Thursday, October 20, 2011

eStrategy - საერთაშორისო დონის სტანდარტები საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011-2012 სასწავლო წელი გამორჩეული სიახლეებით დაიწყო. 2011-2015 წლების ელექტრონული სტრატეგიის ფარგლებში მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემა ამოქმედდება.

ახალ სისტემას e-Strategy ჰქვია და მისი მეშვეობით 2012 წლიდან საქართველოს ისტორიაში პირველად მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სრულიად სკოლების ადმინისტრაციის ელექტრონული ბაზები და ელექტრონული ბიბლიოთეკები შეიქმნება. სულ ახლო მომავალში კი სკოლების მართვა ელექტრონულად განხორციელდება.

ელექტრონული სტრატეგია განათლების სისტემის ელექტრონულ საქმიანობაზე სრულად გადასვლას გულისხმობს და სკოლების მენეჯმენტს, ელექტრონულ ჟურნალებსა და მანდატურების ოქმების ელექტრონულ წარმოებას ითვალისწინებს.

1 ნოემბრიდან საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება ელექტრონული ჟურნალები, რაც მოსწავლეთა ზუსტ აღრიცხვას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ყველა მშობელს ექნება შესაძლობლობა, სკოლების ინტერპორტალის საშუალებით შეამოწმოს მისი შვილის ყოფაქცევა და აკადემიური მოსწრება. ამავე პილოტის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება, მშობლებმა შვილების ნიშნები SMS-ით მიიღონ. მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს მშობლების აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში, ასევე, მათსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის დამყარების უნიკალურ საშუალებასაც იძლევა.

უკვე ამოქმედდა მანდატურების საინფორმაციო სისტემა - eOfficers, რომელიც მანდატურის სამსახურს საშუალებას აძლევს, საქმის წარმოება განახორციელოს ელექტრონულად, ინფორმაცია მიიღოს ოპერატიულად და უფრო ეფექტური გახადოს მართვა.

მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის დანერგვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უერთდება იუსტიციის სამინისტროს ID ბარათების პროექტს, რის შემდეგაც მოსწავლეთა მონაცემების (ატესტატი) მიბმა ID ბარათებზე იქნება შესაძლებელი.

სკოლას შესაძლებლობა ეძლევა online რეჟიმში გადაამოწმოს საკუთარი მოსწავლეების მონაცემები, განახორციელოს მობილობის პროცესი, აირჩიოს სახელმძღვანელოები და ასევე გააკეთოს სოციალურად დაუცველი მოსწავლეების იდენტიფიცირება.

მოსწავლეთა სიები ავტომატურად გადაეცემა გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და ეროვნული ოლიმპიადებისათვის მოსწავლეთა ხელახალი რეგისტრაციის საჭიროებას გამორიცხავს.

მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემა საშუალებას მისცემს სამინისტროს, ზუსტად განსაზღვროს სკოლისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ზომა და სხვა პროცედურები.

მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის დანერგვით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში სრულიად ახალ სისტემაზე გადავა. მასწავლებლებისთვის საათები ელექტრონულ რეჟიმში გადანაწილდება. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე ხარჯების თაობაზე. სამეურვეო საბჭოებსაც სრული შესაძლებლობა ექნებათ სკოლის მენეჯმენტი გააკონტროლონ. ელექტრონულმა სტრატეგიამ სამინისტროს მისცა საშუალება, დაეზოგა 12 მილიონი ლარი და ეს თანხა სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაეხარჯა.

Followers