Saturday, March 20, 2010

თვითმმართველობის დღე :)




2010 წლის 16 მარტს, როგორც ვგეგმავდით, სკოლაში ჩატარდა თვითმმართველობის დღე. ეს არის ჩვენი ტრადიცია, რომელიც უკვე 10 წელია, რაც არსებობს. მას ბავშვები განსაკუთრებული ინტერესითა და ხალისით ეკიდებიან და ყოველი წელი წინაზე განსხვავებული და საინტერესო ხდება. თანაც მათი მასწავლებლის როლში ხილვა მეტად სასიამოვნო პროცესია, ისინი ხომ ასე სწავლობენ პედაგოგის შრომის დაფასებას....

თვითმმართველობის დღეს მღავალი ღონისძიება იყო დაგეგმილი. დილიდან მოვალეობის შესრულებას შეუდგა
სკოლის ”დირექცია”, რომელშიც შედიოდნენ: თამარ აბურჯანია დირექტორის რანგში, თამარ მუკბანიანი,-დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში და სასწავლო ნაწილები: ბაჩანა ახალაია და ფიქრია ქურდაძე.


დილიდან ისინი აკონტროლებდნენ სკოლაში დისციპლინას და მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრებას, ესწრებოდნენ საკონკურსო გაკვეთილებს და კლასის საათებს; სკოლის თვითმმართველობასთან ერთად აჯამებდნენ თითოეულ ღონისძიებას, გამოფენას და გაკვეთილს.
ღონისძიების სიაში შედიოდა
თამარ ჟიჟიაშვილის ნახატების,
რუსუდან მაისურაძის ნაძერწებისა
და

ნათია აბურჯანიას თექის ნამუშევრების

გამოფენა. მცირე ექსპოზიციები. დიდი მოწონება დაიმსახურა თამუნას დახატულმა ”სპანჩ-ბობმა” და რუსუდანის ძველი ქართული სტილის სიმძლავრემ ნამუშევრებში. აი ნათიას ერთ ერთი შარფი კი ისე მომეწონა, რომ უახლიეს მომავალში გავძარცვამ :)
სკოლა მომავალ ხელოვნებს დიდ წარმატებებს უსურვებს :)
ბავშვები განსაკუთრებული მონდომებით მოეკიდნენ მასწავლებლობას. ბევრი მათგანი ისე ”წააგავდა” საკუტარ მასწავლებელს, დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენდა მათი პედაგოგების გამოცნობა :
გიული ანთიძის მოსწავლე, თემური ექიზაშვილი

თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ნამდვილად ხელს უშლიდნენ ამ დღის ნორმალურ მსვლელობას. მადლობა მითხრან, რომ მათი ფოტოები არ დავურთე სტატიას შესარცხვენად :), რადგან ასეთი მოქცევა გარდა იმისა, რომ უპასუხისმგებლოა, მავნებელიცაა, რადგანაც შენს მეგობარს ხელს უშლი იმის გაკეთებაში, რაც მას სურს და დასცინი მის შრომასა და მონდომებას. ეს კი ნამდვილად სასირცხვილოა!
(გადასვლას დააკვირდით :) )

ასევე ჩატარდა კედლის გაზეთების კონკურსი თემაზე ”დედა და ქალი”.

ნამუშევრები მეტად საინტერესო იყო. მონაწილე კლასებმა დიდი შრომა ჩადეს თითოეულ მათგანში. მართალია, ბევრ კლასს (ჩემი კლასის ჩათვლით :) :) გაზეთი არ წარმოუდგენია, მაგრამ რას ვიზამთ, ”მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა...:) ”

დამკვიდრდა ახალი ტრადიციაც: მთელი დღის განმავლობაში სკოლის ფოიეში იდგა
”გულახდილობის ყუთი”, რომელშიც მოსწავლეები საკუთარ სურვილებს, ნააზრებს და ოცნებებს ყრიდნენ. შედეგები ნამდვილად არაორდინალური აღმოჩნდა: მოითხოვდნენ ბუფეტის უფასოდ გადაკეთებას, სიმღერას დირექციისგან და ა.შ. ასევე ზოგს არ დაეზარა და ასეთი სახის ”აფორიზმი” დაუტოვა სკოლას: ცხოვრება ომია, რომელშიც ბოლოს ყველა მარცხდებაო. რას ვიზამთ, პესიმიზმი და კულტურის არქონა ყურადსარები პრობლემაა დღესდღეისობით :)
თემას გადავუხვიე

დღის ბოლოს თვითმმართველობის ძველი და ახალი წევრები დაესწრნენ კლასის საათებს, ასევე დღის დახურვის ცერემონიალსაც. აქ წარმოდგენილი იქნა ავანგარდული სამოსი,

რომელიც მთლიანად ქაღალდისა და პოლიეთილენის პარკებისაგან იყო შექმნილი. ასევე მოეწყო ინტელექტუალური შოუ, მაგრამ ნაცვლად მასწავლებლებისა და მოსწავლეებისა, გოგონების და ბიჭების შეჯიბრება გახდა საჭირო, რადგანაც ვერ შეგროვდნენ მასწავლებლები :) რატომღას ყველას ტრეინინგი და გამოცდა აღმოაჩნდა :) ვიმედოვნებთ,

მახრჩობს კონკურენტი

რომ ეს მართლაც ასეა :)
შეჯიბრი საინტერესოდ და დრამატულად წარიმართა. ადგილი ქონდა კამათს ჩხუბს, სიცილ-ხარხარს, სირცხვილსაც კი
საბოლოოდ კი ისევ ფემინიზმმა და გენდერულმა უთანასწორობამ (რაღა თქმა უნდა, ქალთა სასარგებლოდ) იმძლავრა და გოგონებმა 4 ქულის სხვაობით 14:16 გავიმარჯვეთ (გუნდში მეც შევდიოდი).


საერთო ჯამში, დღე დამღლელი, მაგრამ საინტერესო გამოვიდა.
ეს ბოლო თვითმმართველობაა, რომელსაც სკოლაში ვატარებ და მართალია, ცოტა უფრო უკეთესად მინდოდა ყოფილიყო ყველაფერი, თუმცა მიღწეული შედეგი მანც დამაკმაყოფილებელია. ვიმედოვნებ, მომავალში ახალი თვითმმართველობის წევრები კიდევ უფრო მობილიზებულს, საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდიან ამ დღეს.
თვითმმართველობის სახელით
12 ბ კლასის მოსწავლე თამარ აბურჯანია.
იმპროვიზაცია: 12გ კლასის მოსწავლე თამარ ხეიძე.

Friday, March 19, 2010

მერსამე ტურის შედეგებიიიიი


ვულოცავთ შორენა ცინდელიანს მესამე ტურში გადასვლაააას!!!!!!!

ოლიმპიადის პასუხები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე:
http://naec.ge/more.php?id=347&rig_no=101&lang=geo

ინფორმაცია ჯერ-ჯერობით სრული არ არის, ერთი კვირის განმავლობაში დაიდება ყველა საგნის შედეგი.


Thursday, March 11, 2010

ერთი დღით ბავშვების მმართველობაში გადმოდის:)





16 მარტს ჩვენს სკოლაში ტარდება ღონისძიება "თვითმმართველობის ერთი დღე", რომელც უკვე 10 წელია, რაც ტრადიციადაა ქცეული ჩვენი სკოლისათვის. ამ დღეს სკოლის მართვა მთლიანად სკოლის მოსწავლეებს ევალებათ. ტარდება კლასის საათები, ეწყობა გამოფენები.

ამ დღეს კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი; მათ შორის ავანგარდული სამოსის ჩვენება, წიგნებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; დაგეგმილია 3 კლასის საათი, ღია გაკვეთილები. გამოცხადებულია კონკურსები საუკეთესო კლასის, საუკეთესო დამრიგებელისა და საგნის მასწავლებლის გამოსავლენად. დაიდგმება ყუთი მოსწავლეთა სურვილებისა და წინადადებებისთვის.

დამერწმუნეთ, წინ ერთი ძალან საინტერესო და შინაარსიანი დღე გველის.



94–ე საჯარო სკოლის თვითმმართველობა

Thursday, March 4, 2010

საჯარო სკოლების კომპიუტერიზაციის ახალი პროექტი დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” პროგრამა „ირმის ნახტომის“ ფარგლებში, დონორ ორგანიზაციასთან ერთად “სხივი XXI”, სკოლების კომპიუტერიზაციის ახალ პროექტს ახორციელებს.

კომპიუტერიზაციის ახალი პროექტი სკოლებისათვის ისეთი კომპიუტერული ტექნიკის გადაცემას ითვალისწინებს, რომლის მახასიათებლებიც სრულად მიესადაგება თანამედროვე მოთხოვნებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე თბილისის 136-ე საჯარო სკოლას ეწვია და პროექტის ფარგლებში 13 კომპიუტერი გადასცა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ახალი კომპიუტერული პროგრამების უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული ინფრასტრუქტურა არ იძლევა საშუალებას ყველა სკოლას ჰქონდეს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საგნობრივი ლაბორატორიები. ახალი კომპიუტერული პროგრამები კი, მოსწავლეებს საშუალებას მისცემენ საგნობრივი ვირტუალური ლაბორატორიებით ისარგებლონ და სრულყოფილი დაკვირვებები და ცდები ჩაატარონ, ოპერატიულად მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია.

საქართველოს საჯარო სკოლებში დონორი ორგანიზაციის “სხივი XXI” დახმარებით სულ 2,720 კომპიუტერის გადაცემა განხორციელდება. ორგანიზაციამ ”სხივი XXI” თავად უზრუნველყო კომპიუტერებისათვის ლიცენზირებული ოპერაციული სისტემა Windows-ის შეძენა.

პროექტის განხორციელების შედეგად, საჯარო სკოლებში შეფარდება (მოსწავლე/კომპიუტერი) შემდეგნაირად გადანაწილდა და საშუალოდ 20 მოსწავლეზე შეადგენს 1 კომპიუტერს, კომპიუტერების საერთო რაოდენობა კი შეადგენს 29,240 ერთეულს.

Tuesday, March 2, 2010

”საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო, და თბილისი - შიგ ჩასმული ბადახში”

25 თებერვალს ჩვენს სკოლაში ჩატარდა სათემო ღონისძიება მშობელთა, მოსწავლეთა და ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება "სათნოების" აღსაზრდელების მონაწილეობით. სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ღონისძიება ”საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი - შიგ ჩასმული ბადახში.” სათემო საქმიანობაზე წარმოდგენილ მოსწავლეთა ინიციატივით გამოცხადებული კონკურსის შედეგად 94-ე საჯარო სკოლა თავის პარტნიორ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება ”სათნოებასთან” ერთად დაფინანსდა 800 ლარით. თანხა მოხმარდა სპორტული ღონისძიებების ჩატარებას.

25 თებერვალს სკოლის სტუმრები იყვნენ განათლების და მეცნიერების ”სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობის პროგრამის” მთავარი სპეციალისტი ლელა ცქიტიშვილი, თანაშემწე გოგიტა ვარდოსანიძე, ისან-სამგორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნესტან ზუხბაია.

სკოლის ჰოლს ამშვენებდა სტენდი სათაურით ”სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობის პროგრამა” , რომელზეც მოთავსებული იყო ჩვენი სკოლის და ”სათნოების” აღსაზრდელების პროგრამაში ჩართულობის ამსახველი ფოტოები. გამოიფინა თემის წარმომადგენელთა, მშობელთა, ყოფილ მოსწავლეთა და მშობელთა ნამუშევრები.

სკოლაში მოწვეული სტუმრები მხიარული სტარტებით (III-დ კლასი, ლ.გეთიაშვილი) გახალისდნენ. ინტეგრირებული გუნდები ”შევარდენი” და ”მართვე” ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. განსაკუთრებით საინტერესო და მხიარული იყო შეჯიბრების მეორე ნაწილი მშობლებისა და ბებიების :) ჩართულობით. ისინი ერთმანეთს თოკის გადაზიდვასა და ბურთის ტყორცნაში ეჯიბრებოდნენ. შეჯიბრების ბოლოს ჩვენმა დირექტორმა, ქალბატონმა მარინა ჩაგანავამ მოპოვებული დაფინანსების ფარგლებში შეძენილი წიგნები (”საკითხავნი ყმაწვილთათვის”) გადასცა ორივე მონაწილე გუნდს, ხოლო შეჯიბრებაში ჩართული ყველა მონაწილე დაჯილდოვდა ერთდღიანი უფასო ექსკურსიით.

მხიარულ სტარტებს კონცერტი მოჰყვა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა X, XI და XII კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები. ისინი ერთად მღეროდნენ და ცეკვავდნენ.

დღე მართლაც უჩვეულო იყო: სკოლის სავსე დარბაზში სიხარული, სიკეთე და ერთიანობა სუფევდა. კონცერტის ბოლოს ქალბატონმა ლელა ცქიტიშვილმა დააჯილდოვა სათემო აქტივობებში ჩართული 16 მოხალისე, ხოლო სკოლის დირექტორმა კი-”საქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამაში” ჩართული აქტიური თემის წარმომადგენლები, მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.

94-ე საჯარო სკოლის კოორდინატორი, ქიმიის პედაგოგი ირმა ჯანიაშვილი

Followers