსახურის უფროსი:
ტელ: (032) 2 25 08 01 მობ: (+559) 551 78 23 23
მობ: (+559) 595 45 00 48 E-mail: keti_khositashvili@yahoo.com
E-mail: Ika.bebia@yahoo.com Website: http://langate.ge/

11, Janashia Street, Tbilisi, Georgia
Tel: + 995 322 250 801; Fax: + 995 322 250 801
Mob: + 995 514 250 880
E- mail: office@langate.ge;infolangate@gmail.

ხვალ მასწავლბელთა სასერტიფიკაციო გამოცდების რეგისტრაცია იწყება


ხვალ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასერტიფიკაციო გამოცდებზე გამსვლელი მასწავლებლებისთვის რეგისტრაციას გამოაცხადებს. პედაგოგთა რეგისტრაცია 13 თებერვლიდან დაიწყება და 23 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოცდებზე დარეგისტრირების შესაძლებლობა უკლებლივ ყველა საგნის პედაგოგს აქვს. დარეგისტრირება შეუძლია უკვე სერტიფიცირებულ პედაგოგსაც, რომელსაც სურვილი აქვს კომპიუტერისა და ინგლისურის ინტერგრირებული გამოცდა ჩაააბროს. წელს პირველად, გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებულ პედაგოგებსაც. ისინი გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ.

სასერტიფიკაციო გამოცდებზე გამსვლელ პედაგოგებს, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგებს საგნობრივ და პროფესიულ უნარ-ჩვევებში უფასოდ ჩაუტარებს.

სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ხელფასზე დანამატი 75 ლარი ექნებათ. დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი. ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25% -ში მოხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი ექნებათ. პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაიზრდებათ.

Wednesday, February 8, 2012

მინისტრი აბიტურიენტთა Online რეგისტრაციას №72 სკოლაში დაესწრო

აბიტურიენტთა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამა წელს პირველად სრულად ამოქმედდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეთორმეტეკლასელთა Online რეგისტრაციის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №72 საჯარო სკოლაში დაესწრო.

2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებისათვის მონაწილეთა რეგისტრაცია 6 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით იწარმოებს, რეგისტრაციას აპლიკანტები მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) გაივლიან.

2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება:

აბიტურიენტები მხოლოდ ელექტრონულად Online რეგისტრირდებიან;
მეორადი ჩარიცხვები უქმდება;
მეოთხე საგნად უმაღლესი სასწავლებლები მხოლოდ მაპროფილებელ საგნებს ირჩევენ;
სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაიზარდა.

2012 წელს აბიტურიენტს სახლიდან გაუსვლელად ონლაინ რეჟიმში შეუძლია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირდეს და აირჩიოს მისთვის სასურველი ფაკულტეტები. რეგისტრაციის დასრულებამდე აბიტურიენტს საკუთარ არჩევანში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა ექნება.

შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტი თავიდანვე ოც სასურველ ფაკულტეტს აირჩევს. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მსურველს უფართოვდება მისთვის სასურველი ფაკულტეტის არჩევანის არეალი, თუმცა მისი ჩარიცხვა მხოლოდ ერთხელ გაკეთებული არჩევანის საფუძველზე მოხდება. ამით გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადება დაჩქარდება და ოქტომბრის ნაცვლად, აგვისტოს ბოლომდე გახდება ცნობილი. ამდენად, 2012 წელი აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის ნაკლებად სტრესული და უფრო კომფორტული იქნება.

2010 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ სამ საგანს, მეოთხე მაპროფირებელი საგანი დაემატა.

2012 წლიდან სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე მოსახვედრად კომპეტენციის მინიმალური ზღვარი 10%-ით გაიზრდება და შესაბამისად 35% და 30% გახდება. 2011 წელს მინიმალური ბარიერი სამ საგანში 25%-ით,ხოლო უცხო ენაში 20%-ით განისაზღვრებოდა.

დიდთოვლობის გამო საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2012 წლის 9 თებერვლიდან შეჩერდება და 2012 წლის 13 თებერვალს განახლდება, ხოლო 2012 წლის 8 თებერვალს გაცდენილი საათები მოსწავლეებს საპატიოდ ჩაეთვლებათ. გაცდენილი დღეებისა და საათების ანაზღაურება შაბათის ხარჯზე მოხდება.

Sunday, January 29, 2012

სამუშაო შეხვედრა მანდატურებთან


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი ბაკურიანში გამართულ სემინარზე თბილისის სკოლების 100-მდე მანდატურს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მანდატურის სამსახურის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაო შეაჯამა და დადებითად შეაფასა სკოლის მანდატურთა საქმიანობა.

სემინარის ფარგლებში გიორგი ჩახნაშვილმა მანდატურებს პირადად გააცნო განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სიახლეები და სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი მანდატურის სამსახურში დაგეგმილ სიახლეებს ეთმობა.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 1500 მანდატური ასრულებს თავის მოვალეობას. 2012 წლიდან მანდატურის სამსახური გაფართოვდება და 1 მარტიდან დამატებით 24 რაიონში (წყალტუბო, სამტრედია, გურჯაანი, ქარელი, ოზურგეთი, ახალციხე, დუშეთი, ლანჩხუთი, თერჯოლა, ზესტაფონი, წალენჯიხა, სენაკი, აბაშა, ბორჯომი, ყვარელი, ჩოხატაური, ქობულეთი, კასპი, დედოფლისწყარო, მცხეთა, ჭიათურა, ხაშური, მარტვილი, თელავი) ამოქმედდება, საქართველოს საჯარო სკოლებში 150 ახალი მანდატური პირველად შეუდგება საქმიანობას. ასევე წელს, ქართული მანდატურის სამსახური სკოლის მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდება.

გთავაზობთ აბიტურიენტთათვის განკუთვნილ ცნობარს

გთავაზობთ აბიტურიენტთათვის განკუთვნილ ცნობარს. ცნობარი დაიბეჭდა გაზეთში,,ახალი განათლება" და მისი შეძენა შესაძლებელია ,,საქპრესის" და ,,საქართველოს ფოსტის" ჯიხურებში.


ცნობარი

Thursday, January 26, 2012

წლის ბოლომდე ასი ახალი ”მომავლის კლასი” გაიხსნება


თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლის ”მომავლის კლასში” გეოგრაფიის საჩვენებელი გაკვეთილი რუსთავის №24 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ჩატარდა. ინტერაქტიული გაკვეთილი კლასში დამონტაჟებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართა და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.

მრავალფუნქციურ მომავლის კლასში ნებისმიერი გაკვეთილი ინტერაქტიულ დაფაზე გამოტანილი თვალსაჩინოებების დახმარებით ტარდება. ის, რაც დაფაზე ხდება თითოეული მოსწავლის მონიტორზე აისახება, ყველა მათგანს საშუალება აქვს ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. როგორც მასწავლებელს ისე მოსწავლეს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს კომენტარები, კითხვები, შენიშვნები გაუგზავნონ. ასევე შესაძლებელია, როგორც ერთდროულად ყველა მოსწავლის მონიტორზე შესრულებული დავალების დაფაზე გამოტანა და საჯაროდ განხილვა, ისე ინდივიდუალურად თითოეულ მოსწავლესთან მუშაობა.

პრეზიდენტის ინიციატივით წარმატებული მომავლისთვის შექმნილ კლას-კაბინეტს ბევრი უნიკალური შესაძლებლობა აქვს. ყველა ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ამ კლასშია დამონტაჟებული წარმატებული მომავალი თაობის ჩამოყალიბებას ემსახურება და სასწავლო პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს და ნაყოფიერს ხდის. კლასში თავს კომფორტულად გრძნობენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში თითქმის ყველა საგნის გაკვეთილები ტარდება. სხვადასხვა საგნების სწავლებისას პედაგოგები აქტიურად იყენებენ ვირტუალურ ლაბორატორიებს. მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და აუდიო სისტემა პრეზენტაციების მოწყობის საშუალებასაც იძლევა.

პირველი ექსპერიმენტული სკოლა სისტემატიურად მასპინძლობს სხვა სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს და მათთვის მრავალფუნქციური საკლასო ოთახში საჩვენებელ გაკვეთილებს აწყობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახი უკვე გაიხსნა ყვარელშიც, პროცესი გრძელდება და უახლოეს მომავალში ანალოგიური მომავლის მრავალფუნქციური საკლასო ოთახები ყველა დიდი ქალაქის სკოლებში მოეწყობა.

“Skoool საქართველო”- ახალი ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა №143 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი ელექტრონული სასწავლო პროგრამა ”Skoool საქართველო” წარუდგინა. პროგრამა არის ახალი ინიციატივა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ ინოვაციური, ინტერაქტიული და ძალიან საინტერესო სასწავლო პროგრამები.

პროგრამა მრავალ ენაზეა თარგმნილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპანია Intel®-თან თანამშრომლობით პროგრამის ქართულ ენაზე თარგმნა და ჩვენ საგანმანათლებლო საჭიროებაზე მორგება უზრუნველყო. მისი ნახვა სამინისტროს ვებ გვერდზეა (www.skoool.ge) შესაძლებელი.

”Skoool საქართველო” სპეციალურად მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შექმნილი ადაპტირებული ელექტრონული მულტიმედიური რესურსია, რომელიც სწავლების პროცესს უწყობს ხელს, არის ცოდნის მიღებისა და თვითშეფასების უნიკალური საშუალება.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში უკვე 350-მდე სასწავლო რესურსია თარგმნილი. მულტიმედიური სასწავლო რესურსები, რომელიც ორი სახის კომპონენტისაგან (სასწავლო ობიექტები და სიმულაციები) შედგება, განაწილებულია ზოგადი განათლების სამივე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო) მიხედვით.

თითოეული საკითხი რამდენიმე სლაიდისაგან შედგება, რომელიც საკითხთან დაკავშირებულ მოკლე ინფორმაციას შეიცავს, შემდეგ მოჰყვება ტესტები. მათი დახმარებით თითოეულ მოსწავლეს თავად შეუძლია შეაფასოს საკუთარი ცოდნა. ბოლოს მოცემულია საკითხის შემაჯამებელი დებულებები.

მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს ნებისმიერი რესურსი საგაკვეთილო საჭიროებიდან გამომდინარე მითითებულისგან განსხვავებულ კლასებში გამოიყენოს. მოსწავლეები კი, ნებისმიერ გარემოში სადაც ინტერნეტი ხელმისაწვდომია, შეძლებენ პროგრამით სარგებლობას.

არსებული რესურსი დახვეწისა და განვითარების საშუალებას იძლევა. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო იმედოვნებს მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად გამოიყენებენ აღნიშნულ პროდუქტს და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მისი დახვეწა-განვითარების პროცესში.

Video

Tuesday, January 24, 2012

დიმიტრი შაშკინი სპორტის მასწავლებლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასწავლებლის სახლში თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე სპორტის მასწავლებელს შეხვდა და მათ სერტიფიცირებასთან დაკავშირებული სიახლე გააცნო - იქმნება სპორტის საგნობრივი საგამოცდო პროგრამები და დგინდება ის კრიტერიუმები, რაც ამ დისციპლინის პედაგოგებს საგამოცდოდ მოეთხოვებათ.

გასულ წელს სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგებს მხოლოდ პროფესიულ უნარებში შეეძლოთ ერთი გამოცდის ჩაბარება, მომავალში ისინი უკვე საგნობრივ ნაწილსაც ჩააბარებენ და ორი სავალდებულო გამოცდის გავლის შემდეგ სერტიფიკატის მოპოვებას შეძლებენ.

სპორტის პედაგოგთა საგამოცდო პროგრამების შემუშავებაზე სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციების წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.

სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სპორტის მიმართულების პედაგოგების საგნობრივ ნაწილში გადამზადებას და საგამოცდოდ მათ მომზადებას უზრუნველყოფს. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გაზრდილ ხელფასებს სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებიც მიიღებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრი მოსწავლეების, პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისათვის ერთდღიან ფორუმს აწყობს.

28 იანვარს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოცდების ეროვნული ცენტრის ფოიეში (მინდელის ქუჩა N9, ნუცუბიძის ქუჩის ბოლოში) მოეწყობა ცენტრის გამოცემების გამოფენა, მსურველებს იქვე შეეძლებათ ცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული სახელმძღვანელოების შეძენა.
ფორუმის ფორმატი საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან გასაუბრების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს – ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მისთვის საინტერესო კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტებისგან.

ფორუმის მსვლელობისას აბიტურიენტები მათთვის განკუთვნილი ცნობარის გაცნობას და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებასაც შეძლებენ.

Sunday, January 22, 2012

სამინისტრო გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო. განათლების სფეროში გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს:
საქართველოში საერთაშორისო IBI ბაკალავრიატის ამოქმედება;
როგორ ემზადებიან უმაღლესები ინგლისური ენის B1, B2 დონის გამოცდებისთვის (2015 წლიდან სტუდენტებს ბაკალავრის დიპლომის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება B1, B2 დონეზე მოუწევთ);
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დახვეწა;
უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში უცხოელი ლექტორების მოწვევა;
სასწავლო დაწესებულებათა აკრედიტაციის პროცესი;
წარმატებული სპორტმენებისთვის უმაღლესებში ჩარიცხვისას ქვოტების დადგენა;
უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაზაზე პროფესიული კოლეჯების დაარსების შესაძლებლობა;
საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების დახვეწა.
სამინისტროში სპეციალური კომისია გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით შეიქმნა, მის შემადგენლობაში არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს წარმომადგენლები, საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები. კომისია იმ პრიორიტეტებს შეიმუშავებს, რომელთაც სამინისტრო მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ეტაპობრივად განახორციელებს.

Video

Friday, January 20, 2012

მიღწევები და მომავალი გამოწვევები


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროში მოწვეულ დეპუტატებს, მეცნიერებს, რექტორებს, სკოლისა და პროფესიული კოლეჯების დირექტორებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მანდატურებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სიახლეები და სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო.

შეხვედრაზე წარმოდგენილ ვრცელ პრეზენტაციაში მინისტრი განათლების ყველა სფეროს შეეხო. კერძოდ, მომავალი წლისთვის VII-XII კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაინერგება და ამ კლასებისთვის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შეიქმნება, მათი ფასი 10 ლარს არ აღემატება; ამოქმედდება მოსწავლის ცოდნის შეფასების ახალი სისტემა; კიდევ უფრო გაიზრდება ატესტატის მნიშვნელობა.

მომავალი წლიდან ფართოდ დაინერგება მრავალკომპონენტიანი E-strategy (ელექტრონული სტრატეგია), რომელიც მთელ სისტემას მოიცავს; გაძლიერდება სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება; გამოვა ამ საგნის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელო და გადამზადდებიან პედაგოგები; გაიხსნება 100 ახალი ,,მომავლის კლასი”, სკოლები ,,ჭკვიანი დაფებით” (smart board) აღიჭურვება; შეიქმნება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები და ყველა საგანში შემეცნებითი კომპიუტერული თამაშები დაინერგება; 2012 წელს 60 000-მდე პირველკლასელი და მათი პედაგოგები სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში წარმოებულ კომპიუტერებს მიიღებენ; უფასო სახელმძღვანელოები ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს გადაეცემა.

ახალი წლიდან გაგრძელდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებას ითვალისწინებს. პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში ქართულენოვანი პედაგოგების გაგზავნა. პროგრამაში უკვე ჩართულია 150 მონაწილე, სასწავლო წლის დასრულებამდე პროგრამაში ჩართულ მონაწილეთა რიცხვი 500-მდე გაიზრდება, რამდენიმე რაიონში უკვე გაიხსნა და მომავალ წელს ყველა რაიონში გაიხსნება ქართული ენის სახლები.

გაძლიერდება ინგლისური ენის სწავლება და პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში 1500 ინგლისურენოვანი მასწავლებელი ჩამოვა; ადგილობრივი 300 ინგლისური ენის მცოდნე მოხალისე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლად იმუშავებს; გაიხსნება ინგლისური ენის კაბინეტები; უმაღლესებში სტუდენტებს ბაკალავრის დიპლომის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება B1, B2 დონეზე მოუწევთ; კიდევ უფრო გაძლიერდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, პროგრამა ”აინშტაინი”-ს ფარგლებში სკოლები ახალი ლაბორატორიებით (სულ 1800) აღიჭურვება.

გაგრძელდება წარჩინებულ მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების პროგრამები; გადამზადდებიან პედაგოგები; გაგრძელდება პედაგოგთა ხელფასების ზრდა; გაფართოვდება მანდატურის სამსახური და იგი წელს სკოლის მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდება; გაგრძელდება ინკლუზიური განათლების განვითარება, საკვირაო და კერძო სკოლების ხელშეწყობა; გაიზრდება ეთნიკური უმცირესობებისათვის განათლების ხელმისაწვდომობა.

გაგრძელდება საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტების დაჯილდოება, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამების დაფინანსება, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი სტუდენტური დასაქმების პროგრამაზე გააკეთა, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე 25 000 სტუდენტის საზაფხულო სამუშაოებზე დასაქმებას გულისხმობს და მეორე მთავარი სიახლე - საქართველოს 15 ქალაქის (რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ზესტაფონი, გორი, ხაშური, ზუგდიდი, ბათუმი, ტყიბული, ონი, ჭიათურა, ახალქალაქი, სამტრედია, ოზურგეთი, თელავი) მოსახლეობა გადამზადდება ინგლისურში, კომპიუტერსა და პროფესიულ ორიენტაციაში.

2012 წლის ბიუჯეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აშენდება 20 ახალი სკოლა; სკოლებს გადაეცემათ 100 000 ახალი მერხი; 5000 ახალი დაფა და 25 000 კომპიუტერი; ახალი დაფინანსების სისტემით აღარ იარსებებს დანაკლისიანი სკოლები.

2012 წლისთვის აშენდება: მასწავლებლის სახლები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, 3 ახალი პროფესიული სასწავლებელი (თბილისი, ოზურგეთი, ქობულეთი), 2 ახალი საინფორმაციო ცენტრი (თელავი, ზუგდიდი), საგამოცდო ცენტრი თბილისში, სონის პროფესიული კოლეჯი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, მოხდება ხელნაწერთა ინსტიტუტის რეაბილიტაცია.

გაგრძელდება პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა, მეცნიერების განვითარება და პოპულარიზაცია. სამეცნიერო კვლევებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 37 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

Followers