Tuesday, June 14, 2011

ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში I-VI კლასებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ კონკურსის შედეგები შეაჯამეს.

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ძირითადი არსი სკოლებისა და მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფაა. მისი მიზანია დაადგინოს, გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილი წიგნები რამდენად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, რამდენად გამართულია ისინი შინაარსობრივად, მეთოდურად და ტექნიკურად.

წელს გრიფირების წესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. შემუშავდა გრიფის მინიჭების პროცედურის ახალი მიდგომები და პრინციპები. დაიხვეწა საკონკურსო პროცედურები, მკაცრად განისაზღვრა სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები, სახელმძღვანელოების ტექნიკური პარამეტრები და სახელმძღვანელოს შეფასების პროცედურა და მეთოდიკა.

კერძოდ, სახელმძღვანელოების კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს - ავტორებს/ავტორთა ჯგუფებს. კონკურსანტებს უნდა წარმოედგინათ სახელმძღვანელო/სახელმძღვანელოების სერია, რომელიც წარმოადგენს ზოგადი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში ერთსა და იმავე კონცეფციაზე აგებულ ერთი საგნის სახელმძღვანელოების ნაკრებს ყველა იმ კლასის/დონის საგნისათვის, რომლისთვისაც არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი პროგრამა.

სახელმძღვანელო/სერია შეფასდა „სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმებითა" და „სახელმძღვანელოს მაკეტის ტექნიკური პარამეტრებით". დაწესდა ქულობრივი ბარიერი, სადაც განისაზღვრა, რომ სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების სერიას უნდა გადაელახა მაქსიმალური ჯამური ქულების 90% (შინაარსობრივი) ბარიერი, სხვა შემთხვევაში წიგნს გრიფი არ მიენიჭებოდა.

2011-2012 სასწავლო წელს I-VI კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამოქმედდება, მოსწავლეები კი ახალი, ხარისხიანი სახელმძღვანელოებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

ფოტო გალერეა

Followers