Monday, October 3, 2011

სტრატეგია

განათლების სექტორში თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენებისა და განვითარების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეიქმნა ერთიანი ელექტრონული სტრატეგია (e-Strategy).

ელექტრონული სტრატეგიის ერთერთი მთავარი მიზანია ახალი ელექტრონული მართვის სისტემებისა და ბაზების შექმნა. აღნიშნულ სისტემებთან წვდომა ექნება განათლების სისტემაში შემავალ ყველა სუბიექტს, შესაბამისი უფლებების გათვალისწინებით, რაც საშუალებას მისცემს სამინისტროს ჰქონდეს გაცილებით ზუსტი და ოპერატიული ინფორმაცია. ასევე დაგეგმილია მონაცემთა ბაზების ინტეგრაცია და ინფორმაციის გაცვლა სხვა უწყებების ელექტრონულ სისტემებთან.

პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელია ერთიანი მონაცემთა შენახვისა და დამუშავების ცენტრი, რომლის შექმნაც დაიწყო 2011 წლის მარტში. ცენტრი აგებულია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და დაგეგმილია მისი მოდერნიზება და სიმძლავრეების ზრდა განათლების სისტემის მოთხოვნების გათვალისწინებით.


დაგეგმილია შემდეგი ელექტრონული სისტემების შექმნა:


ePeople (ადამიანური რესურსების მართვის სისტემა)

ადამიანური რესურსების მართვის სისტემა მოიცავს განათლების სისტემაში არსებული თანამშრომლების სრულყოფილ მონაცემთა ბაზას. სისტემაში მოთავსდება ინფორმაცია სამინისტროს, სსიპ-ების, სკოლების, რესურსცენტრების თანამშრომლების შესახებ და ასევე იქნება სრულყოფილი ინფორმაცია სამეურვეო საბჭოებისა და მასწავლებლების შესახებ.


eSchools (სკოლების საინფორმაციო სისტემა)

სისტემაში მოთავსებული იქნება მოსწავლეთა შესახებ დეტალური ინფორმაცია (დასწრება, ნიშნები, მიღწევები და ა.შ.), ისტორია (მოსწავლეთა მობილობა, ექსტერნატი და ა.შ.), ელექტრონული ჟურნალი და გაკვეთილების ცხრილი. სისტემა საშუალებას მისცემს სკოლებს სწავლის ადმინისტრირების პროცესი მთლიანად ელექტრონულად აწარმოონ. თითოეულ სკოლას ექნება ისეთი მომსახურების შექმნის საშუალება, რომელიც მშობლებს ყოველდღიურ ინფორმაციას მიაწოდებს მათი შვილების დასწრებისა და აკადემიური მოსწრების შესახებ.


eStudents (მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემა)

საინფორმაციო სისტემის მეშვეობით სკოლას აქვს საშუალება online რეჟიმში გადაამოწმოს საკუთარი მოსწავლეების მონაცემები, განახორციელოს მობილობის პროცესი, აირჩიოს სახელმძღვანელოები და ასევე გააკეთოს სოციალურად დაუცველი მოსწავლეების იდენტიფიცირება. მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემა საშუალებას მისცემს სამინისტროს ზუსტად განსაზღვროს სკოლისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ზომა და სხვა პროცედურები. მოსწავლეთა სიები ავტომატურად გადაეცემა გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რაც გამოცდებისათვის და ეროვნული ოლიმპიადებისათვის მოსწავლეთა ხელახალი რეგისტრაციის საჭიროებას გამორიცხავს.

eROfficers (მანდატურების საინფორმაციო სისტემა)

მანდატურების საინფორმაციო სისტემა საშუალებას მისცემს მანდატურის სამსახურს საქმის წარმოება განახორციელოს ელექტრონულად, ინფორმაცია მიიღოს ოპერატიულად და უფრო ეფექტური გახადოს მართვა.


eAssets (სკოლების ინფრასტრუქტურის მართვის სისტემა)

ინფრასტრუქტურის აღრიცხვის ერთიანი სისტემაში თავმოყრილი იქნება ინფორმაცია როგორც სკოლის ფიზიკური ინფრასტრუქტურის (შენობები, ეზო და ა.შ.), ასევე მის მფლობელობაში არსებული ინვენტარის შესახებ.


eFinance (სკოლების ფინანსური მართვის სისტემა)

2011 წლის ივლისიდან ტესტურ რეჟიმში დაინერგა ფინანსური აღრიცხვისა და მონიტორინგის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს სამინისტროს უფრო ეფექტურად გააკონტროლოს საჯარო სკოლების ფინანსური დანახარჯები. დაგეგმილია სისტემის სრულყოფა, ხოლო 2012 წელს სრულად ამუშავდება.


eGIS (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა)

2011 წლის გაზაფხულიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მუშავდება გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის კონცეფცია, რაც მოიცავს ელექტრონული რუქების დამუშავებასა და სპეციალური ელექტრონული პლატფორმის შექმნას. რაც საშუალებას მისცემს სამინისტროს ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია ერთმანეთთან დააკავშიროს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით. ასევე გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა მოიცავს ერთიანი ანგარიშგებისა და მონაცემების ანალიზის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც საშუალებას მისცემს სამინისტროს გაცილებით უკეთესად დაგეგმოს ნებისმიერი ტიპის ახალი პროექტი და გააკეთოს პროგნოზირება.


eLibrary (ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა)

2011 წელს შეიქმნება ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც განთავსდება სამინისტროსა და სსიპ-ების მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები, წიგნები, სასწავლო მასალები და პერიოდული გამოცემები.


eCatalog (საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი)

2011 წელს დაგეგმილია საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგის შექმნა, რომელშიც საწყის ეტაპზე თავმოყრილი იქნება საჯარო სკოლების შესახებ სრული ინფორმაცია (მისამართი, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, ფოტოები, სწავლების საფეხური/სექტორი, მიღწევები და ა.შ.). ასევე დაგეგმილია მომავალში პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების დამატება. კატალოგი დაეხმარება მოქალაქეებს მიიღოს სრული ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ.



Followers