Thursday, October 6, 2011

პრეზიდენტმა მასწავლებლის სახლი გახსნა

5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახლადაშენებული მასწავლებლის სახლი გახსნა. მასწავლებლის სახლი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და პედაგოგებს სხვადასხვა მიმართულებით მოემსახურება - მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა სასკოლო საგანში, სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისურ ენაში, კომპიუტერსა და მენეჯმენტში. გარდა ამისა, სკოლის პედაგოგები და დირექტორები მასწავლებლის სახლში ფინანსურ და იურიდიულ კონსულტაციებსაც მიიღებენ. აქვე მოეწყობა თანამედროვე საგანმანათლებლო ლიტერატურის განხილვები ავტორების მონაწილეობით, უცხოელი და ქართველი ტრენერები ჩაატარებენ სამოდელო გაკვეთილებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა საგნებში და განხორციელდება ლაივ კონფერენციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ სკოლებთან.

მასწავლებლის სახლში საბავშვო ოთახი იფუნქციონირებს, სადაც პედაგოგებს საჭიროების შემთხვევაში ტრენინგების მსვლელობისას საკუთარი შვილების დატოვება შეეძლებათ. ოთახი კომპანია Microsofti-ის მიერ კინექტის აპარატურითაა აღჭურვილი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად პრეზიდენტმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბოტორია დაათვალიერა, რომელიც გერმანულმა კომპანია PHYWE-მა მასწავლებლის სახლს საჩუქრად გადასცა. ლაბორატორია ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის დანადგარებს აერთიანებს, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებას იძლევა და ის მსოფლიოში ერთადერთია, რომელსაც მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის ექსპერიმენტის ჩატარების სახელმძღვანელოც მოჰყვება, რაც დანადგართან დამოუკიდებლად მუშაობის საშუალებას იძლევა. ლაბორატორია ორიენტირებულია სწავლების მეთოდებზე და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე. PHYWE-ის ლაბორატორიები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება. საქართველოში ის პირველად შემოვიდა.

პრეზიდენტმა და მინისტრმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც მოინახულეს, რომელშიც პედაგოგებისთვის კომპიუტერები და მათთვის საჭირო ყველა სახის წიგნია განთავსებული, მათ შორის სახელმძღვანელოები, რომლებიც მასწავლებლებსა და დირექტორებს პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება. მასწავლებლებს ბიბლიოთეკის რესურსებით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ, მათ შორის არის ელექტრონული ბაზაც, რომელშიც ყველა წიგნია შეტანილი.

მიხეილ სააკაშვილი მასწავლებლის სახლში მიმდინარე ლაივ კონფერენციასაც დაესწრო, რომელშიც ქუთაისის ჟვანიას სახელობის სკოლა და პირველი ექსპერიმენტული სკოლა მონაწილეობდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ რეფორმად განისაზღვრა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული ზრდა, სწორედ ამ მიზნით წარმატებით განხორციელდა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც 2014 წლამდე ნებაყოფლობითია ყველა პედაგოგისთვის.

სერტიფიცირებული მასწავლებელი ხელფასზე დანამატის სახით იღებს 75 ლარს, ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში სერტიფიცირებული პედაგოგი ხელფასზე დანამატის სახით იღებს 200 ლარს. სერტიფიცირებული პედაგოგების საუკეთესო 25% -ის ხელფასი კი წარმოადგენს 1000 ლარს. სერტიფიცირებულ მასწავლებლებს აგრეთვე, აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ მენტორ-მასწავლებლებად და მათ ხელფასზე დანამატი ექნებათ 180 ლარი.

მასწავლებლის სახლის გახსნას 400-ზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი, სამთავრობო დელეგაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Followers