Friday, April 30, 2010

ახალი საცურაო აუზი 7 საჯარო სკოლას მოემსახურება


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 94-ე საჯარო სკოლაში საცურაო აუზი გახსნა. ახალი აუზი ერთადერთია ისანი-სამგორის დასახლებაში და გარკვეული შეღავათებით შვიდ საჯარო სკოლის მოსწავლეებს მოემსახურება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 94-ე საჯარო სკოლის 300-მდე მოსწავლეს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, უფასოდ ჩაუტარდება ცურვისა და წყალბურთის გაკვეთილები.

94-ე საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონ მარინა ჩაგანავას განცხადებით, სკოლაში დიდი დაინტერესება გამოიწვია პრეზიდენტის ინიცირებულმა პროექტმა ფიზკულტურის სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლების თაობაზე. ამ სკოლის მოზარდები კალათბურთითა და ფრენბურთით არიან დაინტერესებულნი და ახალი სასწავლო წლიდან ცურვასა და წყალბურთან ერთად სპორტის ამ სახეობებშიც ჩაუტარდებათ გაკვეთილები. ”ALUMNI-ს” პროექტის ფარგლებში შემოწირული თანხით სპორტის გაკვეთილების განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება - შეკეთდება სპორტული დარბაზი და აღიჭურვება სპორტული ინვენტარით, ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება ღია სპორტული მოედნის მშენებლობაც.

თბილისის №94-ე საჯარო სკოლაში 1600 მოსწავლე სწავლობს და 108 პედაგოგი მოღვაწეობს. 50-მდე პედაგოგმა გაიარა მასწავლებელთა სერტიფიცირებისვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გადამზადების კურსები, 40-მდე მასწავლებელი სასერტიფიკატო გამოცდებს გაივლის.

სკოლის შენობას პროექტ ”იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მონაწილეობენ სასკოლო ოლიმპადებსა და სხვადასხვა კონკურსებში. მიმდინარე წელს სკოლას 2 ოქროსა და 6 ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს.

Wednesday, April 28, 2010

ანონსი

29 აპრილს 12 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 94-ე საჯარო სკოლაში საცურაო აუზს გახსნის. ახალი აუზი ერთადერთია ისანი-სამგორის ამ დასახლებაში და იგი გარკვეული შეღავათებით შვიდი საჯარო სკოლის მოსწავლეებს მოემსახურება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - 94-ე საჯარო სკოლის 300-მდე მოსწავლეს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, უფასოდ ჩაუტარდებათ ცურვისა და წყალბურთის გაკვეთილები.

Saturday, April 24, 2010

მოგვილოცეეეეთთთთთთთთთთთთთთთთთ!!!!!!!!



ოლიმპიადის 2 გამარჯვებული გვყავს 3 საგანში
ლაშა ახალაია გეოგრაფიასა და ისტორიაში
ლადო ნიაური უმაღლესი ქულით ქიმიაში!!!!!!
გილოცაააააააავთ ბავშვებსაც და მათ პედაგოგებსაც!!!!!!!!

გეოგრაფია_ლიზა გოცირიძე
ქიმია_ლიანა პეტრიაშვილი
ისტორია_რუსუდან ხვიჩია



შდეგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
http://naec.ge/more.php?id=356&rig_no=106&lang=geo

Wednesday, April 21, 2010

ღონისძიება ,,უტკბესი და უმწარესი"

დღეს, 22 აპრილს საღამოს, 18 საათზე ჩატარდება დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სათაურით– ,,უტკბესი და უმწარესი".
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მხატვრული კითხვის წრის ბავშვები.
ხელ–ლი: ლ. ტალახაძე

ანონსი

მონაწილეობა ,,ჩვენი უბნის სტარტებში"

Tuesday, April 20, 2010

მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმა მიზნად თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მომავალი თაობების აღზრდას ისახავს, რაც თავისთავად მასწავლებლების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი პროფესიული განვითარების და ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას მოითხოვს. მათ შორის:

  • ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვას, რომელიც საგანმანათლებლო ტექნოლოგიებსა და პრობლემაზე დაფუძნებული სასწავლო მიდგომების გამოყენებას მოიცავს;
  • არსებული ციფრული რესურსების და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებას, ასევე მონაწილეობას მათ შექმნაში;
  • ტექნოლოგიების გამოყენებით ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება-სწავლისთვის გარემოს შექმნას;
  • პროფესიულ სასწავლო საზოგადოებებში მონაწილეობას, პრაქტიკოსებთან და ექსპერტებთან გამოცდილებისა და საუკეთესო მაგალითების გაზიარების მიზნით, მათ შორის ელექტრონული საზოგადოებების საშუალებით;
  • ტექნოლოგიებით გამდიდრებული შეფასებების გამოყენებას, რომელიც მოსწავლეებში თანამედროვე მოთხოვნების უნარ-ჩვევების გაზომვის საშუალებას მოგვცემს.

სსიპ ფონდი ”ირმის ნახტომი” 2005-2008 წლებში ახორციელებდა მასწავლებელთა საბაზო ტრენინგების პროგრამას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ისტ). 2009 წლის იანვრიდან ისტ ტრენინგების განხორციელებას მასწავლბელთა პროფესიული განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს.

პროგრამის მიზანი: საქართველოში საშუალო განათლების ხარისხის ამაღლება, სასკოლო კურიკულუმში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების გზით.

სპეციფიური ამოცანა:მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების შეთავაზების გზით;

სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ქართული საგანმანათლებლო ელ-რესურსების შექმნისა და გამოყენების გზით.

ტრენინგ-კურსები

სკოლის ჩემპონი

ამ კვირაში გაირკვა ჭადრაკის ტურნირის ჩემპიონის ვინაობა, ის X–გ კლასის მოსწავლე გიორგი დავითაძე გახლავთ, მან დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა VIII–ბ კლასის მოსწავლე თამარ გიორგაძე, საბოლოოოდ საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:

I ადგილი – გიორგი დავითაძე X გ

II ადგილი – თამარ გიორგაძე VIII ბ

III ადგილი – ლაშა სანებლიძე VIII ა

გამარჯვებულებს ვულოცავთ და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!

Monday, April 19, 2010

განცხადება

კიდევ ერთხელ განგიმარტავთ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემის წესს.

როგორც თქვენთვის ცნობილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის #1103 ბრძანებით 2006 წლის 28 სექტემბრის #841 ბრძანებით დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა ცვლილება ნიშნის გამოყვანის წესთან დაკავშირებით.

ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის ( მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით;

ოქროსა და ვერცხლის მედლების გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება მოსწავლის შეფასება ტრიმესტრების მიხედვით;

საგნის წლიური ნიშანი მრგვალდება და გამოიხატება ერთი ნიშნით (მთელი რიცხვი). მაგ: თუ მოსწავლეს პირველ ტრიმესტრში, მათემეტიკაში აქვს 9,9; მეორე ტრიმესტრში - 9,8 და მესამე ტრიმესტრში - 9,7. ამ ქულათა საშუალო არითმეტიკული არის 9,8; თუმცა მისი წლიური შეფასება იქნება 10.

ოქროს მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომელსაც მესამე საფეხურზე ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი არის დამრგვალებული 10.

ვერცხლის მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომელსაც მესამე საფეხურზე ყველა საგნის თითოეული წლის დამრგვალებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული არის 9.8 დან - 10 მდე.

Wednesday, April 14, 2010

გრიფირებული სახელმძღვანელოების კატალოგი

კატალოგით სარგებლობისას თქვენ შეგიძლიათ:

ა) საძიებო სისტემის მეშვეობით მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო სახელმძღვანელო სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით

ბ) დაათვალიეროთ სახელმძღვანელოების ელექტრონული ნიმუშები. ნიმუშები წარმოდგენილია სამ ფაილად: 1) სახელმძღვანელოს ყდები და სარჩევი; 2) მოსწავლის სახელმძღვანელო; 3) მასწავლებლის სახელმძღვანელო

გ) იხილოთ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის და ასევე მოწვეული ექსპერტების მიერ თითოეულ სახელმძღვანელოზე დაწერილი შეფასება.

საძიებო სისტემაში შესულია მხოლოდ 2009-2010 წლიდან გრიფირებული წიგნები. გრიფირებული სახელმძღვანელოების სრული ჩამონათვალი (2009 და გასულ წლებში) შეგიძლიათ იხილოთ აქ

Tuesday, April 6, 2010

პედაგოგებისთვის სასერტიფიკაცო გამოცდაზე გამსვლელი ქულა დადგენილია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და საგამოცდო დრო დაადგინა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.

საწყის ეტაპზე პედაგოგებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და უცხო ენაში, ასევე უნარ-ჩვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოცდებში მონაწილეობის მიღება ამ დისციპლინების 20 000 -მდე მასწავლებელს შეეძლო. ამ დროისთვის, დაფიქსირებულია მასწავლებელთა მაქსიმალური აქტივობა, გამოცდებზე გასვლის სურვილი გამოთქვა და რეგისტრაცია გაიარა 10 720 მასწავლებელმა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რეალურად მასწავლებლებს სურთ კვალიფიკაციის ამაღლება და სახელმწიფო მათ ყოველმხრივ უწყობს ხელს. გამოცდები ჩატარდება ივლისში.

თითოეული გამოცდისათვის ბარიერი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საცდელი ტესტირებების შედეგების ფსიქომეტრული ანალიზით დადგინდა. სერტიფიკატის მისაღებად თითოეულ გამოცდაში პედაგოგმა მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. პროფესიული უნარებისა და საგნობრივი ტესტების მაქსიმალური ქულა შემდეგნაირად განისაზღვრა: პროფესიული უნარების ტესტი – 80 ქულა; ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი – 80 ქულა; უცხოური ენების ტესტი – 120 ქულა; მათემატიკის ტესტი – 70 ქულა.

სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილე პედაგოგებს პროფესიული უნარებისთვის, ქართული ენისა და ლიტერატურისთვისა და მათემატიკის ტესტებზე მუშაობისთვის 5, ხოლო უცხო ენის გამოცდისთვის 3 საათი და 15 წუთი მიეცემათ. საგნობრივი ტესტების დაახლოებით 40% საგნის სწავლების მეთოდიკას, ხოლო 60% საგნის ცოდნას მოიცავს.

პედაგოგები, რომლებიც ბარიერს გადალახავენ არა მხოლოდ ხელფასი მოემატებათ, არამედ მენტორ მასწავლებლად იმუშავებენ, რაც 160 ლარიან დანამატს გულისხმობს. სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მას სახელმწიფო აფინანსებს. ტესტების მომზადებასა და გამოცდების ჩატარებას გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. პედაგოგთა რეგისტრაცია 15 აპრილს დასრულდება.

Sunday, April 4, 2010

მესამე ტურიც ჩვენიააააააააააააააა!!!!!!

ლაშა ახალაიას და ლადო ნიაურს ვულოცავთ მესამე ტურში გადასვლას!!!!





ლადო_ქიმია (პედ. ლიანა პეტრიაშვილი) და ბიოლოგია (პედ. ნინო გიგოლაშვილი)
ლაშა_ისტორია (პედ. რუსუდან ხვიჩია) და გეოგრაფია (პედ. ლიზა გოცირიძე)
პ।ს.
ჩვენს ყოფილ მოსწავლეს, ნიკა გუცაევსაც ვულოცავთ ბიოლოგიაში მესამე ტურში გადასვლას!

შედეგები:

http://naec.ge/more.php?id=347&rig_no=101&lang=geo

Monday, March 29, 2010

2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამები უკვე დამტკიცებულია. ამ მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საგნობრივ ექსპერტებთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული ექსპერტები სამეცნიერო წრეებიდან, რომლებიც 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამებს გაეცნენ და შეფასება მისცეს.

2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამები, რომელიც სექტემბერში უნდა დამტკიცებულიყო მარტის ბოლოს მომზადდა, რითაც მოსწავლეებს მეტი დრო მიეცემათ გამოცდებისთვის მოსამზადებლად.

უკვე დამტკიცებული 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამებით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ამჟამად საგამოცდო ტესტებს შეადგენს, რომლის აპრობაციაც მაისში მოხდება. აპრობაციის შემდეგ კი საბოლოოდ დადგინდება საატესტატო გამოცდების მინიმალური კონპეტენციის ზღვარი.

Thursday, March 25, 2010

სპარტაკიადის შედეგები :)

ჩვენს სკოლაში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა სპორტული სპარტაკიადები ფეხბურთსა და ფრენბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ მაღალი საფეხურის კლასები.
ფრენბურთის სპარტაკიადაში თავდაპირველად მონაწილეობდნენ: XIIგ, XIგ, XIIდ, XIგ, Xგ, XIIა, Xბ და XIა კლასები. ფინალური თამაში ედგა XIIა და XIIგ კლასებს შორის. გამარჯვება XIIგ (დამრიგებელი ვალია გადილია) კლასმა მოიპოვა.

ფეხბურთში იგივე მონაწილე კლასებიდან ფინალში
გავიდნენ XIIდ და XIა კლასები. გაიმარჯვა XIა კლასმა (დამრგებელი ნანა ზალინაშვილი).

სპარტაკიადებმა საერთო ჯამში მშვიდად და ორგანიზებულად ჩაიარა, აქტიურობდნენ მხარდამჭერებიც.

ორშაბათიდან იწყება ახალი ეტაპი. შეჯიბრებები გაიმართება ჭადრაკში.
ასევე სიახლეა გოგონებთან მიმართებაშიც. სკოლის ფრენბურთელ გოგონათა ორი გუნდი, დაიცავს სკოლის ღირსებას.

Saturday, March 20, 2010

თვითმმართველობის დღე :)




2010 წლის 16 მარტს, როგორც ვგეგმავდით, სკოლაში ჩატარდა თვითმმართველობის დღე. ეს არის ჩვენი ტრადიცია, რომელიც უკვე 10 წელია, რაც არსებობს. მას ბავშვები განსაკუთრებული ინტერესითა და ხალისით ეკიდებიან და ყოველი წელი წინაზე განსხვავებული და საინტერესო ხდება. თანაც მათი მასწავლებლის როლში ხილვა მეტად სასიამოვნო პროცესია, ისინი ხომ ასე სწავლობენ პედაგოგის შრომის დაფასებას....

თვითმმართველობის დღეს მღავალი ღონისძიება იყო დაგეგმილი. დილიდან მოვალეობის შესრულებას შეუდგა
სკოლის ”დირექცია”, რომელშიც შედიოდნენ: თამარ აბურჯანია დირექტორის რანგში, თამარ მუკბანიანი,-დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში და სასწავლო ნაწილები: ბაჩანა ახალაია და ფიქრია ქურდაძე.


დილიდან ისინი აკონტროლებდნენ სკოლაში დისციპლინას და მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრებას, ესწრებოდნენ საკონკურსო გაკვეთილებს და კლასის საათებს; სკოლის თვითმმართველობასთან ერთად აჯამებდნენ თითოეულ ღონისძიებას, გამოფენას და გაკვეთილს.
ღონისძიების სიაში შედიოდა
თამარ ჟიჟიაშვილის ნახატების,
რუსუდან მაისურაძის ნაძერწებისა
და

ნათია აბურჯანიას თექის ნამუშევრების

გამოფენა. მცირე ექსპოზიციები. დიდი მოწონება დაიმსახურა თამუნას დახატულმა ”სპანჩ-ბობმა” და რუსუდანის ძველი ქართული სტილის სიმძლავრემ ნამუშევრებში. აი ნათიას ერთ ერთი შარფი კი ისე მომეწონა, რომ უახლიეს მომავალში გავძარცვამ :)
სკოლა მომავალ ხელოვნებს დიდ წარმატებებს უსურვებს :)
ბავშვები განსაკუთრებული მონდომებით მოეკიდნენ მასწავლებლობას. ბევრი მათგანი ისე ”წააგავდა” საკუტარ მასწავლებელს, დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენდა მათი პედაგოგების გამოცნობა :
გიული ანთიძის მოსწავლე, თემური ექიზაშვილი

თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ნამდვილად ხელს უშლიდნენ ამ დღის ნორმალურ მსვლელობას. მადლობა მითხრან, რომ მათი ფოტოები არ დავურთე სტატიას შესარცხვენად :), რადგან ასეთი მოქცევა გარდა იმისა, რომ უპასუხისმგებლოა, მავნებელიცაა, რადგანაც შენს მეგობარს ხელს უშლი იმის გაკეთებაში, რაც მას სურს და დასცინი მის შრომასა და მონდომებას. ეს კი ნამდვილად სასირცხვილოა!
(გადასვლას დააკვირდით :) )

ასევე ჩატარდა კედლის გაზეთების კონკურსი თემაზე ”დედა და ქალი”.

ნამუშევრები მეტად საინტერესო იყო. მონაწილე კლასებმა დიდი შრომა ჩადეს თითოეულ მათგანში. მართალია, ბევრ კლასს (ჩემი კლასის ჩათვლით :) :) გაზეთი არ წარმოუდგენია, მაგრამ რას ვიზამთ, ”მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა...:) ”

დამკვიდრდა ახალი ტრადიციაც: მთელი დღის განმავლობაში სკოლის ფოიეში იდგა
”გულახდილობის ყუთი”, რომელშიც მოსწავლეები საკუთარ სურვილებს, ნააზრებს და ოცნებებს ყრიდნენ. შედეგები ნამდვილად არაორდინალური აღმოჩნდა: მოითხოვდნენ ბუფეტის უფასოდ გადაკეთებას, სიმღერას დირექციისგან და ა.შ. ასევე ზოგს არ დაეზარა და ასეთი სახის ”აფორიზმი” დაუტოვა სკოლას: ცხოვრება ომია, რომელშიც ბოლოს ყველა მარცხდებაო. რას ვიზამთ, პესიმიზმი და კულტურის არქონა ყურადსარები პრობლემაა დღესდღეისობით :)
თემას გადავუხვიე

დღის ბოლოს თვითმმართველობის ძველი და ახალი წევრები დაესწრნენ კლასის საათებს, ასევე დღის დახურვის ცერემონიალსაც. აქ წარმოდგენილი იქნა ავანგარდული სამოსი,

რომელიც მთლიანად ქაღალდისა და პოლიეთილენის პარკებისაგან იყო შექმნილი. ასევე მოეწყო ინტელექტუალური შოუ, მაგრამ ნაცვლად მასწავლებლებისა და მოსწავლეებისა, გოგონების და ბიჭების შეჯიბრება გახდა საჭირო, რადგანაც ვერ შეგროვდნენ მასწავლებლები :) რატომღას ყველას ტრეინინგი და გამოცდა აღმოაჩნდა :) ვიმედოვნებთ,

მახრჩობს კონკურენტი

რომ ეს მართლაც ასეა :)
შეჯიბრი საინტერესოდ და დრამატულად წარიმართა. ადგილი ქონდა კამათს ჩხუბს, სიცილ-ხარხარს, სირცხვილსაც კი
საბოლოოდ კი ისევ ფემინიზმმა და გენდერულმა უთანასწორობამ (რაღა თქმა უნდა, ქალთა სასარგებლოდ) იმძლავრა და გოგონებმა 4 ქულის სხვაობით 14:16 გავიმარჯვეთ (გუნდში მეც შევდიოდი).


საერთო ჯამში, დღე დამღლელი, მაგრამ საინტერესო გამოვიდა.
ეს ბოლო თვითმმართველობაა, რომელსაც სკოლაში ვატარებ და მართალია, ცოტა უფრო უკეთესად მინდოდა ყოფილიყო ყველაფერი, თუმცა მიღწეული შედეგი მანც დამაკმაყოფილებელია. ვიმედოვნებ, მომავალში ახალი თვითმმართველობის წევრები კიდევ უფრო მობილიზებულს, საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდიან ამ დღეს.
თვითმმართველობის სახელით
12 ბ კლასის მოსწავლე თამარ აბურჯანია.
იმპროვიზაცია: 12გ კლასის მოსწავლე თამარ ხეიძე.

Followers