Tuesday, March 2, 2010

”საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო, და თბილისი - შიგ ჩასმული ბადახში”

25 თებერვალს ჩვენს სკოლაში ჩატარდა სათემო ღონისძიება მშობელთა, მოსწავლეთა და ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება "სათნოების" აღსაზრდელების მონაწილეობით. სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ღონისძიება ”საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი - შიგ ჩასმული ბადახში.” სათემო საქმიანობაზე წარმოდგენილ მოსწავლეთა ინიციატივით გამოცხადებული კონკურსის შედეგად 94-ე საჯარო სკოლა თავის პარტნიორ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება ”სათნოებასთან” ერთად დაფინანსდა 800 ლარით. თანხა მოხმარდა სპორტული ღონისძიებების ჩატარებას.

25 თებერვალს სკოლის სტუმრები იყვნენ განათლების და მეცნიერების ”სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობის პროგრამის” მთავარი სპეციალისტი ლელა ცქიტიშვილი, თანაშემწე გოგიტა ვარდოსანიძე, ისან-სამგორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნესტან ზუხბაია.

სკოლის ჰოლს ამშვენებდა სტენდი სათაურით ”სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობის პროგრამა” , რომელზეც მოთავსებული იყო ჩვენი სკოლის და ”სათნოების” აღსაზრდელების პროგრამაში ჩართულობის ამსახველი ფოტოები. გამოიფინა თემის წარმომადგენელთა, მშობელთა, ყოფილ მოსწავლეთა და მშობელთა ნამუშევრები.

სკოლაში მოწვეული სტუმრები მხიარული სტარტებით (III-დ კლასი, ლ.გეთიაშვილი) გახალისდნენ. ინტეგრირებული გუნდები ”შევარდენი” და ”მართვე” ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. განსაკუთრებით საინტერესო და მხიარული იყო შეჯიბრების მეორე ნაწილი მშობლებისა და ბებიების :) ჩართულობით. ისინი ერთმანეთს თოკის გადაზიდვასა და ბურთის ტყორცნაში ეჯიბრებოდნენ. შეჯიბრების ბოლოს ჩვენმა დირექტორმა, ქალბატონმა მარინა ჩაგანავამ მოპოვებული დაფინანსების ფარგლებში შეძენილი წიგნები (”საკითხავნი ყმაწვილთათვის”) გადასცა ორივე მონაწილე გუნდს, ხოლო შეჯიბრებაში ჩართული ყველა მონაწილე დაჯილდოვდა ერთდღიანი უფასო ექსკურსიით.

მხიარულ სტარტებს კონცერტი მოჰყვა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა X, XI და XII კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები. ისინი ერთად მღეროდნენ და ცეკვავდნენ.

დღე მართლაც უჩვეულო იყო: სკოლის სავსე დარბაზში სიხარული, სიკეთე და ერთიანობა სუფევდა. კონცერტის ბოლოს ქალბატონმა ლელა ცქიტიშვილმა დააჯილდოვა სათემო აქტივობებში ჩართული 16 მოხალისე, ხოლო სკოლის დირექტორმა კი-”საქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამაში” ჩართული აქტიური თემის წარმომადგენლები, მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.

94-ე საჯარო სკოლის კოორდინატორი, ქიმიის პედაგოგი ირმა ჯანიაშვილი

Followers