Sunday, November 6, 2011

მთავრობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა გააცნო. მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრისას დიმიტრი შაშკინმა განსაკუთრებული ყურადღება სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პუნქტზე კერძოდ, განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა და განმარტა, რომ მთავრობის ამოცანაა, საქართველოს მოსახლეობას მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტების შესაბამისი განათლება შესთავაზოს.

მინისტრმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნო ის სიახლეები, რაც სწავლისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით, სამინისტრომ განახორციელა და სამომავლოდ არის დაგეგმილი. კვლავ გაგრძელდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; ყველა მეათეკლასელი, რომელიც სრულ ათებზე დაამთავრებს საბაზო საფეხურს და საატესტატო გამოცდებზე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს კომპიუტერებით დასაჩუქრდება; ოლიპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები ენის საზაფხულო ბანაკებში გაემგზავრებიან; წარმატებულ კურსდამთავრებულებს მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ და სხვ.

სწავლის ხარისხის გაუმჯობესების, საერთაშორისო სტანდრტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, სამინისტრო არაერთ პროექტს ახორცილებს: 2011 წელს დაინერგა და მომავალშიც გაგრძელდება მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები ე.წ. CAT-ის ტიპის გამოცდები; დაიწყო მასწავლებელთა სერტიფიცირება და ეს პროცესი 2012 - 2014 წლებშიც გაგრძელდება; 2011-2012 სასწავლო წელს დაინერგა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლის პირველ საფეხურზე (დაწყებითი: I-VI კლასი), 2012-2013 სასწავლო წელს კი მეორე საფეხურზე (საბაზო და საშუალო: VII-XII კლასი) ამოქმედდება. გაძლიერდა ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, დაინერგა მე-12 კლასის მოსწავლეთათვის აბიტურის პროგრამა, ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან, სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, e-სტრატეგია.

სკოლებში დაინერგა უსაფრთხო სკოლის პროგრამა, სხვადასხვა ინგლისურენოვანი ქვეყნიდან ჩამოყვანილ იქნენ ინგლისური ენის მასწავლებლები, ეს პროცესი 2012-2015 წლებშიც გაგრძელდება, ყველა პირველკლასელი სკოლაში შესვლისთანავე საჩუქრად საბავშვო კომპიუტერს იღებს.

დიდი ყურადღება ეთმობა პროფესიულ განათლებას და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების სწავლებას. ბათუმში იქმნება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც მთავარი მიმართულებები საინჟინრო დისციპლინები იქნება, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სოფლის მეურნეობა.

შეხვედრის ბოლოს მინისტრმა მოსწავლეთა და მშობელთა ყველა კითხვას ვრცლად უპასუხა და კონსტრუქციული დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა.

Followers