Sunday, April 29, 2012

საატესტატო, სამაგისტრო და სასერტიფიკაციო გამოცდების თარიღები ცნობილია


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის გამოსაშვები, სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების განრიგი დაამტკიცა. საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება და 30 მაისს დასრულდება.

2012 წლის გამოცდების განრიგი:
21 მაისი - ქართულ ენა და ლიტერატურა, ქართული ენა, როგორც მეორე ენა
22 მაისი - უცხოური ენა
23 მაისი - ისტორია
24 მაისი - გეოგრაფია
25 მაისი - ფიზიკა
28 მაისი - ქიმია
29 მაისი - ბიოლოგია
30 მაისი - მათემატიკა

რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდებს, 12 ივლისს გამოცდა წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში, ხოლო 13 ივლისს ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში ჩატარდება.

2012 წლის მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდები 2 ივლისიდან 19 ივლისამდე გაიმართება.

გამოცდების დეტალური განრიგი:
2,3,4 და 5 ივლისი - უნარები
6 ივლისი- ქართული ენა და ლიტერატურა (VII- XII კლასების)
11 ივლისი - გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია, ქიმია, მათემატიკა (მე7-ე -მე12-ე კლასების)
12 ივლისი - დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის (I –IV კლასები)
13 ივლისი- ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება (I –VI კლასები)
18-19 ივლისი- უცხოური ენები

აღსანიშნავია, რომ 2011-2012 წლის საატესტატო გამოცდებში კომპეტენციის ზღვარი 5.5 იქნება.  გასული წლის მსგავსად, გამოცდები  ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით რვა საგანში ჩატარდება.

Wednesday, April 18, 2012

17 აპრილიდან ყველა პირველკლასელის ინტერნეტრეგისტრაცია იწარმოებს


2012 წლის 17 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელის ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იყო შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობდნენ, ან მშობლები მუშაობდნენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

წელს პირველად, რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით არის შესაძლებელი. შვილის დასარეგისტრირებლად მშობელს მხოლოდ პირადი მონაცემის შევსება სჭირდება, რაც რამდენიმე წუთს მოითხოვს. სპეციალური აპლიკაცია შემდეგ საიტზეა განთავსებული - www.mes.gov.ge. მშობლებს სკოლის არჩევაში e-catalog-ი(www.catalog.edu.ge) დაეხმარებათ, სადაც ყველა საჯარო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული.

ბავშვის ონლაინ რეგისტრაციისათვის მშობელი შემდეგ ფორმას ავსებს: ბავშვის სახელი და გვარი, პირადი ნომერი. მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და როდესაც სისტემა დაუდასტურებს მას რეგისტრაციას, მას ოფიციალურად საბუთების წარდგენა უკვე სკოლაში მოუწევს.

მშობელი რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე იღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ. ასევე, მშობელი შეტყობინებას ჩარიცხვის შესახებ, სმს-ის საშუალებითაც მიიღებს.

მშობლებს, რომლებსაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ, დასარეგისტრირებლად შეუძლიათ თავიანთი რაიონის რესურსცენტრს მიმართონ. ონლაინ რეგისტრაცია მხოლოდ საჯარო სკოლებზე ვრცელდება. კერძო სკოლები პირველკლასელთა მიღებას ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებენ.

რეგისტრაციის პროცესი არის თავისუფალი, ნებისმიერ მშობელს მოსწავლე მისთვის სასურველ სკოლაში შეუძლია დაარეგისტრიროს. პირველკლასელთა სასურველ სკოლაში ონლაინრეგისტრაციისათვის საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება. ყველა დარეგისტრირებული ბავშვი 15 სექტემბერს პრეზიდენტისაგან საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერს ”ბუკს” მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბავშვის სკოლაში მიყვანა მშობელს შეუძლია 5 წლის ასაკიდან. პროცესი ნებაყოფლობითია და მშობელი თავად აკეთებს არჩევანს.

2011 წლიდან სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი შეიცვალა და ამისთვის კონკრეტული ვადები დადგინდა. წელს, ცვლილება პირველკლასელთა დარეგისტრირების წესში შევიდა და პროცესი კიდევ უფრო გამჭირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა.

Wednesday, April 4, 2012

ლეონარდო და ვინჩი 2012


მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი 2012” იწყება. კონკურსი შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს გამოავლენს და წაახალისებს, ასევე ხელს შეუწყობს მათი ინოვაციური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მსურველებს ნამუშევრების ელექტრონული დარეგისტრირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდებზე www.mes.gov.ge; www.rustaveli.org.ge უკვე დღეიდან შეუძლიათ.

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს გამოგონების როგორც ტექსტუალურ აღწერილობას, ასევე შესაბამის მაკეტს, მოდელს ან ნახაზებს. ელექტრონული რეგისტრაცია 1 აგვისტოს, ხოლო ნამუშევრების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარმოდგენა 16 აგვისტოს დასრულდება. კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური სექტემბრის ბოლოს სპეციალურად მოწყობილ გამოფენაზე გამოავლენს.

კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები მედლებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან. I ადგილზე გასული პროექტის წარმომდგენს 5000 ლარი, II ადგილს - 3 000 ლარი, ხოლო III ადგილს - 2 000 ლარი გადაეცემა. გრანპრის მფლობელი პროექტის ავტორი ან ავტორები კი, სასწავლო-შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

საკონკურსო პროგრამის დეტალებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.

Monday, April 2, 2012

სასერტიფიკატო გამოცდებზე მასწავლებელთა უპრეცედენტო რაოდენობა დარეგისტრირდა


2012 წელს სასერტიფიკაციო გამოცდებს 41000 პედაგოგი ჩააბარებს, ორჯერ მეტი ვიდრე გასულ წელს. გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა წელს უკლებლივ ყველა საგნის პედაგოგს აქვს. მათ შორის, უკვე სერტიფიცირებულ პედაგოგსაც, რომელსაც სურვილი აქვს კომპიუტერისა და ინგლისურის ინტერგრირებული გამოცდა ჩაააბაროს. ასევე, წელს პირველად, გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობა საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებულ პედაგოგებსაც ეძლევათ. ისინი გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ და გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.

პედაგოგთა მოტივაციის გაზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, ერთ-ერთი მათ შორის გაზრდილი ხელფასებია. სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო სქემა ასეთია: სერტიფიცირების დანამატი 75 ლარი; დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი; ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში ხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი გაუხდებათ; პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაიზრდებათ.

საგამოცდოდ პედაგოგთა მომზადების მიზნით, მასწავლებლის სახლში ყოველდღიურად ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა საგანში მიმდინარეობს. გარდა ამისა ტრენინგები ტარდება კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცდებისთვის და საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერიმენტული ნაწილისთვის. მასწავლებლის სახლში დღეში რამდენიმე ასეული პედაგოგი გადის ტრენინგს. თითოეული ტრენინგ-მოდული საგამოცდო საკითხების მიხედვითაა შედგენილი. პედაგოგების გადამზადებას სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები და მოწვეული სპეციალისტები ახორციელებენ.

პირველკლასელთა ინტერნეტრეგისტრაცია დაიწყო


2012 წლის 2 აპრილიდან პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. წელს პირველად, რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
შვილის დასარეგისტრირებლად მშობელს მხოლოდ პირადი მონაცემის შევსება დასჭირდება, რაც რამდენიმე წუთს მოითხოვს. სპეციალური აპლიკაცია შემდეგ საიტზე განთავსდება - www.mes.gov.ge. მშობლებს სკოლის არჩევაში დაეხმარებათ e-catalog-ი(www.catalog.edu.ge), სადაც ყველა საჯარო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული.

ბავშვის ონლაინ რეგისტრაციისათვის მშობელს მოუწევს შემდეგი ფორმის შევსება: ბავშვის სახელი და გვარი, პირადი ნომერი. მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და როდესაც სისტემა დაუდასტურებს მას რეგისტრაციას, მას ოფიციალურად საბუთების წარდგენა უკვე სკოლაში მოუწევს.

მშობელი რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე მიიღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ და ასევე, სმს-ის საშუალებით.

მშობლებს, რომლებსაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ, შეუძლიათ დასარეგისტრირებლად თავიანთი რაიონის რესურსცენტრს მიმართონ. ონლაინ რეგისტრაცია მხოლოდ საჯარო სკოლებზე ვრცელდება. კერძო სკოლები პირველკლასელთა მიღებას ახორციელებენ ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე.

რეგისტრაციის პროცესი არის თავისუფალი, ნებისმიერ მშობელს შეუძლია დაარეგისტრიროს მოსწავლე მისთვის სასურველ სკოლაში. პირველკლასელთა სასურველ სკოლაში ონლაინრეგისტრაციისათვის საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება. ყველა დარეგისტრირებული ბავშვი 15 სექტემბერს პრეზიდენტისაგან საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერს ”ბუკს” მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბავშვის სკოლაში მიყვანა მშობელს შეუძლია 5 წლის ასაკიდან. პროცესი ნებაყოფლობითია და მშობელი თავად აკეთებს არჩევანს.

2011 წლიდან სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი შეიცვალა და ამისთვის კონკრეტული ვადები დადგინდა. წელს, ცვლილება პირველკლასელთა დარეგისტრირების წესში შევიდა და პროცესი კიდევ უფრო გამჭირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა.

Sunday, April 1, 2012

ხელნაკეთი ნივთების და რბილი სათამაშოების გამოფენა


30 მარტს, მოეწყო მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთებისა და რბილი სათამაშოების გამოფენა. მასში მონაწილეობა მიიღეს I-IV კლასისი ხელმარჯვე მოსწავლეებმა. სათამაშოები საოცარი ფანტაზიითა და რუდუნებით იყო დამზადებული.
მადლობა თითოეული ნივთის ავტორს მნახველებისთვის დიდი ესთეთიკური სიამოვნების მინიჭებისთის.

Followers