Thursday, March 8, 2012

მასწავლებლის სახლში ტრენინგები გრძელდება


მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები გრძელდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს საგნობრივი, პროფესიული უნარებისა და ლაბორატორიული ნაწილის ტრენინგებს დაესწრო.
ინგლისურის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის ლაბორატორიული ნაწილისა და პროფესიული უნარების ტრენინგებში მასწავლებლის სახლში 100-მდე პედაგოგი მონაწილეობდა. თითოეული მათგანი სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ემზადება და მასწავლებლის სახლში მათ საშუალება აქვთ საკუთარი ცოდნა საგამოცდო პროგრამების მიხედვით შედგენილი ტრენინგ-მოდულებით გაიღრმავონ. მინისტრი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი მასწავლებლებს პირადად გაესაუბრნენ და მათი შეხედულებები გაიზიარეს.

მასწავლებლის სახლში ყოველდღიურად ყველა საგანში, პროფესიულ უნარებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიულ ნაწილში რამდენიმე ასეული მასწავლებელი ემზადება. შენობაში ტრენინგებისთვის 10 აუდიტორიაა გამოყოფილი და თითოეულ მათგანში დღის განმავლობაში ერთმანეთს რამდენიმე ჯგუფი ენაცვლება. გარდა ამისა პედაგოგებს საშუალება აქვთ ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდებისთვისაც მოემზადონ და მაღალკვალიფიციურ ტრენერებთან სპეციალური კურსი გაიარონ. ტრენინგები მასწავლებლის სახლში უფასოა და მისი გავლა ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია.

Followers