Monday, February 11, 2013

მინისტრი პედაგოგებს შეხვდა


            საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ სანიკიძემ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები დღეს, მასწავლებლის სახლში  შეკრებილ თბილისის სკოლების მასწავლებლებს გააცნეს. მინისტრმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ პედაგოგთა შეკითხვებსაც უპასუხეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტი  61 700 მლნ ლარით გაიზარდა (2012 წ.- 608 300 მლნ. ლარი; 2013 წ.- 670 000 მლნ. ლარი). გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ცვლილებები შევიდა მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაში:
  1. სრულ განაკვეთზე საბაზო ხელფასი  245 ლარიდან 305 ლარამდე გაიზარდა;
  2. ზრდა შეეხო სტაჟის ნაწილსაც კერძოდ: 5 წლამდე სტაჟის მქონე პედაგოგის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტი 0,1-დან გაიზარდა 0,2 მდე, 5-დან 10 წლამდე პედაგოგის 0,3-დან 0,5 მდე, ხოლო 10 წელზე მეტი სამუშაო სტაჟის მქონდე პედაგოგის 0,5-დან 0,6 მდე;
  3. გაიზარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატი - 24,5-დან 30,5 ლარამდე;
  4. გაიზარდა იმ მასწავლებლის დანამატი ვინც არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლის;
  5. კლასის დამრიგებლობის დანამატი - 62,48-დან 76,25 ლარამდე გაიზარდა;
  6. 19-დან 26 საგაკვეთილო საათამდე ჩატარებისას, მასწავლებელს სრული განაკვეთის ხელფასზე დანამატი  ყოველ შემდგომ საათზე 5 ლარი დანამატი ეძლევა.
მაგალითად: თუ პედაგოგი  კვირაში 22 საათს ატარებს, თვის ბოლოს მას  ხელფასზე დამატებით  80 ლარი ეძლევა;
7.  სერტიფიცირებულ პედაგოგს  დანამატი იმ შემთხვევაშიც მიეცემა, თუ დაწყებითი საფეხურის პედაგოგის დატვირთვა  კვირაში 13 საათს შეადგენს;
8. 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე სერტიფიცირების დანამატი ასევე მიეცემა სერტიფიცირებულ პედაგოგს (გარდა დაწყებითი საფეხურის პედაგოგისა), რომლის სამუშაო დატვირთვა კვირაში შეადგენს 15-17 საათს.

Followers