Tuesday, April 5, 2011

ყველა მეთორმეტეკლასელი პრეტესტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში პრეტესტის მიმდინარეობას გაეცნენ.

2-დან 9 აპრილის ჩათვლით, ყოველდღე, 14:00 საათიდან 19:00 საათამდე ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი, ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერიდან მონაწილეობა მიიღოს პრეტესტში, რომლის მიზანია გამოსაშვები გამოცდების კომპიუტერული სისტემის გამოცდა. პრეტესტი საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაეცნონ თავად სისტემას და ტესტური დავალებების ნიმუშებს, რომელთა მსგავსს გამოცდაზე მიიღებენ.

საგამოცდო პროცესისგან განსხვავებით, საცდელი რეჟიმისას ე.წ. ,,გაჩერების წესი“ მოხსნილი იქნება, რათა მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცეთ, ყველა ტიპის დავალებებს გაეცნონ და უპასუხონ.

მონაწილე ეკრანზე დაინახავს, სწორად უპასუხა თუ არა დავალებას, თუმცა, ის არ შეფასდება, ასევე, პასუხის არასწორად გაცემისას ეკრანზე არ გამოჩნდება სწორი პასუხი.

ყველა საგამოცდო საგანში საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა მოსაწავლეებს 9 აპრილის 19:00 საათამდე ექნებათ.

სისტემა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) განთავსდება და გარდა მეთორმეტეკლასელებისა ნიმუშების გაცნობა ყველა დაიტერესებულ პირს შეეძლება.



Followers