Thursday, January 24, 2013

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესი უფრო მოქნილი გახადა


2013 წლის გამოცდებზე რეგისტრაციისას აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ რამდენიმე თვის განმავლობაში ცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. 

ცვლილებების განხორციელების საშუალება აბიტურიენტებს გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც ექნებათ. პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება. ასეთი სისტემა აბიტურიენტს გაცილებით რეალისტური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მისცემს. 

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომლის ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი თვით განისაზღვრება, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, რომელსაც ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეცვლის. 

2013 წელს აბიტურიენტებს შეეძლებათ განაცხადში მიუთითონ ყველა პროგრამა, რომელზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება - ასარჩევი პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება. ასეთი ცვლილება მეორადი ჩარიცხვების საჭიროებას მოხსნის. 

მოიხსნება შეზღუდვები გრანტის განაწილების დროს იმ პრორამებზე, სადაც მხოლოდ 100%-იანი დაფინანება მოქმედებდა. წელს, ყველა პროგრამა თანაბარ პირობებში ჩადგება და შესაძლებელი იქნება 70%-იანი და 50%-იანი დაფინანსების მოპოვებაც. 30%-გრანტი 2013 წლიდან გაუქმდება.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 11 თებერვალს დაიწყება და ერთ თვეს გასტანს. რეგისტრაცია იწარმოებს პროფესიული უნარებისა და საგნობრივი გამოცდისათვის. 

უცხოური ენისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდისათვის რეგისტრაცია მას მერე გამოცხადდება, რაც დადგინდება ამ გამოცდის წონა და შედეგზე მიბმული დაფინანსების ოდენობა. 

წელს, მაგისტრანტები ერთსა და იმავე საგამოცდო ტესტს აღარ ჩააბარებენ. მათთვის მიმართულებების მიხედვით მუშავდება სხვადასხვა ტიპის ტესტური დავალებები.

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია მარტის დასაწყისში, აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესთან ერთად დაიწყება.

2013 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) იწარმოებს.




Followers