Wednesday, May 4, 2011

ინოვაციური პროექტების გამოფენა პრეზიდენტმა დაათვალიერა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში მოსწავლეთა მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტების გამოფენას გაეცნო. გამოფენა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში გაიმართა.

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ჩატარდა და მისი მიზანი იყო მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების გამოვლენა, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით მათთვის სტიმულის მიცემა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს სკოლების ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლო როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. კონკურსი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა: VII-IX კლასები, X-XII კლასები. კონკურსანტს უნდა წარმოედგინა საკონკურსო განაცხადი გამოგონების ტექსტუალური აღწერილობით და ილუსტრაცია ნახაზის ან მოდელის სახით.

კონკურსის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლებში ერთი თვის განმავლობაში საჯარო ლექციები მიმდინარეობდა. მასში სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების 50-მდე მეცნიერი, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობდა. ლექციები ძირითადად აინშტაინის პროგრამის ფარგლებში აღჭურვილ ლაბორატორიებში ჩატარდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

კონკურსში ჩაერთვნენ საქართველოს ყველა რეგიონის მოსწავლეები. ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებებით, ასევე გამოგონებები იყო სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკის და საინჟინრო სფეროებში.

საკონკურსო კომისიის მიერ 7 საუკეთესო პროექტი შეირჩა, რომელთა ავტორებიც მედლებით, დიპლომებით, ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან. გრანპრის მფლობელი სასწავლო-შემეცნებითი ტურით ევროპაში, კერძოდ, ინგლისში გაემგზავრება. პირველ ადგილზე გასული პროექტი დაჯილდოვდება 5 000 ლარით, მეორე ადგილი - 3 000 ლარით, ხოლო მესამე - 2 000 ლარით.

საკონკურსო განაცხადებში შემოსული ყველაზე საინტერესო და ინოვაციური პროექტები კი, ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში გამოიფინა. ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი პროექტების ავტორები აკეთებენ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციებს და პასუხობენ დამთვალიერებლის კითხვებს. გამოფენას ესწრებიან როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეები.

Followers