Tuesday, October 4, 2011

წარმატებული მოსწავლეები კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქალაქ თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მეათეკლასელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს. კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს. საქართველოს მასშტაბით წელს კომპიუტერებით სულ 1108 წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება.

პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება და წელს პირველად, მოსწავლეები იმ პორტატული კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ, რომლებიც საქართველოში დამზადდა. ამიერიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველა წარმატებულ მოსწავლეს თუ სტუდენტს სწორედ საქართველოში წარმოებული კომპიუტერებით წაახალისებს.

მოსწავლეთა წახალისების პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის.

2011 წელს პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2010-2011 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს მომავალშიც წაახალისებს.

Followers