Monday, November 1, 2010

მინისტრი აბიტურის საათს დაესწრო

2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდების შემოღებასთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-12 კლასისთვის განკუთვნილ საათობრივ ბადეში ე.წ. ”აბიტურის საათები” გამოიყო. აბიტურის საათი ეროვნული სასწავლო გეგმითაა გათვალისწინებული და იგი განვლილი მასალის გამეორებას ეთმობა. ბიოლოგიაში აბიტურის საათის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №122 საჯარო სკოლაში გაეცნო და მოსწავლეებს იმ ახალ, ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელზე ესაუბრა, რომლითაც საატესტატო გამოცდები მომავალ წელს პირველად ჩატარდება.

აბიტურის საათები ყველა იმ საგნისთვის არის გათვალისწინებული, რომელშიც ჩატარდება საატესტატო გამოცდა. ეს საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის - ქართული, როგორც მეორე ენა); მათემატიკა; უცხოური ენა; საქართველოს და მსოფლიო ისტორია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია.

აბიტურის საათები საშუალებას აძლევენ მოსწავლეებს მასალა, რომელზე დაფუძნებული ტესტური დავალებითაც მოუწევთ გამოცდების ჩაბარება, კიდევ ერთხელ გაიმეორონ და უკეთესად მოემზადონ საატესტატო გამოცდებისთვის. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აბიტურის საათების შემოღება იმ საგნებში, რომლის სწავლებაც მე-12 კლასის სასწავლო პროგრამით არ არის გათვალისწინებული. ეს საგნებია: გეოგრაფია, ბიოლოგია და ფიზიკა. მნიშვნელოვანია, რომ აბიტურის საათებში მოსწავლე არ იღებს ნიშნებს. ეს გაკვეთილები მოსწავლეს ეხმარება განვლილი საკითხების გამეორებაში.

პირველად საქართველოში საატესტატო გამოცდები ჩატარდება კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით. თითოეულ საგანში გამოცდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება.
თითოეული საგამოცდო საგნისათვის იქმნება საგამოცდო საკითხების ბაზა, მასში შემავალი საკთხები სირთულის დონის მიხედვით იყოფა რამდენიმე (7-10) კატეგორიად. დასაწყისში აპლიკანტს ეძლევა საშუალო სირთულის საკითხები, გაცემული პასუხებით პროგრამა აფასებს ცოდნის დონეს და იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კატეგორიიდან მიეცეს აპლიკანტს შემდეგი საკითხები. საგამოცდო პროცესის დამთავრებისთანავე ცნობილი ხდება გადალახა თუ არა აპლიკანტმა კონკრეტული საგნისათვის დადგენილი კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, რომელიც შესაძლებლობების სკალის კონკრეტული ნიშნულით გამოისახება და არა ნიშნით. კომპიუტერული პროგრამის შეფასება არ აისახება მოსწავლეს წლიური ნიშანზე, იგი დარჩება უცვლელი.

Followers