Thursday, March 14, 2013

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ახალი მოდელი ამოქმედდება


                     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ახალი სტრუქტურა - სასკოლო ოლქი იქმნება, რომელშიც რამდენიმე სკოლა შევა. ახალი მოდელის მიხედვით, სკოლის დეცენტრალიზებულ მართვაში ახალი თვითმმართველი რგოლი ჩაერთვება. დღეს, მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი მოდელი ჟურნალისტებს წარუდგინა.
             ახალი მოდელის მიხედვით,  სამინისტრო სტანდარტებსა და მათი მიღწევის შეფასების კრიტერიუმებს შეიმუშავებს. ამასთან, უზრუნველყოფს ყველა მოსწავლისათვის სკოლების სტანდარტების ძირითადი კომპონენტების ხელმისაწვდომობას. საგანმანათლებლო რესურსცენტრი ინარჩუნებს სკოლებისათვის საგანმანათლებლო, იურიდიულ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით საკონსულტაციო დახმარების გაწევის ფუნქციას. ასევე, რაიონის დონეზე განახორციელებს მოსწავლეთა და მასწავლებელთა პროგრესის მონიტორინგსა და კონტროლს.  დამატებითი მმართველობითი რგოლის ფუნქცია კი, სკოლის ოლქის დონეზე სასკოლო პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება იქნება.
                 საქართველოს მასშტაბით  250-300 სასკოლო ოლქი იარსებებს, რომელიც, საშუალოდ, 10 სკოლას მოემსახურება. სასკოლო ოლქის საბჭოს წევრების რაოდენობა ყველა ოლქში  ფიქსირებული - 9 წევრი იქნება: წევრების უმრავლესობა (6 წევრი)  აირჩევა, მაგრამ 1 წარმომადგენელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დანიშნავს,1 წევრს -  ადგილობრივი თვითმმართველობა და 1 წევრს - საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
            პროექტი ორი კვირის განმავლობაში დეტალურად განიხილება, შემდეგ მოხდება მისი პილოტირება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ელექტრონულ მისამართზე: nrevishvili@mes.gov.ge  შეუძლია გამოაგზავნოს თავისი შენიშვნები და რეკომენდაციები.

Followers