Monday, May 16, 2011
გამოცდები 2011
ერთიანი ეროვნული გამოცდები
საერთო სამაგისტრო გამოცდა
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები
Tuesday, May 10, 2011
კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი"
კიდევ ერთი აღიარება

ვულოცავთ ქ – ნ მარინას ამ ჯილდოს, იმედი გვაქვს, მისი თავდაუზოგავი შრომა მომავალშიც ბევრჯერ აღინიშნება საპატიო ჯილდოებით.
აქვე დავძენთ, რომ ეს ორდენი ჩვენი სკოლის თითოეულმა მოსწავლემ და პედაგოგმა საკუთარ ჯილდოდაც მიიჩნია: კარგ ხელმძღვანელს, ბუნებრივია ღირსეული კოლეგები და საქმისადმი თავდადებული თანამშრომლები უდგანან გვერდში.
Monday, May 9, 2011
პედაგოგთა, მოსწავლეთა და მშობელთა საყურადღებოდ!
Friday, May 6, 2011
დიმიტრი შაშკინმა წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროს თანამშრომლებთან გაფართოებული შეხვედრა გამართა და წარმატებულ თანამშრომლებს ღირსების ორდენი გადასცა, რომლითაც ისინი საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა.
ღირსების ორდენი წარმატებული საქმიანობისთვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელს ნათია პაპავას, გადაეცა ღირსების ორდენით ასევე დაჯილდოვდნენ:
- სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი;
- ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმის წარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ციური გიორგაძე;
- ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ირმა ძიძიგური;
- ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განათლების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მაყვალა კურდღელია;
- თბილისის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ამირან ჯამაგიძე;
- თბილისის №94-ე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ჩაგანავა;
- ა. რაძმაძის სახელობის ქუთაისის №41-ე საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი;
- თბილისის №161-ე საჯარო სკოლის გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ალექსი კალანდაძე;
- სსიპ გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოგისტიკის ჯგუფის მთავარი ლოგისტი მაია გაბუნია;
დაჯილდოებულ თანამშრომლებს მინისტრმა მადლობა გადაუხადა წარმატებული მოღვაწეობისთვის და სამინისტროს საქმიანობის პროცესში მათ ღვაწლზე ისაუბრა.
შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა ასევე განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები შეაფასა და თანამშრომლებს სამომავლო გეგმები გააცნო. მიმდინარე ინოვაციური პროექტებიდან გამომდინარე, მან სამინისტროს როლზე და მის დაქვემდებარებაში შემავალ ყველა უწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სიახლეების დანერგვის პროცესში გამჭვირვალობას, საზოგადოების სწორად ინფორმირებასა და ჩართულობას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელება, მინისტრის თქმით, თითოეული თანამშრომლის საქმიანობაზეა დამოკიდებული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რომელიც განათლების სფეროს წარმომადგენელებს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება, მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.
Thursday, May 5, 2011
მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩი” გამარჯვებულები დააჯიდოვეს.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანპრი პროექტისთვის „რობოტი მზესუმზირა” კომაროვის ფიზიკა–მათემატიკური სკოლის მოსწავლეებს დავით ბულისკირიას და ლევან გაბისონიას გადაეცათ. ისინი მიმდინარე წლის ივლისში ინგლისში 4-კვირიანი სასწავლო ტურით გაემგზავრებიან. X-XII კლასების ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილითა და 5 000 ლარით პროექტის “საგანგაშო ღილაკი” ავტორი დიმიტრი კოლოტაური (სოფელ დიღმის სკოლა), მეორე ადგილითა და 3 000 ლარით პროექტის “ზამბარიანი რეოსტატი” ავტორი ლაშა ხუციშვილი (ახალციხის N5 საჯარო სკოლა) და მესამე ადგილითა და 2 000 ლარით პროექტის “მოძრაობის მაგნიტური გამაძლიერებელი” ავტორი ლაშა ჩალაძე (სოფ. აფენის N1 საჯარო სკოლა) დაჯილდოვდნენ.
VII-IX კლასების ასაკობრივ კატეგორიაში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი და 5 000 ლარი პროექტის “სახლის სეისმოგრაფი” ავტორი გიორგი მეშველიანი (კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა), მეორე ადგილი და 3 000 ლარი პროექტის “მწვანე უცხოპლანეტელი - 25” ავტორი თემურ ჩიჩუა (N4 საჯარო სკოლა), მესამე ადგილი და 2 000 ლარი პროექტის “წიგნი: რა ვაკეთოთ თავისუფალ დროს” ავტორი ლუკა მარკოზაშვილი (N31 საჯარო სკოლა). ასევე დასაჩუქრდნენ გრანპრისა და პირველ ადგილებზე გასული პროექტების წარმომდგენი სკოლები, ყველა მათგანს ინტერაქტიული დაფა(smartboard) გადაეცა.
სამინისტროს მიერ კონკურსში მონაწილე ყველა პროექტის ავტორი დიპლომებით დაჯილდოვდა. ფავორიტი პროექტები კომპანიამ “ბილაინი” დააჯილდოვა, რომელმაც პროექტების “სარკინიგზო რელსების ორიგინალური გადაბმა” და “SMART-ივი განათების” ავტორებს მობილური ტელეფონები, პროექტის “ბარნაბა” ავტორს კი USB მოდემი გადასცა. ერთთვიან სტაჟირებას გაივლის კომპანია “ვისოლ ჯორჯია პეტროლიუმში” პროექტის “ფიზიკის ელექტრონული ლექსიკონი” ავტორი სალომე ყოფიანი. 10 პროექტის ავტორი დააჯილდოვა ჯურნალმა “ჯუნიორმა” ერთწლიანი უფასო ხელმოწერით, გამომცემლობა “ლოგოს პრესმა სამეცნიერო-შემეცნებითი წიგნები “ლეონარდო და ვინჩი” და “მარკო პოლო” 19 მონაწილეს გადასცა.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში ინოვაციური პროექტების გამოფენა ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში მეორე დღეა მიმდინარეობს. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანი იყო მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების გამოვლენა, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით მათთვის სტიმულის მიცემა.
მოსწავლეთა ინოვაციური ნამუშევრების გამოფენა დღეს დაიხურება.

კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი"
5 მაისს, 12 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” გამარჯვებულ 7 საუკეთესო პროექტის ავტორ მოსწავლეებს მედლებით, დიპლომებით, ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოვებს. გრანპრის მფლობელი კი, სასწავლო-შემეცნებითი ტურით ევროპაში, კერძოდ, ინგლისში გაემგზავრება.
ადგილი: ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონი №11;
მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ.. №118
Wednesday, May 4, 2011
ინოვაციური პროექტების გამოფენა პრეზიდენტმა დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში მოსწავლეთა მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტების გამოფენას გაეცნო. გამოფენა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში გაიმართა.
მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ჩატარდა და მისი მიზანი იყო მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების გამოვლენა, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით მათთვის სტიმულის მიცემა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს სკოლების ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლო როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. კონკურსი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა: VII-IX კლასები, X-XII კლასები. კონკურსანტს უნდა წარმოედგინა საკონკურსო განაცხადი გამოგონების ტექსტუალური აღწერილობით და ილუსტრაცია ნახაზის ან მოდელის სახით.
კონკურსის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლებში ერთი თვის განმავლობაში საჯარო ლექციები მიმდინარეობდა. მასში სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების 50-მდე მეცნიერი, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობდა. ლექციები ძირითადად აინშტაინის პროგრამის ფარგლებში აღჭურვილ ლაბორატორიებში ჩატარდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
კონკურსში ჩაერთვნენ საქართველოს ყველა რეგიონის მოსწავლეები. ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებებით, ასევე გამოგონებები იყო სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკის და საინჟინრო სფეროებში.
საკონკურსო კომისიის მიერ 7 საუკეთესო პროექტი შეირჩა, რომელთა ავტორებიც მედლებით, დიპლომებით, ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან. გრანპრის მფლობელი სასწავლო-შემეცნებითი ტურით ევროპაში, კერძოდ, ინგლისში გაემგზავრება. პირველ ადგილზე გასული პროექტი დაჯილდოვდება 5 000 ლარით, მეორე ადგილი - 3 000 ლარით, ხოლო მესამე - 2 000 ლარით.
საკონკურსო განაცხადებში შემოსული ყველაზე საინტერესო და ინოვაციური პროექტები კი, ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში გამოიფინა. ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი პროექტების ავტორები აკეთებენ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციებს და პასუხობენ დამთვალიერებლის კითხვებს. გამოფენას ესწრებიან როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეები.
Monday, May 2, 2011
გამოსაშვები გამოცდები
ვებ პორტალი, 110407029, 07.04.2011
სარეგისტრაციო კოდი
430190000.22.022.016087
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №48/ნ
2011 წლის 7 აპრილი ქ. თბილისი
სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ტ3” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესი და პირობები”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ა। სეფერთელაძე
სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესი და პირობები
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს სკოლის გამოსაშვები გამოცდების (შემდგომში – გამოცდების) ჩატარების წესსა და პირობებს.
მუხლი 2. გამოცდის სამართლებრივი შედეგები
გამოცდების შედეგების საფუძველზე, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა, გამოვლინდებიან ის პირები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტის დადასტურებისას მიიღებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს.
თავი II
გამოცდა
მუხლი 3. გამოცდაზე გასვლის უფლების მქონე პირები
1. გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ექსტერნის ფორმით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და რომელიც ამ წესით დადგენილი პროცედურებით გამოთქვამს სურვილს გამოცდებში მონაწილეობის შესახებ.
2. გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის მოსწავლე/ექსტერნი, რომელიც გამოცდებზე გასვლის მიზნით დარეგისტრირდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების –საგანმანათლებლო რესურსცენტრებში (შემდგომში – რესურსცენტრი), მაგრამ შესაბამის წელს ვერ დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს.
მუხლი 4. გამოცდის ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოები
1. სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი), გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
2. იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც სწავლობენ განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით სპეციალიზებულ სკოლებში, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფს გამოცდის ჩაბარებას მათ მიერ დადგენილი პროცედურების მიხედვით.
3. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებისა და მე-6-მე-16 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სკოლების მიერ ჩატარებულ გამოცდებზე.
4. საჯარო სკოლა, რომელიც სპეციალიზდება განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის) და სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით, ვალდებულია მოამზადოს საგამოცდო პროგრამა შესაბამისი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის და შეიმუშაოს გამოცდის ჩაბარების პროცედურა, რომელიც დამტკიცდება დირექტორის სამართლებრივი აქტით.
მუხლი 5. საგამოცდო საგნები და საგამოცდო ენა
1. გამოცდები ტარდება შემდეგ საგნებში:
ა) სახელმწიფო ენა:
ა.ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
ა.ბ) ქართული, როგორც მეორე ენა იმ პირებისთვის, რომლებიც სწავლობენ არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან რომლებმაც ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლიეს რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე;
ბ) მათემატიკა;
გ) შემდეგი უცხოური ენებიდან ერთ-ერთში:
გ.ა) ინგლისური ენა;
გ.ბ) გერმანული ენა;
გ.გ) რუსული ენა;
გ.დ) ფრანგული ენა;
დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები:
დ.ა) ისტორია;
დ.ბ) გეოგრაფია;
ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
ე.ა) ფიზიკა;
ე.ბ) ქიმია;
ე.გ) ბიოლოგია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოური ენებიდან გამოცდაზე გასვლის მსურველი პირი (შემდგომში – პირი) ირჩევს იმ უცხოურ ენას, რომლის საფუძველზეც მას სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური/ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე ჩაეთვალა/ჩაეთვლება დაძლეულად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებში გამოცდები ტარდება ქართულ ენაზე, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
4. პირი, რომელიც სწავლობს არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან რომელმაც ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლია რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, ,,დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნები ჩააბაროს ქართულ, რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, რის თაობაზეც მან უნდა მიუთითონ რეგისტრაციის დროს.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირი საგამოცდო ენად აირჩევს ქართულ ენას, ის ვალდებულია გამოცდაზე სახელმწიფო ენად ჩააბაროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქართული ენა და ლიტერატურა.
თავი III
გამოცდის დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესი
მუხლი 6. გამოცდის დაგეგმვასა და ორგანიზებაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები
1. გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით სამინისტრო:
ა) შესაბამისი წლის 10 მარტამდე ცენტრს ელექტრონული ფორმით გადასცემს იმ პირთა თაობაზე ინფორმაციას, რომლებიც სწავლობენ დამამთავრებელ კლასში და დარეგისტრირებულნი არიან ექსტერნად, აგრეთვე ინფორმაციას იმ პირების თაობაზე, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარეს გამოცდები. ინფორმაცია მოიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა.ა) პირის სახელს, გვარს, პირად ნომერს;
ა.ბ) კონკრეტული პირის მიხედვით იმ უცხოური ენების ჩამონათვალს, რომლის საფუძველზეც პირი მოიპოვებს ან პირს მოპოვებული აქვს გამოცდებში მონაწილეობის მიღების უფლება;
ბ) გადასცემს ცენტრს ინფორმაციას იმ მოსწავლეების შესახებ, რომელთაც აღენიშნებათ ფიზიკური შეზღუდვა და ესაჭიროებათ გარემოს ადაპტაცია.
გ) შესაბამისი წლის 10 მაისამდე ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, ცენტრს ელექტრონული და წერილობითი ფორმით გადასცემს იმ პირთა თაობაზე ინფორმაციას, რომლებსაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური/ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის გამოცდა ჩაეთვლება დაძლეულად;
დ) შესაბამისი წლის 10 აპრილამდე უზრუნველყოფს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევას, რომელშიც ჩატარდება გამოცდები. აგრეთვე დარეგისტრირებული პირების მონაცემებზე დაყრდნობით, ცენტრის წინადადებების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს შერჩეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირების გადანაწილებას;
ე) გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგს;
ვ) უზრუნველყოფს ცენტრის მიერ წარდგენილი საგამოცდო პროგრამის დამტკიცებას;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო:
ა) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფას;
ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით ცენტრი:
ა) უზრუნველყოფს გამოცდებში მონაწილე პირთა ბაზების ფორმირებას;
ბ) უზრუნველყოფს გამოცდებისთვის თითოეული საგნის შესაბამისად სხვადასხვა სირთულის დავალებებს შემუშავებას;
გ) ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე უზრუნველყოფს საგამოცდო პროგრამის შემუშავებასა და სამინისტროში წარდგენას;
დ) უზრუნველყოფს საცდელი გამოცდების ჩატარებას, რომლის საფუძველზეც დგინდება დავალებების საბოლოო ფორმატი და დავალებებზე სამუშაო დრო;
ე) უზრუნველყოფს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციისთვის სპეციალური პროგრამის შემუშავებას;
ვ) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შემოწმებასა და მონიტორინგს;
ზ) უზრუნველყოფს გამოცდების ჩატარებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;
თ) უზრუნველყოფს შესაბამისი გარემოს შექმნას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებითვის, რომელთაც აღენიშნებათ გარკვეული ფიზიკური შეზღუდვა (სარგებლობს ეტლით, დარღვეული მოტორიკის გამო უჭირს ხელების გამოყენება და სხვა). საჭირობის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს მათთვის საგამოცდო დროის დამატებას ან/და შესაბამისი დახმარების გაწევას (მათ შორის, ასისტენტის დახმარებას).
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით რესურსცენტრი:
ა) ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში უზრუნველყოფს ექტერნების და იმ პირების, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარეს გამოცდები, გამოცდებზე რეგისტრაციას;
ბ) ხელს უწყობს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და ცენტრს გამოცდების ჩატარებაში;
გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება:
ა) ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში უზრუნველყოფს მოსწავლეების ინფორმირებასა და გამოცდებზე რეგისტრაციას;
ბ) გადასცემს სამინისტროს ინფორმაციას იმ მოსწავლეების შესახებ, რომელთაც აღენიშნებათ ფიზიკური შეზღუდვა და ესაჭიროებათ გარემოს ადაპტაცია.
გ) ვალდებულია სამინისტროს მიმართვის შემთხვევაში გამოყოს შესაბამისი შენობა ან მისი ნაწილი;
დ) ვალდებულია გამოცდების დაგეგმვისა და მიმდინარეობის დროს შეასრულოს ცენტრის თანამშრომლების მითითებები;
ე) გამოცდების პერიოდში ვალდებულია დაიცვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წესრიგი და არ დაუშვას გამოცდებისთვის გამოყოფილ შენობაში/მის ნაწილში სხვა პირების დაშვება, გარდა ცენტრის მიერ მივლენილი პირებისა;
ვ) ვალდებულია დაიცვას და არ დააზიანოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული ცენტრის ქონება;
ზ) მატერიალურად არის პასუხისმგებელი სამინისტროს და ცენტრის იმ მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობებზე, რომელიც ინახება და გამოიყენება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცდების პროცესში;
თ) ვალდებულია ხელი შეუწყოს ცენტრის მიერ საცდელი გამოცდების ჩატარებას, მათ შორის, ცენტრის მიმართვის შემთხვევაში ცენტრს გამოუყოს შენობის ნაწილი;
ი) ვალდებულია შეასრულოს სამინისტროს/ცენტრის/რესურსცენტრის კონკრეტული მითითებები გამოცდების დაგეგმვისა და მიმდინარეობის პერიოდში;
კ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს გამოცდების ჩატარებას;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7. რეგისტრაცია
1. ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდებზე:
ა) მოსწავლე რეგისტრირდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) ექსტერნი რეგისტრირდება იმ რესუსრცენტრში, რომელშიც დარეგისტრირდა ექსტერნად;
გ) პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარა გამოცდები, რეგისტრირდება ნებისმიერ რესურსცენტრში.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და რესურსცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.
3. სპეციალურ პროგრამაში ცენტრის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების საფუძველზე, შეტანილია პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი.
4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას/რესურსცენტრს, პირის მიმართვის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს მონაცემთა ბაზებში შეაქვს შემდეგი მონაცემები:
ა) პირის ტელეფონის ნომერი;
ბ) უცხოური ენა, რომლის ჩაბარების შესაძლებლობაც და სურვილიც აქვს პირს;
გ) საგამოცდო საგნის ენა.
5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/რესურსცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის:
ა) დასრულებამდე 5 დღით ადრე ამოწმებს სპეციალურ პროგრამაში პირის თაობაზე არსებული ინფორმაციის სისწორეს;
ბ) დასრულებისთანავე ამობეჭდავს მონაცემებს, რომელსაც დაამოწმებინებს პირს და რეგისტრაციის დასრულებიდან 3 დღის ვადაში აგზავნის ცენტრში.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სპეციალურ პროგრამაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/რესურსცენტრის მიერ ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.
7. თუ პირი არ დაამოწმებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ამონაბეჭდში მის თაობაზე არსებულ მონაცემებს იმ მიზეზით, რომ:
ა) მას სურს უცხოური ენის ან/და საგამოცდო ენის შეცვლა – პირს რეგისტრაცია გაუუქმდება;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას/რესურცენტრს შეცდომით აქვს მითითებული უცხოური ენა ან/და საგამოცდო ენა – ცენტრი უზრუნველყოფს პირისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/რესურცენტრის მომართვის შემთხვევაში სპეციალურ პროგრამაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას.
მუხლი 8. მონაცემთა ბაზა და მოსაწვევები
1. გამოცდების ჩატარების მიზნით, ცენტრი სამინისტროდან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და რესურცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების შექმნას, რომლის საფუძველზე ხდება გამოცდების დაგეგმვა.
2. პირის თაობაზე საბოლოო მონაცემების შეგროვების შემდეგ, თითოეულ პირზე, რომელმაც ამ წესით დადგენილი პროცედურებით გაიარა რეგისტრაცია, გაიცემა მოსაწვევი, რომელშიც პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც გამოცდებს აბარებს პირი, გამოცდების ჩატარების თარიღები და გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.
იმუხლი 9. გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი
1. გამოცდები ტარდება ცენტრის წარდგინებით, სამინისტროს მიერ დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.
2. ფორს-მაჟორის, გამოცდის დროს ისეთი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო ცენტრის ბრალეულობით ან სხვა გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ახალი ვადა და ადგილი.
თავი IV
გამოცდის პროცესი
მუხლი 10. გამოცდის მიმდინარეობა
1. პირმა მოსაწვევში მითითებულ დაწესებულებაში გამოცდაზე გასვლის მიზნით უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისას პირი ვალდებულია წარადგინოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი და ცენტრის მიერ გაცემული მოსაწვევი.
3. გამოცდა მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურით.
4. გამოცდისთვის გამოყოფილ დროს საგნის შესაბამისად, აგრეთვე სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ადგენს ცენტრი.
მუხლი 11. მონაწილის მოვალეობები
1. გამოცდების ჩაბარების მიზნით, პირი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს შესაბამის დაწესებულებაში რეგისტრაციაზე და თან იქონიოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
2. გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ პირი გამოცდაზე არ დაიშვება.
3. ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული პირი გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ან/და შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ.
4. გამოცდაზე გამოუცხადებლობა პირს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა, გამოცდაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
5. გამოცდის დროს მოსწავლეს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;
დ) საჭიროების შემთხვევაში სხვა ნივთები, ცენტრის წინასწარი თანხმობით.
6. გამოცდის დროს პირს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება, გარდა ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;
გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა პირისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ე) მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე.
7. ცენტრი უზრუნველყოფს გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.
მუხლი 12. გამოცდის დროს წესის დარღვევა
1. გამოცდის დროს პირი მიიღებს გაფრთხილებას ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში პირი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. გაფრთხილების გარეშე პირის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
4. გაფრთხილების გარეშე პირის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
მუხლი 13. საგამოცდო პროცესზე დასწრება
1. გამოცდის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ ცენტრის თანამშრომელთა და იმ პირთა ყოფნა, რომლებსაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს გამოცდის მიმდინარეობას, მათ ეკრძალება გამოცდის შინაარსთან დაკავშირებით გამოცდაში მონაწილე პირთა დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
თავი V
გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვა
მუხლი 14. საპრეტენზიო კომისია
1. გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება ცენტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ.
2. საპრეტენზიო კომისია იხილავს გამოცდის მხოლოდ პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.
მუხლი 15. საპრეტენზიო კომისიის რეგლამენტი
1. საპრეტენზიო კომისია სხდომას იწვევს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო კომისიის სხდომებს უძღვება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. საპრეტენზიო კომისია პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში.
4. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საპრეტენზიო კომისიის გადაწვეტილებები მიიღება კომისიის დამსწრეთა უმრავლესობით.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომის საფუძველზე მიიღება საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
6. საპრეტენზიო კომისიის მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს, საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საპრეტენზიო კომისიის ერთ-ერთი წევრი.
მუხლი 16. გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება
1. გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე პირი უფლებამოსილია გამოცდის დღეს 21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო კომისიას.
2. პრეტენზიის წარდგენისას პირმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ცენტრის მიერ გაცემული მოსაწვევი.
3. გამოცდების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი პირის უფლებების დარღვევას სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა პირის მიმართ გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას სხვა პირების მიერ (პირისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
4. ცენტრი გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს პირს.
5. საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები;
ა) პირის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე;
ბ) პირის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე/ახალი გამოცდის ჩატარების თაობაზე.
თავი VI
საბოლოო შედეგები
მუხლის 17. საბოლოო შედეგები
1. გამოცდების ჩატარებიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 20 ივნისისა:
ა) ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ერთიანი სია გამოცდების შედეგების შესახებ და იგზავნება სამინისტროში:
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, რომელიც სპეციალიზირდება განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის) და სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით, დირექტორის სამართლებრივი აქტით მტკიცდება გამოცდაში მონაწილე მოსწავლეების/ექსტერნების სია გამოცდების შედეგების შესახებ და იგზავნება სამინისტროში.
2. გამოცდების წარმატებით ჩაბარება გულისხმობს მინისტრის მიერ დადგენილი სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასების მიღებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა გამოცდების ჩატარების შემდგომ.
4. პირს უფლება აქვს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ცალკეულ საგანში ამ მუხლის შესაბამისად მიღებული დადებითი შეფასება გამოიყენოს უვადოდ.
თავი VII
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 18. გარდამავალი დებულებები
1. ამ წესის ძალაში შესვლამდე სამინისტროს, ცენტრის, რესურსცენტრისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2011 წლის გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად განხორციელებულად.
2. სამინისტროს და ცენტრს უფლება აქვს 2011 წლის გამოცდებისთვის დაადგინოს ამ წესიდან განსხვავებული ვადები.
3. ის ექსტერნები, რომლებიც ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №15/ნ ბრძანების საფუძველზე სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის და ამ კლასში შემავალი ცალკეული საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებზე დარეგისტრირდნენ ექსტერნად და ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, 2011 წლის გამოცდაზე გადიან მხოლოდ ამ წესით გათვალისწინებულ იმ საგნებში, რომლებშიც ვერ დააგროვეს სათანადო ქულები.
სკოლის დირექტორებისა და რესურცენტრებისთვის საჭირო ინფორმაცია
სკოლის დირექტორებმა 2011 წლის 5 მაისამდე უნდა ამობეჭდონ ქვემოთ მოცემული ცხრილი რაიონის მიხედვით (მაგ.: თუ თქვენი სკოლა მდებარეობს ვაკე-საბურთალოს რაიონში, მაშინ უნდა ამობეჭდოთ მხოლოდ ვაკე–საბურთალოს რაიონი, ხოლო თუ სკოლა მდებარეობს ხულოში, მაშინ უნდა ამობეჭდოთ მხოლოდ ხულოს რაიონი), რომელშიც მითითებული იქნება სკოლა და გამოსაშვები გამოცდებისთვის კონკრეტულ სკოლაში საჭირო კომპიუტერების რაოდენობა. ცხრილის ამობეჭდვის შემდგომ დირექტორმა თავისი სკოლის ნომრის გასწვრივ უნდა მიუთითოს, რომ აღნიშნულ სკოლაში ნამდვილად არის ან არ არის ცხრილში მოცემული კომპიუტერების რაოდენობის შესაბამისი კომპიუტერული ქსელის გამანაწილებელი. სკოლის დირექტორი ვალდებულია, ეს ცხრილი გადაუგზავნოს მისი რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც მოცემულ დოკუმენტაციას 2011 წლის 7 მაისამდე მიაწვდის გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
Sunday, May 1, 2011
შანშე ქენქაძე
Friday, April 29, 2011
სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 96 მოსწავლე ფულადი პრემიებითა და სიგელებით დაასაჩუქრეს. ფულადი ჯილდოები გადაეცათ წარმატებული მოსწავლეების სკოლებსაც.
2010-2011 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს შემდეგი ფულადი პრემიები გადაეცათ: პირველ ადგილზე გასულ 33 მოსწავლეს - თითოეულს 1000 ლარი; მეორე ადგილზე გასულ 32 მოსწავლეს - თითოეულს 700 ლარი; მესამე ადგილზე გასულ 31 მოსწავლეს - თითოეულს 500 ლარი. სკოლების რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზე გასულ 8 სკოლას თითოეულს 5000 ლარი გადაეცა; მეორე ადგილზე გასულ 8 სკოლას-თითოეულს 4000 ლარი; მესამე ადგილზე გასულ 8 სკოლას -თითოეულს 3000 ლარი.
2011 წელს, პირველად, ოლიმპიადის შესარჩევი, პირველი ტური უშუალოდ სკოლებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ ჩატარდა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე და მესამე ტური სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა, მეორე ტური 65 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 91 სკოლაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 85 ათასამდე მოსწავლე იღებდა. ოლიმპიადის მესამე ტურში კი, თითოეულ საგანსა და ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილი 1600-მდე საუკეთესო მოსწავლე მონაწილეობდა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი ხდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება.
ყოველწლიურად იზრდება ოლიმპიადებში მონაწილე მოსწავლეთა რიცხვი და მათი მომზადების დონე, რაც ზრდის კონკურენციას. გამარჯვებული მოსწავლეებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები ტრადიციულად, საერთაშორისო ოლიმპიადებიდანაც გამარჯვებული ბრუნდება.
"საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება"-ახალი საგანი სკოლებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი საგნის "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება" შემოღება იგეგმება.
საგანს "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება" დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები შეისწავლიან. ახალი საგნის შემოღება მიზნად ისახავს გზებზე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფას, სწორედ ამას შეუწყობს ხელს სკოლის ასაკში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
ავტომობილის მართვის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს მოსწავლეები სკოლაშივე გაივლიან. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოწავლეები 17 წლის ასაკში, მშობლის თანხმობის შემთხვევაში, მართვის დროებით მოწმობებს უსასყიდლოდ მიიღებენ. მათ საშუალება ექნებათ ქალაქში ავტომობილით იმოძრაონ, ეკრძალებათ მხოლოდ მგზავრების გადაყვანა. 18 წლის ასაკში კი, დროებითი მოწმობის ნაცვლად, ახალგაზრდა საერთაშორისო სტანდარტის მართვის მოწმობას ასევე უსასყიდლოდ აიღებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი სახელმძღვანელოების შექმნას, პოლიციის აკადემიის მხარდაჭერითკი, მოხდება ახალი საგნის მასწავლებელთა გადამზადება.
Wednesday, April 27, 2011
ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის შესარჩევი I და II ტურის აპელაციის შედეგები
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 16-17 აპრილს გამართული ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადების შესარჩევი I და II ტურების შეფასების შედეგად, 2011 წლის 20 აპრილს, ფონდში შემოვიდა სააპელაციო განაცხადები.
საგნობრივმა სააპელაციო კომისიამ განიხილა თითოეული მათგანი. აპელაციის შედეგები საგნების მიხედვით იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულ ფაილებში.
Tuesday, April 19, 2011
ანონსი
Monday, April 18, 2011
დროის ლიმიტი კომპიუტერული ადაპტური ტესტირებისას
მოსწავლეს დავალებებზე პასუხის გაცემისას დროის რეზერვის კონტროლი რომ გაუმარტივდეს, მონიტორზე ჩანს დროის ლიმიტის აღმნიშვნელი ზოლი, რომლის ნახევარი შეფერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეზერვის სახით მას აქვს 10 წუთი.
თუ მოსწავლე დავალებას 2 წუთზე უფრო ადრე პასუხობს, დარჩენილი დრო მის რეზერევს ემატება და ზოლის მუქი ნაწილი იზრდება.
თუ მოსწავლე თითოეულ დავალებას 2 წუთზე მეტს ანდომებს, ეს ლიმიტი თანდათან იწურება, შესაბამისად, ზოლის შეფერილი ნაწილი მცირდება.
დროის რეზერვის ამოწურვის შემდეგ თითოეულ დავალებაზე პასუხის გასაცემად პროგრამა მოსწავლეს მხოლოდ 2 წუთს აძლევს. 2 წუთის გასვლისთანავე დავალება ქრება და ჩნდება შემდეგი დავალება.
Thursday, April 7, 2011
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გამარჯვებულთა სია
ქართული ენა და ლიტერატურა
ქაართული ენა და ლიტერატურა (არაქართულენოვანი)
მათემატიკა
ინგლისური
გერმანული
ფრანგული
რუსული
ისტორია
გეოგრაფია
ქიმია
ფიზიკა
ბიოლოგია
ინფორმატიკა
Tuesday, April 5, 2011
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გამარჯვებულთა სია
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მათემატიკის გამარჯვებულთა სია
ქიმია
ფიზიკა
ბიოლოგია
ყველა მეთორმეტეკლასელი პრეტესტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში პრეტესტის მიმდინარეობას გაეცნენ.
2-დან 9 აპრილის ჩათვლით, ყოველდღე, 14:00 საათიდან 19:00 საათამდე ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი, ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერიდან მონაწილეობა მიიღოს პრეტესტში, რომლის მიზანია გამოსაშვები გამოცდების კომპიუტერული სისტემის გამოცდა. პრეტესტი საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაეცნონ თავად სისტემას და ტესტური დავალებების ნიმუშებს, რომელთა მსგავსს გამოცდაზე მიიღებენ.
საგამოცდო პროცესისგან განსხვავებით, საცდელი რეჟიმისას ე.წ. ,,გაჩერების წესი“ მოხსნილი იქნება, რათა მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცეთ, ყველა ტიპის დავალებებს გაეცნონ და უპასუხონ.
მონაწილე ეკრანზე დაინახავს, სწორად უპასუხა თუ არა დავალებას, თუმცა, ის არ შეფასდება, ასევე, პასუხის არასწორად გაცემისას ეკრანზე არ გამოჩნდება სწორი პასუხი.
ყველა საგამოცდო საგანში საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა მოსაწავლეებს 9 აპრილის 19:00 საათამდე ექნებათ.
სისტემა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) განთავსდება და გარდა მეთორმეტეკლასელებისა ნიმუშების გაცნობა ყველა დაიტერესებულ პირს შეეძლება.

ინგლისურისა და კომპიუტერისათვის რეგისტრირებული პედაგოგების საყურადღებოდ
ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდისათვის რეგისტრირებული სერტიფიცირებული პედაგოგები საგამოცდო ბარათებს საგანმანათლებლო რესურსცენტრებში 6 აპრილიდან მიიღებენ.
გამოცდა 10 აპრილს ჩატარდება. საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო და სხვა საჭირო ინფორმაცია მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე.
Tuesday, March 29, 2011
94–ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა კურთხევა

ასევე უწმინდესმა 12 მოციქულის სახელზე აკურთხა ნერგები. 28 მარტს 94– ე საჯარო სკოლაში x–ა კლასის მოსწავლებმა დიდი ხალისით და მონდომებით დარგეს ნაკურთხი ხეები. ამ საქმიანობაში აქტიურად ჩაება ჩვენი სკოლის მანდატურიც, მან გვასწავლა ნერგების დარგვის წესი და მოუწონა ბიჭებს საქმიანობა.
ნარგევების მოვლას, იმედია, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ.
Monday, March 28, 2011
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგები
ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია) ის ოლიმპიადის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ადგილზე.
აგრეთვე ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია ოლიმპიადის ის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომლების ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში პირველ ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.
ოლიმპიადის მე-2-მე-10 ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია) ის ოლიმპიადის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის მე-2-მე-10 ადგილზე.
აგრეთვე ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომლების ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის რეიტინგული სიის პირველ ათეულში თანაბარქულიანთა არსებობობის შემთხვევაში, რეიტინგული სიის შედგენისას მხედველობაში მიიღება მეორე ტურის შედეგებიც. მეორე ტურის შედეგების გათვალისწინების შემდეგ თუ კვლავ აღმოჩნდნენ თანაბარქულიანი მონაწილეები, რეიტინგული სია თანაბარი ქულების მქონე მონაწილეების პირველი ტურის შედეგების გათვალისწინებით შედგება.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი შედეგები შესაძლებელია აპელაციის შემდეგ შეიცვალოს.
შედეგები
ქართული ენა და ლიტერატურა (არაქართულენოვანი)
ბიოლოგია
მათემატიკა
ისტორია
ტესტები და სწორი პასუხები
გეოგრაფია
ტესტები და სწორი პასუხები