Thursday, December 1, 2011

კომპანია ”ფიუვესთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანული კომპანია ”ფიუვეს” წარმომადგენელმა ინგე ბერგერმა მასწავლებლის სახლში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი და საერთაშორისო კონფერენცია გახსნეს.

მემორანდუმი სამინისტროსა და კომპანია “ფიუვეს” შორის აქტიურ თანამშრომლობას, ერთობლივ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართველი მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ორგანიზებასა და სხვა აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.

საერთაშორისო კონფერენციას “ლაბორატორიული მოწყობილობების მოდერნიზება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში” გერმანელი მეცნიერები - დოქტორი ლუდოლფ ფონ ალვენსლიბენი და დოქტორი ინგე ბერგერი უძღვებოდნენ და მასში საქართველოსა და სომხეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

კონფერენცია საქართველოში კომპანია “ფიუვეს” ექსკლუზიური პარტნიორის შპს “რეზონანს - საქართველოსა” და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

“ფიუვე” მსოფლიო საგანმანათლებლო ლაბორატორიული მოწყობილობების წარმოებაში ლიდერი კომპანიაა. თბილისში ახლადგახსნილი მასწავლებლის სახლი ”ფიუვე”-ს კომპანიის ლაბორატორიითაა აღჭურვილი და პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამოიყენება. გარდა ამისა, ლაბორატორიაში თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის საჩვენებელი გაკვეთილები ტარდება.

კომპანია ”ფიუვე” საბუნებისმეტყველო საგნებისთვის 5000 -ზე მეტი სახეობის ლაბორატორიულ მოწყობილობას უშვებს. მისი პროდუქცია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

Followers