Wednesday, July 6, 2011

ნიკა გილაური წარმატებული სკოლების დირექტორებს შეხვდა


საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური საატესტატო გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე თბილისისა და საქართველოს სხვა რაიონების 20 სკოლის დირექტორს შეხვდა და თითოეულს პრემიის სახით 2000 ლარი გადასცა.

ნიკა გილაურმა ჩატარებული უპრეცედენტო საატესტატო გამოცდები დადებითად შეაფასა და კმაყოფილება გამოთქვა იმ შედეგებით, რაც კურსდამთავრებულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა.

CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარებული საატესტატო გამოცდები საქართველოს 1520 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა. რვადღიანი საგამოცდო პროცესი სამინისტროს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების საფუძველზე, წარმატებულად და ხარვეზების გარეშე წარიმართა, მოსწავლეთა 30%-მა ცოდნის მაღალი დონე გამოავლინა და, შესაბამისად, მაღალი შეფასება დაიმსახურა. მათგან ხუთმა პროცენტმა კი საუკეთესო შედეგი აჩვენა. გამოვლინდა საუკეთესო მაჩვენებლების მქონე სკოლებიც.

გამოცდა 8 საგანში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საატესტატო გამოცდები 23 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 1 ივნისს მათემატიკის გამოცდით დასრულდა. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე აბარებდნენ.

Followers