Wednesday, April 9, 2014

სსიპ ქალაქ თბილისის #94 საჯარო სკოლაში ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის სასკოლო ეტაპზე გამარჯვებული ესე ,,არა ნარკოტიკს", ავტორი - სალომე კალანდაძე

                     არა ნარკოტიკს
ნარკოტიკი ( ბერძნული სიტყვაა narkotikos და  გამაბრუებელს, დამაძინებელს ნიშნავს) ნივთიერებაა, რომელსაც მედიცინაში იყენებენ ტკივილგამაყუჩებლად, ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებას, რომლებიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ხშირ შემთხვევაში ნარკოტიკებს იყენებენ იმ სასიამოვნო შეგრძნების გამო, რომელიც გამოყენებისთანავე თავს იჩენს, ამ დროს ადამიანს აქვს  დადებითი ემოციები, უადვილდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, არ გრძნობს დაღლილობას და აქვს ხილვები.
ამ თითქოსდა ,,დადებითი’’ თვისებების გარდა, მას დამანგრეველი მოქმედება ახასიათებს,
 რომელიც ვლინდება როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ და სოციალურ ჭრილში, პიროვნება
დეგრადირდება. მისი ხშირი გამოყენება იწვევეს უამრავ დაავადებას და, უკიდურეს შემთხვევაში,
ფატალური შედეგიც ახასიათებს.  
,,აკრძალული ხილით’’ დაინტერესება უმთავრესად გარდატეხის ასაკში ხდება, რადგან ამ დროს მოზარდი ,,ფერად სამყაროს’’ სწყდება და იძულებულია, ,,შავ-თეთრ რეალობას’’ თვალი გაუსწოროს, ეს რთული პროცესია, მისი გადალახვა უძნელდებათ და ამიტომ ირეალურ სამყაროში არჩევენ ყოფნას.
განვიხილოთ ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,მოგზაურობა აფრიკაში’’ მოვლენები ქუჩაში ვითარდება, სადაც მძიმე ცხოვრების გაუვნებელყოფასა და მწარე რეალობისგან გაქცევას უპატრონო მოზარდები  ,,წებოს’’ საშუალებით ცდილობენ, ეს მათი ყოველდღიური ,,საქმიანობაა’’. სწორედ ამ ნაწარმოების მიხედვით გადაიღო ფილმი ,,გაღმა ნაპირი’’ რეჟისორმა გ. ივაშვილმა. ასევე აღსანიშნავია კინოფილმი ,,გასეირნება ყარაბაღში’’, რომელიც 90-იანი წლების თბილისელ ბიჭებზე მოგვითხრობს, მათ მავნე გატაცების, ნარკოტიკის    მოპოვების სურვილი  არასასურველ სიტუაციაში აყენებთ.
თუმცა  მხოლოდ მძიმე სოციალური პირობები და ომი არ განაპირობებს ნარკოტიკისკენ მიდრეკილებას. ადამიანს, რომელიც ამქვეყნიურ ,,სამოთხეში’’ ცხოვრობს და უზრუნველყოფილია ყველაფრით რაც სურს, რატომ უნდა იზიდავდეს ,,თეთრი სიკვდილი’’? ვიტნი ჰიუსტონმა, ემი ვაინჰაუსმა  და უამრავმა მსოფლიო ვარსკვლავმა სიცოცხლე ხომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, ,,ფერად სამყაროში’’,  დაასრულა! ამრიგად, ნარკოტიკებისკენ ლტოლვა ყველანაირ სოციალურ გარემოში მცხოვრებ ადამიანს ახასიათებს.ნარკოტიკის  საშუალებით რეალურად  ადამიანი არსებობს, მაგრამ არ ცხოვრობს.    
,,საუკუნის ჭირის’’ მოშორება მარტივად და მოკლე ხანში ვერ მოხერხდება, თუმცა, მინდა მოგიწოდოთ: თუ თითოეული ჩვენგანი ზნეობრივად მივუდგებით ამ საკითხს და გავითავისებთ,რომ ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ მომავალი თაობისთვისაც დამღუპველია, რადგან ძირს უთხრის ჯანსაღ ცხოვრებას და ამკვიდრებს სამუდამო წყვდიადს, მაშინ ერთობლივი ძალებით მის დამარცხებას მოვახერხებთ.  
გახსოვდეთ, ეს თვითმკვლელობაა! ეს არის დამღუპველი იარაღი  თქვენი აწმყოსი და მომავლისა! უთხარით არა ნარკოტიკს!


სალომე კალანდაძე - X კალსის მოსწავლე

სსიპ ქალაქ თბილისის #94 საჯარო სკოლა

Followers