Wednesday, December 12, 2012

მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა


               საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები თბილისისა და რეგიონების მოსწავლეთა თვითმმართველობების წარმომადგენლებს, სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებს, სასკოლო ოლიმპიადებსა და ტურნირებში გამარჯვებულ მოსწავლეებს  შეხვდნენ.
              შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის ორგანიზებით გაიმართა. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა. აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
             შეხვედრაზე საუბარი შეეხო  სასკოლო სამოქალაქო კლუბებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობების საქმიანობას. მოსწავლეებმა ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს და იმ შედეგებზე ისაუბრეს, რომელსაც განხორციელებული პროექტების შედეგად მიაღწიეს. ამავე შეხვედრაზე საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის წარმომადგენლებმა სამოქალაქო კლუბებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როლზეც ისაუბრეს და გარკვეული რეკომენდაციებიც  წარმოადგინეს.
            ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ მოსწავლეებს განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეები და სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრის მოადგილემ მოსწავლეთა შეკითხვებსაც უპასუხა.

Followers