Friday, April 30, 2010

ახალი საცურაო აუზი 7 საჯარო სკოლას მოემსახურება


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 94-ე საჯარო სკოლაში საცურაო აუზი გახსნა. ახალი აუზი ერთადერთია ისანი-სამგორის დასახლებაში და გარკვეული შეღავათებით შვიდ საჯარო სკოლის მოსწავლეებს მოემსახურება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 94-ე საჯარო სკოლის 300-მდე მოსწავლეს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, უფასოდ ჩაუტარდება ცურვისა და წყალბურთის გაკვეთილები.

94-ე საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონ მარინა ჩაგანავას განცხადებით, სკოლაში დიდი დაინტერესება გამოიწვია პრეზიდენტის ინიცირებულმა პროექტმა ფიზკულტურის სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლების თაობაზე. ამ სკოლის მოზარდები კალათბურთითა და ფრენბურთით არიან დაინტერესებულნი და ახალი სასწავლო წლიდან ცურვასა და წყალბურთან ერთად სპორტის ამ სახეობებშიც ჩაუტარდებათ გაკვეთილები. ”ALUMNI-ს” პროექტის ფარგლებში შემოწირული თანხით სპორტის გაკვეთილების განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება - შეკეთდება სპორტული დარბაზი და აღიჭურვება სპორტული ინვენტარით, ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება ღია სპორტული მოედნის მშენებლობაც.

თბილისის №94-ე საჯარო სკოლაში 1600 მოსწავლე სწავლობს და 108 პედაგოგი მოღვაწეობს. 50-მდე პედაგოგმა გაიარა მასწავლებელთა სერტიფიცირებისვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გადამზადების კურსები, 40-მდე მასწავლებელი სასერტიფიკატო გამოცდებს გაივლის.

სკოლის შენობას პროექტ ”იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მონაწილეობენ სასკოლო ოლიმპადებსა და სხვადასხვა კონკურსებში. მიმდინარე წელს სკოლას 2 ოქროსა და 6 ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს.

Followers