Thursday, October 14, 2010

ჰაბიტურიენტული სიბრძნეები


მე სკოლაც დავამთავრე უკვე და აბიტურიენტობაც გამოვიარე ტკბილად და გემრიელად. ახლა თქვენი ჯერია, წლევანდელი მეთორმეტეების და, მგონია, ჩემი 10 რჩევა არ გაწყენდათ. გემშვიდობებით და გიტოვებთ შემდგომ შეგონებებს:

სიბრძნე ნომერი პირველი:
1. ნუ მოატყუებ მასწავლებელსა შენსა, რამეთუ თავად მოტყუებულ შეიქმნები მკათათვის დასაწყისს.

შეგონება მეორე:
2. ნუ ჰაზრობ ძილს და ადრე ადგომას, მაინც ვერ ადგები და მასწავლებლის მოტყუება მოგიწევს, რაც პირველ სიბრძნემდე მიგვიყვანს.

მესამე სიბრძნე:
3. აბიტურიენტობისას ხვდები, თუ რაოდენ პატარაა ეს მუხთალი წუთისოფელი მაინცდამაინც მაშინ, როცა სახლში ხარ და რაოდენ დიდი საუკუნეა იგი ოსტატთან (რეპეტიტორთან) მოროგი ვიზიტის პროცესსა შინა.

სიბრძნე მეოთხე :
4. აბიტურიენტობის დროს აღმოაჩენ, რომ რაც უფრო იაფფასიანია კალამი იგი საწერი, მით უფრო დიდ ხანს ძლებს და მით უფრო ადვილია მისი დაღრღნა და ბაგეებით შემუსვრა მაშინ, როდესაც მასწავლებელს ატყუებ

სიბრძნე მეხუთე;
5. სწორედ აღნიშნული პროცესის შემდეგ ხვდები, რამდენი ხე მოსჭრეს შენი ეტრატების უშველებელი დასტის დასამზადებლად და ალბათ მოგინდებათ, ამის მქმნელ ხალხს უთხრათ: რატომ წუხდებოდით, არ იყო საჭიროო

სიბრძნე მეექვსე:
6. გიყვარდეს წიგნები შენი, და ნუ უღალატებ მათ ბალიშთან. გახსოვდეს, ბოღმის დაგროვება იციან წიგნებმა, ჰოდა საბოლოოდ ისევ პირველ სიბრძნემდე მივალთ

სიბრძნე მეშვიდე:
7. ნურასდროს დაივიწყებ, რომ ცილის სინთეზი ხორციელდება ი-რნმ-ზე მიტოქონდრიებში
და რომ თიმინის ნუკლეოტიდს ურაცილი ანაცვლებს რნმ-ში... დედა, ჩემი სიკვდილი, რეებს ვწერ.... :)

სიბრძნე მერვე:
8. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცუდი თუ კარგი კალამი გაქვს, საბოლოოდ სამ დღეზე მეტს ვერც ერთი ვერ ძლებს შენი რვეულის რინგზე და გმირულად აკვდება მტერს ხაზებში...

სიბრძნე მეცხრე:
9. სწორედ ახლა იწყებ მიხვედრას, რომ ჩვენი ტელეჟურნალისტების ერთი ნახევარი ცუდი აბიტურიენტი ყოფილა, არ უსწავლია ქართული და, თავისთავად, გაურკვეველი ხდება, თუ როგორ გადალახეს მათ პირველი შეგონება და გახდნენ ჟურნალისტები, ხოლო მეორე ნახევარი ან ბლუა და გონემბაშემუსვრილი ან, საერთოდაც, არასდროს ყოფილა აბიტურიენტი.

საბოლო, მეათე შეგონება:
10. შენ, ჰეი, აბიტურიენტო, ვინც უნდა იყო მაინდ (და არა ვინც არ უნდა იყო მაქანა), მომავალო ექიმო და მომავალო ფსიქოლოგო, მომავალო ტურიზმის მენეჯერო (მოდაშია, ხო იცით), ფიზიკოსო და თუნდაც უბრალო გზააბნეულო და 8 ფაკულტეტიდან ერთზე მაინც მოხვედრის იმედით მყოფო, ადექი ახლა ამ ეშმაკის მანქანიდან, სასწრაფოდ!!!!
ადექი, თორემ მე რომ დავწერ პოსტს ”სტუდენტური სიბრძნეები” (ნამდვილად დავწერ ), ხომ ვიცი, აღარ წიკითხავ, "მე რაში მაინტერესებსო" ძახილით და თითო კინკილა მკითხველის დაკარგვა მინდა ახლა მე???
:)
მაგიერ ეპილოგისა:
ვერ დაიჭირავს ეროვნულს გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი.
მიგან ყოველი გაშტერდეს, სუსტიც და ძალგულოვანიც,
ბოლოდ შეყარნოს naec--მა ერთად მოყმე და მხცოვანი,
სჯობს შერცხვენილსა ნამუსსა აბიტურიენტ საწყალი!!!

Followers