Monday, April 2, 2012

სასერტიფიკატო გამოცდებზე მასწავლებელთა უპრეცედენტო რაოდენობა დარეგისტრირდა


2012 წელს სასერტიფიკაციო გამოცდებს 41000 პედაგოგი ჩააბარებს, ორჯერ მეტი ვიდრე გასულ წელს. გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა წელს უკლებლივ ყველა საგნის პედაგოგს აქვს. მათ შორის, უკვე სერტიფიცირებულ პედაგოგსაც, რომელსაც სურვილი აქვს კომპიუტერისა და ინგლისურის ინტერგრირებული გამოცდა ჩაააბაროს. ასევე, წელს პირველად, გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობა საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებულ პედაგოგებსაც ეძლევათ. ისინი გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ და გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.

პედაგოგთა მოტივაციის გაზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, ერთ-ერთი მათ შორის გაზრდილი ხელფასებია. სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო სქემა ასეთია: სერტიფიცირების დანამატი 75 ლარი; დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი; ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში ხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი გაუხდებათ; პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაიზრდებათ.

საგამოცდოდ პედაგოგთა მომზადების მიზნით, მასწავლებლის სახლში ყოველდღიურად ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა საგანში მიმდინარეობს. გარდა ამისა ტრენინგები ტარდება კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცდებისთვის და საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერიმენტული ნაწილისთვის. მასწავლებლის სახლში დღეში რამდენიმე ასეული პედაგოგი გადის ტრენინგს. თითოეული ტრენინგ-მოდული საგამოცდო საკითხების მიხედვითაა შედგენილი. პედაგოგების გადამზადებას სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები და მოწვეული სპეციალისტები ახორციელებენ.

Followers